
Aramco-ს კორექტირებული წმინდა მოგება 9%-ით, $31.2 მილიარდამდე გაიზარდა
2026 წლის მესამე კვარტალში საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობგიგანტის, Saudi Aramco-ს კორექტირებული წმინდა მოგება წლიურად 9%-ით გაიზარდა და $31.2 მილიარდი შეადგინა.
ეს შედეგი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $30.66 მილიარდს მკვეთრად აღემატება. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება $28.6 მილიარდს შეადგენდა.
როგორც ირკვევა, ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება უმეტესწილად ნავთობის გადამუშავების გაძლიერებულმა მარჟებმა განაპირობა. კერძოდ, Aramco-ს ნედლი ნავთობის საწვავად გადამუშავების სეგმენტმა $10.3 მილიარდის კორექტირებული საოპერაციო მოგება გამოიმუშავა, რაც წლიურ ჭრილში 234%-იან ზრდას ნიშნავს.
ამასთან, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადი $23.6 მილიარდს უტოლდებოდა, ამჯერად მაჩვენებელმა $28.2 მილიარდს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ დირექტორთა საბჭომ მეოთხე კვარტალში გასაცემად $21.9 მილიარდის საბაზისო დივიდენდიც დაამტკიცა.
Aramco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ამინ ნასერმა განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და საკვანძო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ენერგორესურსების მიწოდების გლობალურ კრიზისს ამწვავებენ. მისი შეფასებით, შექმნილ ვითარებას მსოფლიო ენერგოუსაფრთხოებაზე სერიოზული გავლენა აქვს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციული მოქნილობითა და გამართული სადისტრიბუციო ქსელით კომპანია მომხმარებლების ენერგორესურსებით მომარაგებას შეფერხებების მიუხედავად უზრუნველყოფს.
BM.GE
წყარო: bm.ge