
აშშ-ის DFC-იმ ფოთის პორტის განვითარებისთვის Pace Group-ს $25-მილიონიანი სესხი გამოუყო
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) ქართულ კომპანია PACE Group-თან $25 მილიონის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.
აღნიშნული პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის $50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო.
DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
ცნობისთვის, Pace Group-მა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ნავმისადგომი 2022 წლის იანვარში გახსნა, ახალი სასესხო შეთანხმება კი მეორე ნავმისადგომის მშენებლობას და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მოწყობას შეეხება.
„პეის ჯორჯია“ 1993 წელს დაფუძნდა და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ფოთის პორტში ოპერირებს ტვირთების გადაზიდვის, ინსპექტირების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და გემების სააგენტოს მიმართულებით.
„პეის ჯგუფის“ აქტივები 2024 წლის ბოლოს 300.6 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის უკანასკნელი ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის შემოსავალი ლოგისტიკური და სატრანსპორტო სერვისებიდან 132 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიას მისი ტერმინალის ტერიტორია ფოთის პორტის ოპერატორის - APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარით აქვს აღებული.
BM.GE
წყარო: bm.ge