
არსებული მხარდაჭერის სქემით ენერგოპროექტების განხორციელება ძალიან რთულია - "გროს ენერჯი ჯგუფი"
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ დარგის მხარდამჭერი სქემით გათვალისწინებული ტარიფები ენერგოპროექტებისთვის მზარდი ხარჯების ფონზე ადეკვატური აღარაა.
როგორც „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი BMG-სთან აცხადებს, სექტორისთვის სწორად დაწესებული ტარიფები ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ჭრილშიც მნიშვნელოვანია.
ირაკლი ტყებუჩავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
“მას შემდეგ რაც დადასტურდა და ბაზარმა გვაჩვენა, რომ სამშენებლო ხარჯები და მომსახურების ღირებულება საკმაოდ გაიზარდა და ფასების გადახედვის საჭიროება დადგა, ამ საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. არსებული მხარდაჭერის მექანიზმით თუ ძველი ტარიფებით, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა, დღევანდელი სამშენებლო და მომსახურების ღირებულებიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელება ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, ეს საჭიროება საკმაოდ დიდი ხანია უკვე აქტუალურია და ამ საკითხის მოგვარების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
ინვესტორი უნდა იყოს გარანტირებული, რომ მინიმუმ რაღაც ტარიფს მიიღებს, იმიტომ რომ ეს არის ასევე ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, განჭვრიტონ, მომავალში რა გარანტირებული შემოსავალი ექნება პროექტს და ამის შემდეგ უკვე განახორციელებენ დაფინანსებას. სხვა შემთხვევაში, მათთვის ძნელია ფინანსების გამოყოფა, კომიტეტზე სესხის დამტკიცება.
აქედან გამომდინარე, ეს PPA იქნება, CFD ან სხვა ნებისმიერი მექანიზმი, მაინც ის მინიმალური ტარიფი იქნება განსაზღვრული, რასაც ინვესტორს აუნაზღაურებს სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე, მაგალითად, ფასები დაეცა ან გაურკვეველი იყო გაყიდვის საკითხი პროექტისთვის”, - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ მან "საქართველოს ბიზესსასოციაციის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეორე CFD აუქციონით დადგენილი მედიანური ტარიფი მზის ელექტროსადგურებისთვის 5,6 ცენტს, ქარისთვის 6 ჰიდროელექტროსადგურებისთვის კი 6,5 ცენტს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge