მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აშშ-მა ვენესუელის ნავთობიდან $13 მილიარდზე მეტი მიიღო, თუმცა არავინ იცის, სად წავიდა ეს თანხა" - FT
"აშშ-მა ვენესუელის ნავთობიდან $13 მილიარდზე მეტი მიიღო, თუმცა არავინ იცის, სად წავიდა ეს თანხა" - FT

"აშშ-მა ვენესუელის ნავთობიდან $13 მილიარდზე მეტი მიიღო, თუმცა არავინ იცის, სად წავიდა ეს თანხა" - FT

BM.GE23 ივლისი, 2026, 22:30|bm.ge

"მიმდინარე წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის ნავთობის გაყიდვებიდან 13 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, თუმცა თითქმის არანაირი განმარტება არ გაუკეთებია იმის შესახებ, თუ საით მიემართა ეს სახსრები. ვენესუელის მთავრობას რეალურად მხოლოდ 300 მილიონი დოლარი გადაერიცხა", - ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

იანვარში აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა და პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი დანიშნა. მას შემდეგ აშშ-მა გააუქმა ვენესუელის ნავთობზე დაწესებული ცალმხრივი საექსპორტო შეზღუდვები, რომლებიც თავის დროზე მადუროს მიერ 2018 წლის არჩევნების სავარაუდო გაყალბებისა და დემოკრატიის ნგრევის საპასუხოდ იყო შემოღებული. ნავთობის რეალიზაციისა და მიღებული სახსრების მართვა აშშ-მა საკუთარ თავზე აიღო.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 9 იანვრის ბრძანებულებაში ნათქვამი იყო: "ჩვენ ვიცავთ ვენესუელის ნავთობის შემოსავლებს ამერიკელი და ვენესუელელი ხალხის საკეთილდღეოდ". იქვე განმარტებული იყო, რომ "ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხა ვენესუელას ეკონომიკას ეკუთვნის, აშშ კი მხოლოდ დროებითი მცველის როლს ასრულებს". ბრძანებულება ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ-ის მეთვალყურეობით ნავთობის გაყიდვების ნორმალიზება ვენესუელის ეკონომიკას აღადგენდა. ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ვენესუელის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

თუმცა, ტრამპის რეალური განზრახვა "ფინანსურ მილსადენზე" კონტროლის გამკაცრება იყო, რათა დელსი როდრიგესის მთავრობას - რომელსაც მადუროს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს - აშშ-ის დირექტივები შეესრულებინა. მანამდე მადუროს რეჟიმი ნავთობის შემოსავლებს ქვეყნის განვითარების ნაცვლად, ძირითადად რეჟიმის შესანარჩუნებლად, შიდა კორუფციისა და პოლიტიკური ჯილდოებისთვის იყენებდა.

მიუხედავად ამისა, მოსალოდნელი იყო, რომ ნავთობის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქება და ამ სახსრების ქვეყნის განვითარებისთვის სწორი გადანაწილება ვენესუელის ეკონომიკას მნიშვნელოვან იმპულსს მისცემდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის ნავთობის თანხების კონტროლი დაიწყო, ექვსი თვის თავზე ეკონომიკური აღდგენის ნიშნები მინიმალურია. უფრო მეტიც, საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, 13 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლიდან როდრიგესის მთავრობას მხოლოდ 300 მილიონი დოლარი გადაერიცხა.

FT-მ 13 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ვენესუელიდან ნედლი ნავთობის მიწოდების მონაცემებისა და იქ წარმოებული კონკრეტული მარკების (Merey, Boscan და Hamaca) იანვრის შემდეგ არსებული ფასების შეჯამებით დაითვალა.

ვენესუელის მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რომელიც ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს აკონტროლებს, მარტის თვეში მხოლოდ ერთი ტრანზაქციაა დაფიქსირებული: 300 მილიონი დოლარი.

მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ისიც, რომ 24 ივნისს დედაქალაქ კარაკასის მახლობლად ორმაგი მიწისძვრა (7.2 და 7.5 მაგნიტუდის) მოხდა, რამაც 5 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 16 000-ზე მეტი დაშავდა. გაეროს შეფასებით, მხოლოდ შენობებისა და ინფრასტრუქტურის პირდაპირმა ზარალმა 37 მილიარდი დოლარი შეადგინა. როდრიგესის მთავრობამ ითხოვა ნებართვა, გამოიყენოს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები და ინგლისის ბანკში შენახული ოქროს მარაგი.

ოფიციალურ დოკუმენტებში ასახული "300 მილიონი დოლარის გადარიცხვის" გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა სამხრეთ ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის საკითხებში, მაიკლ კოზაკმა აპრილში კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, რომ "ვენესუელას ნავთობიდან მიღებული 3 მილიარდი დოლარი გადაერიცხა, საბანკო ანგარიშების აუდიტს კი კომპანია KPMG ახორციელებს, ხოლო კვარტალური ანგარიშები კონგრესს წარედგინება".

მან 14 რიცხვში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე აღნიშნა: "ეს ფული მათ ეკუთვნით, მაგრამ ჩვენი ნებართვა სჭირდებათ. მისი გამოყენება შესაძლებელია საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის, ნავთობის ინდუსტრიისთვის აღჭურვილობის შესაძენად და სხვა მიზნებისთვის".

თუმცა, ამერიკელი ორპარტიული კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათ ფონდის ხარჯვის შესახებ ანგარიშები არასდროს მიუღიათ.

ვენესუელის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2.5% შეადგინა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელექტრომობილების იმპორტი 39%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

ელექტრომობილების იმპორტი 39%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მიმოხილვა

კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მიმოხილვა

BM.GE

"დუბაის სტილის" ბაზრობის გახსნაც კი იგეგმება სახელმწიფომ ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს - Roban Motors

"დუბაის სტილის" ბაზრობის გახსნაც კი იგეგმება სახელმწიფომ ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს - Roban Motors

BM.GE

ილონ მასკის მტკიცებით, Grok-ი წლის ბოლომდე "ოდისეას" "ზუსტ" ეკრანიზაციას შექმნის

ილონ მასკის მტკიცებით, Grok-ი წლის ბოლომდე "ოდისეას" "ზუსტ" ეკრანიზაციას შექმნის

BM.GE