
აშშ-ის საელჩო სავიზო დეპოზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო დეპოზიტის (visa bond) პროგრამა მუდმივი გახადა, რომლის მიხედვითაც 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მოთხოვნისას დეპოზიტის გადახდა უწევთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო საქართველოში დამატებით განმარტებას აკეთებს
"სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტმა, რომელსაც B1/B2 ვიზა დაუმტკიცდება, უნდა გადაიხადოს $10,000, $15,000 ან $20,000 ოდენობის დეპოზიტი. არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების დროს, საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას დეპოზიტის გადახდასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, გახსოვდეთ: სავიზო აპლიკაციების შესახებ ოფიციალური წყარო არის აშშ-ის მთავრობა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ ვრცელდება აშშ-ის მთავრობის წყაროდან, საჭიროებს გადამოწმებას", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ Visa Bond-ის პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის აგვისტოში აამოქმედა, ხოლო საქართველო პროგრამაში 2026 წლის 2 აპრილს ჩართო. პროგრამის ფარგლებში საკონსულო ოფიცერს შეუძლია კონკრეტულ განმცხადებელს მოსთხოვოს სავიზო გარანტიის (visa bond) წარდგენა. ამასთან, ახალი ტურისტული/ბიზნეს ვიზები გაიცემა მხოლოდ ერთჯერადი შესვლისთვის, 3-თვიანი ვალიდობით, ხოლო აშშ-ში ყოფნის მაქსიმალური ოფიციალური ვადა 30 დღეა.
სადეპოზიტო თანხა აპლიკანტს უკან უბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ის ვიზის მიღების შემთხვევაში სრულად დაიცავს სავიზო პირობებს და ქვეყანას დადგენილ ვადებში დატოვებს.
BM.GE
წყარო: bm.ge