
აშშ-ში ფრენების ოთხსაათიანი საყოველთაო შეჩერება გაუქმდა - რამ გამოიწვია შეფერხება?
13 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საჰაერო მიმოსვლა ფაქტობრივად სრულად პარალიზდა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) გამფრენი რეისების საყოველთაო შეჩერების (ground stop) ბრძანება გასცა, რაც ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
FAA-მ შეზღუდვა ადგილობრივი დროით 20:15 საათზე მოხსნა, მას შემდეგ, რაც 7 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ქვეყნის აეროპორტები კი ჩარჩენილი მგზავრებით გადაიტვირთა.
მოულოდნელი საგანგებო გაფრთხილება 15:54 საათზე "საგანგებო ვითარებისა და უსაფრთხოების მიზეზების გამო" გამოიცა, - განაცხადა FAA-მ. უწყებას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია, გარდა მითითებისა, რომ "ყველა გამფრენი რეისი შემდგომ შეტყობინებამდე მიწაზე უნდა დარჩეს".
რამდენიმე საათის შემდეგ, პარასკევს საღამოს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრანსპორტის მდივანმა შონ დაფიმ სისტემური ხარვეზის მიზეზად საჰაერო მოძრაობის მართვის მოძველებული სისტემა დაასახელა, სადაც როუტერები "მონაცემებით გადაიტვირთა".
რა გახდა ფრენების შეჩერების მიზეზი
დაფიმ განმარტა, რომ როუტერების გადატვირთვამ "რადარებისა და კავშირგაბმულობის არასტაბილურობა გამოიწვია ცენტრებში და TRACON-ის (ტერმინალის რადარული მიახლოების კონტროლის) სისტემებში მთელი ქვეყნის მასშტაბით".
"TRACON-ებსა და საკონტროლო ცენტრებში რადარების მონაცემებსა და თვითმფრინავებთან კავშირში უზუსტობები გაჩნდა", - განაცხადა დაფიმ.
მისი თქმით, ეს შეფერხება 15:36 საათზე დაფიქსირდა. მინისტრმა დასძინა, რომ FAA-ს კავშირგაბმულობისა და რადარის შესაძლებლობები სრულად არ დაუკარგავს, თუმცა შექმნილი არასტაბილურობის გამო, ფრენების შეჩერება უსაფრთხოების წინასწარი ზომის სახით გამოცხადდა.
საჰაერო სივრცეში ოპერაციების სრულად აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ეკიპაჟები და თვითმფრინავები დანიშნულების ადგილებზე არ იმყოფებიან, პერსონალის ნაწილს კი სამუშაო ცვლის ლიმიტი ამოეწურა. თუმცა დაფი იმედოვნებს, რომ ამერიკული საჰაერო სივრცე მადლიერების დღის სამოგზაურო პიკამდე ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება.
შიდა უსაფრთხოების მდივანმა მარკვეინ მალინმა განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის ნიშნები არ არსებობს და საზოგადოებას საფრთხე არ დამუქრებია.
"FAA-მ ვითარებას თავი გაართვა. ჩვენ ეს ზედმეტი სიფრთხილის გამო გავაკეთეთ", - აღნიშნა მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. მანამდე მან პრობლემა სატელეკომუნიკაციო გათიშვად შეაფასა.
დაფის თქმით, გადაწყვეტილების მიღების მომენტში ჰაერში 3 500-ზე მეტი თვითმფრინავი იმყოფებოდა. საჰაერო მოძრაობის მონიტორინგის პლატფორმა "Flightradar24"-ის მონაცემებით კი, FAA-ს განგაშის გამოცხადებისას აშშ-ის მიმართულებით 4 042 რეისი ასრულებდა ფრენას.
შეზღუდვის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, საავიაციო ექსპერტების შეფასებით, 300 000-დან 400 000-მდე მგზავრი აეროპორტებში აღმოჩნდა ჩარჩენილი.
BM.GE
წყარო: bm.ge