
აშშ-ირანის შეთანხმების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვები გაიზარდა
ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვები პარასკევს გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ ფონზე სპარსეთის ყურის ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ექსპორტის გაზრდისთვის ემზადებიან, მიუხედავად იმისა, რომ თეირანის მიერ ამ უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტის გამოყენებისთვის დაწესებული პირობები კვლავ შეშფოთებას იწვევს.
ვაშინგტონმა და თეირანმა ოთხშაბათს ხელმოწერილი დროებითი შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნეს, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდება, შესაძლოა სამხედრო დარტყმები განაახლოს და ირანის ოფიციალური პირებიც სამიზნედ აქციოს.
MarineTraffic-ის მონაცემებით, პარასკევს ჰორმუზის სრუტეში შევიდა სულ მცირე ოთხი ტანკერი, რომლებიც ნედლ ნავთობს, ნავთობპროდუქტებსა და გათხევადებულ ნავთობის აირს (LPG) გადაზიდავდნენ და ერაყის სპარსეთის ყურის პორტებისკენ მიემართებოდნენ.
იაპონური მფლობელობის ნავთობტანკერმა, რომელიც ომის გამო შეფერხებული იყო, სრუტე დატოვა და იაპონიისკენ აიღო გეზი.
ამასთანავე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა სუპერტანკერებმა რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ ჰორმუზის სრუტის გავლით ინდოეთის მიმართულებით რეისები განაახლეს.
გემებმა ჰორმუზის სრუტეში გავლისას კვლავ დაიწყეს საკუთარი მდებარეობის გადაცემა, მას შემდეგ რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაადგილებას მალავდნენ და ამ მიზნით ტრანსპონდერებს (საიდენტიფიკაციო გადამცემებს) თიშავდნენ.
AXS Marine-ის მონაცემებით, 18 ივნისს ჰორმუზის სრუტეში 25 კომერციული გემის გადასვლა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი ერთდღიანი მაჩვენებელია 18 აპრილის შემდეგ და ივნისის პირველი 10 დღის საშუალო დღიურ მაჩვენებელზე ხუთჯერ მეტია.
მიუხედავად ამისა, მოძრაობის ინტენსივობა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება კონფლიქტამდე არსებულ დონეს, როდესაც სრუტეში საშუალოდ დღეში დაახლოებით 120 გემი გადაადგილდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფიუჩერსები შემცირდა იმ ოპტიმიზმის ფონზე, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ნაკადები გაიზრდება. ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა კვირის ჭრილში 8%-ით, დაახლოებით 80 დოლარამდე იკლო.
BM.GE
წყარო: bm.ge