მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პროექტი ათწლიანი ტყუილების ქრონიკად აქციეს - „ძლიერი საქართველო - ლელო"
ანაკლიის პროექტი ათწლიანი ტყუილების ქრონიკად აქციეს - „ძლიერი საქართველო - ლელო"

ანაკლიის პროექტი ათწლიანი ტყუილების ქრონიკად აქციეს - „ძლიერი საქართველო - ლელო"

BM.GE6 ივლისი, 2026, 14:20|bm.ge

კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და მმართველი გუნდი სტრატეგიული ხედვის არქონასა და პროექტის მიზანმიმართულ ჩაშლაში დაადანაშაულა.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიული შანსი „ათწლიანი ტყუილების ქრონიკად“ აქცია და წლების განმავლობაში ოთხი სხვადასხვა ეკონომიკური მოდელის წარმოდგენის მიუხედავად, რეალური შედეგი არ დადებულა. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა დეტალურად მიმოიხილა პორტის გარშემო ხელისუფლების დაპირებების ქრონოლოგია და აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავლის ნაწილი უნდა იყოს, რაც ამჟამინდელი მთავრობის პირობებში შეუძლებელია.

საქმე ის არის, რომ დღეს, 6 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

მოდელი, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან პარტნიორობით.

„ანაკლია არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიული შანსი ათწლიანი ტყუილების ქრონიკად აქციოს. „ქართულ ოცნებას“ ანაკლიაზე საუბრის მორალური უფლება აღარ აქვს. ათ წელზე მეტია ერთი და იგივე სპექტაკლს ვუყურებთ – იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, იცვლებიან ეკონომიკის მინისტრები, იცვლება პროექტის სახელები, მოდელები, დაპირებები... ერთადერთი, რაც არ იცვლება, არის შედეგი - ანაკლიის პორტი ისევ არ არსებობს! 2016 წელს ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო BOT-ის მოდელი. სწორედ ამ მოდელით გაფორმდა ხელშეკრულება და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ საქართველო მიიღებდა საუკუნის პროექტს. 2020-ში პირველი გემი შემოვიდოდა და ინვესტორების ფულით აშენებული პორტი ქვეყანას დარჩებოდა - რაც საუკეთესო მოდელი იყო. შემდეგ იგივე ხელისუფლებამ ეს პროექტი საკუთარი ხელით ჩაშალა. 2022 წელს უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი და ახალი ეკონომიკური გუნდი გვეუბნებოდა, რომ თურმე გამოსავალი სახელმწიფოს 51%-იანი მონაწილეობა და ახალი პარტნიორის მოძიება იყო. 2023 წელს იგივე ხელისუფლებამ უკვე PPP მოდელი წარმოგვიდგინა, დაიწყო ახალი საერთაშორისო პარტნიორის ძებნა და გვიმტკიცებდა, რომ სწორედ ეს იყო საუკეთესო გზა.

დღეს კი ეკონომიკის მინისტრი გვეუბნება, რომ თურმე გამოსავალი, კიდევ ერთი - Landlord-ის მოდელია. ერთი ხელისუფლება. სამი განსხვავებული მოდელი და ერთი შედეგი - გაჩერებული ანაკლია. თუ ყოველი ახალი მოდელი საუკეთესო იყო, მაშინ ერთი მარტივი კითხვა ჩნდება: რატომ არ აშენდა ანაკლია? დღეს მინისტრმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. თქვა, რომ ანაკლიის პორტი ერთდროულად ბევრ სახელმწიფოსთან და ბევრ კომპანიასთან პარტნიორობით განვითარდება, თუმცა დღესაც მხოლოდ აბსტრაქტული განცხადება - კონკრეტიკის გარეშე!

ეს დაპირება ხელისუფლების მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს სრულად ეწინააღმდეგება! ათი წლის განმავლობაში ერთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორის შენარჩუნებაც ვერ შეძლეს და ახლა საზოგადოებას ჰპირდებიან, რომ თურმე ერთდროულად ბევრ სახელმწიფოსა და ბევრ კომპანიას მოიყვანენ. სად არიან ეს კომპანიები?!

