
არქიმ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
საქართველოს წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ და საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა „NEXT“-მა ვარშავაში ერთობლივი გაყიდვების ოფისი ოფიციალურად გახსნეს. ახალი სივრცე ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესუბანში, The Warsaw HUB-ში განთავსდა. აღნიშნული ცენტრი, სადაც გლობალური კომპანიების, მათ შორის Google-ის რეგიონული ოფისებია განლაგებული, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბია, რაც კომპანიების საერთაშორისო გაფართოებისთვის სტრატეგიული ლოკაციაა.
ოფისის ოფიციალურ გახსნას კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, პარტნიორები, საერთაშორისო ინვესტორები და პოლონური ბიზნეს საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყო საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.
პოლონური ოფისი ოფიციალურად „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა და NEXT-ს - აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ კომპანიების მენეჯმენტის წევრებთან ერთად გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში პოლონეთის ბაზარზე კომპანიის გრძელვადიან ხედვაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში არსებულ მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
ვარშავის ახალი ოფისი რეგიონულ ჰაბად იმუშავებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და სასტუმრო პროექტებით არიან დაინტერესებული. ოფისი მომხმარებლებს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებას, საინვესტიციო მხარდაჭერასა და „არქისა“ და NEXT-ის უახლეს პროექტებზე პირდაპირ წვდომას შესთავაზებს.
არქი საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის დაახლოებით 20%-ს ფლობს. არქი იყო პირველი დეველოპერი საქართველოში, რომელმაც მასშტაბური მასტერდეველოპმენტის კონცეფცია დანერგა. ილია წულაიასა და მისი პარტნიორების მიერ 2006 წელს დაფუძნებულ კომპანიას დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი და აერთიანებს 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელსა და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში არქიმ საერთაშორისო გაფართოება დაიწყო და პროექტები გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში, ფლორიდაში, წარადგინა. კომპანიის მთავარი ღირებულებებია ხარისხი, საერთაშორისო ნდობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი ხედვა.
„პოლონეთში წარმომადგენლობის გახსნა „არქის“ საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველო უძრავი ქონების მიმართულებით სულ უფრო საინტერესო ხდება ევროპელი ინვესტორებისთვის, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, მათთან კომუნიკაცია უფრო ხელმისაწვდომი, პირდაპირი და ეფექტიანი გავხადოთ. ვარშავის ოფისი დაგვეხმარება, პოლონელ ინვესტორებსა და საბროკერო კომპანიებს საქართველოს ბაზრის პოტენციალი ადგილზე გავაცნოთ და მათთან გრძელვადიანი პარტნიორობა განვავითაროთ,“ - განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.
NEXT-ისთვის ვარშავის ოფისის გახსნა კომპანიის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს კომპანიის მესამე საერთაშორისო ოფისია, დუბაისა და კენიის შემდეგ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, NEXT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ განაცხადა: "დღევანდელი დღე NEXT-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განვითარებას, როგორც საერთაშორისო ბრენდი. ეს უკვე ჩვენი მესამე საერთაშორისო ოფისია დუბაისა და კენიაში წარმატებული საქმიანობის შემდეგ. თბილისსა და ბათუმში მდებარე სათავო ოფისთან ერთად, დღეს უკვე სამ კონტინენტზე ვოპერირებთ.“
დღეისათვის NEXT-ს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე აშენებული და მიმდინარე განვითარების პროცესში აქვს 1 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი უძრავი ქონება, ხოლო კომპანიის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანია 65-ზე მეტი ქვეყნის ინვესტორს ემსახურება, ხოლო მისი საერთაშორისო გაყიდვების გუნდი კონსულტაციას შვიდ ენაზე, მათ შორის პოლონურად, უზრუნველყოფს, რაც სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებლებისთვის კომუნიკაციასა და მომსახურებას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა პოლონეთში, დიანა ჟღენტმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებაზე და აღნიშნა: „ოფისის გახსნა პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პოლონელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ სტაბილურად მზარდია. საქართველომ უკვე მყარად დაიმკვიდრა თავი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო ჰაბად, რომელიც ბიზნესს ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოსა და ევროპისა და აზიის გასაყარზე ხელსაყრელ, სტრატეგიულ მდებარეობას სთავაზობს. ბოლო წლებში დაფიქსირებული შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა ამის ნათელი ილუსტრაციაა: 2024 წელს მაჩვენებელმა 9%-ს მიაღწია, ხოლო 2025 წელს 7.5%-ს. ეს მონაცემები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო კაპიტალისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და საიმედო ლოკაციის პოზიციას“.
BM.GE
წყარო: bm.ge