
ანაკლიის პორტის "ლენდლორდის" მოდელით აშენება სწორი გადაწყვეტილებაა, ეს პოზიტიური სიგნალია დასავლეთისთვისაც - თარიმანაშვილი
ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ე.წ. „ლენდ-ლორდის“ მოდელით აშენება სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორც “ტრანს ლოგისტიკას” დირექტორმა ჯაბა თარიმანაშვილმა BMG-ს საკითხის შეფასებისას განუცხადა, ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ პორტი სწორი კონკურენციის პრინციპებით განვითარდეს.
“ტრანს ლოგისტიკას” დირექტორი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მათ შორის სწორი სიგნალია დასავლელი პარტნიორებისთვის, რომელთა ინტერესშია, რომ ანაკლიის პორტის განვითარება დასავლურ პრინციპებთან თანხვედრაში მოხდეს.
„ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სწორი, სტრატეგიულად მომწიფებული და ერთადერთი რეალური გზა. ასევე არის უაღრესად პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნულ-ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ასევე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. “ლენდლორდის” მოდელი არის მსოფლიო ბანკის პორტების რეფორმის სახელმძღვანელოში და არის გლობალურად ყველაზე აპრობირებული, წარმატებული მოდელი, რომლითაც მუშაობენ როტერდამის, ანტვერპენის, სინგაპურის და ა.შ. უმსხვილესი პორტები. მოდელი თავის თავში მოიაზრებს, რომ სახელმწიფო ფლობს მიწას, აკვატორიას, ტალღმტეხს და ძირითად მისადგომებს, ამ შემთხვევაში საღუზო წერტილები იგულისხმება. ხოლო ტერმინალები და ნავმისადგომები იჯარით გადაეცემა სხვადასხვა კერძო ოპერატორებს, რაც თავის მხრივ ქმნის გარკვეულ კონკურენციას, რომ არ იყოს ერთი ოპერატორი, არ დააწესოს არაკონკურენტული ფასები და შესაბამისად, [შუა] დერეფნის კონკურენტუნარიანობას არ შეექმნას საფრთხე.“
ასევე ეს მოდელი არის პოზიტიური გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, შეიძლება ითქვას საუკეთესო წინაპირობაა დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის. რადგან ჩვენ ვხვდებით, რომ დასავლეთი ყურადღებით აკვირდება ამ პროექტს და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოდელი თანხვედრაში იყოს დასავლურ ღირებულებებთან. როდესაც სახელმწიფო ხდება პორტის მესაკუთრე, ეს არის ფაქტობრივად სუვერენული გარანტია, რომ ისეთი კომპანია არ იქნება მართვაში, რომელიც შეიძლება დასავლეთთან არ იყოს პრინციპებთან თანხვედრაში, ან იყოს სანქცირებული, ან სხვა მიზეზები ჰქონდეს იმისა, რომ დასავლური ინვესტიციების მოზიდვაში შეგვიშალოს ხელი.