სად არიან ეს პარტნიორები?! სინამდვილეში, დასავლელი ინვესტორები და პარტნიორები თავად დააფრთხეს, დაანგრიეს საერთაშორისო ნდობა, წლების განმავლობაში პროექტი გააჩერეს, ბოლოს კი იმედი ჩინურ სახელმწიფო კომპანიებზე დაამყარეს, თუმცა ვერც ამ მიმართულებით შეძლეს ქვეყნისთვის დამაჯერებელი და დასრულებული შედეგის მიღწევა. ეს არის „ქართული ოცნების“ მართვის სტილი— ყოველი ჩავარდნის შემდეგ ახალი პრეზენტაცია, ყოველი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ ახალი მოდელი და ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ახალი ახსნა. პრობლემა არასოდეს ყოფილა BOT, PPP თუ Landlord. მსოფლიოში ყველა ამ მოდელით წარმატებული პორტები მუშაობს. პრობლემა არის ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული ხედვა, არ აქვს საერთაშორისო ნდობა და არ შეუძლია ეროვნული მნიშვნელობის პროექტების ბოლომდე მიყვანა. ჩვენთვის ანაკლია არასოდეს ყოფილა მხოლოდ პორტი. ანაკლია არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ანაკლია არის საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ანაკლია არის საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავლის პროექტი. სწორედ ამიტომ, „ძლიერი საქართველო – ლელო“ თავიდანვე ვამბობდით, რომ ანაკლია უნდა აშენდეს სრული გამჭვირვალობით, დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ძლიერი კერძო ინვესტორების მონაწილეობით. ანაკლია უნდა გახდეს შავი ზღვის მთავარი ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროპასთან, გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ათი ათასობით სამუშაო ადგილს", - განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, პროექტი უნდა განხორციელდეს სრული გამჭვირვალობით, დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ძლიერი კერძო ინვესტორების მონაწილეობით. კუპრაძის შეფასებით, ანაკლია უნდა გახდეს შავი ზღვის მთავარი ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს.

"ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით და ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის გზა ძლიერი საქართველოსკენ, მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების რეალური ხედვა!

ანაკლია უნდა გახდეს სამი ქვეყნის პარტნიორობის, საერთო კავკასიური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ადგილი. ისტორია არაერთხელ ადასტურებს, რომ მდგრადი მშვიდობა ყველაზე მყარად იქ ყალიბდება, სადაც ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები და საერთო ეკონომიკური წარმატება. როდესაც მეზობლები ერთად ქმნიან სიმდიდრეს, მათ შორის მშვიდობის ფასი იზრდება, ხოლო დაპირისპირების ფასი - მნიშვნელოვნად მძიმდება. ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით და ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის გზა ძლიერი საქართველოსკენ, მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების რეალური ხედვა!

ამიტომ, დადგა დრო, შეიცვალოს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტი დაუსრულებელი დაპირებების, დაკარგული დროისა და გაცდენილი შესაძლებლობების სიმბოლოდ აქცია!“

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. მისი თქმით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პორტის 100%-იან მესაკუთრედ დარჩება, თავად დააფინანსებსა და ააშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ნავმისადგომებსა და ტერმინალებს სხვადასხვა კერძო ოპერატორზე იჯარით გასცემს. შესაბამისად, პროექტში აღარ იქნება ჩართული კერძო სტრატეგიული ინვესტორი და არც ჩინური CCCC, რომელიც 2024 წელს საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ იყო შერჩეული. მინისტრის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.1 მილიარდი დოლარია, ხოლო ახალი მოდელის პირობებში სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება მოუწევს. დაფინანსება განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით. ამასთან, კერძო კომპანიები საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებში განახორციელებენ ინვესტიციებს და პორტში მოიჯარე-ოპერატორების სტატუსით იფუნქციონირებენ.

ანაკლიის პორტის განვითარების მოდელი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, 2014-2016 წლებში, პროექტი სრულად კერძო ინვესტორს უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. 2022 წელს მთავრობამ ახალი მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პორტის 51%-იან, ხოლო კერძო ინვესტორი 49%-იან წილს ფლობდა. ამ მოდელის ფარგლებში 2024 წელს უპირატეს მონაწილედ ჩინური CCCC დასახელდა, თუმცა მასთან შეთანხმება ვერ შედგა. 2026 წლის 6 ივლისს კი მთავრობამ მესამე მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტი სრულად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება და „ლენდლორდის“ პრინციპით განვითარდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის კრიპტოს ინვესტორებმა $3.8 მილიარდი დაკარგეს

ტრამპის კრიპტოს ინვესტორებმა $3.8 მილიარდი დაკარგეს

BM.GE

დღეიდან 9 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება - გაფრთხილება

დღეიდან 9 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება - გაფრთხილება

BM.GE

ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის გადავადება სწორია, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს - შოთა ბურჯანაძე

ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის გადავადება სწორია, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს - შოთა ბურჯანაძე

BM.GE

ყველაფერი, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი მოდელით განხორციელებაზე დღეს გახდა ცნობილი

ყველაფერი, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი მოდელით განხორციელებაზე დღეს გახდა ცნობილი

BM.GE