
"სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 15%-მდე გაზრდა ფინანსურ აზრს მოკლებულია"|არჩილ იაკობაშვილი
საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტ არჩილ იაკობაშვილის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გეგმას, სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი 5-დან 15%-მდე გაზარდოს, ფინანსური გამართლება არ აქვს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ერთ-ერთი კითხვა რეზერვების მართვის პოლიტიკას შეეხებოდა.
როგორც არჩილ იაკობაშვილმა აღნიშნა, სავალუტო რეზერვების მართვას ორი მთავარი დანიშნულება აქვს - ლიკვიდობის უზრუნველყოფა და საინვესტიციო შემოსავლიანობა. მისი შეფასებით, ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის ფონზე, ლიკვიდობისთვის იუანის 5%-იანი წილი სრულიად საკმარისი და გააზრებული ნაბიჯი იყო, თუმცა საინვესტიციო თვალსაზრისით ეს ვალუტა მიმზიდველი არ არის.
„5%-ის ფარგლებში იუანის შესვლა სავალუტო კომპოზიციაში, გააზრებული ნაბიჯი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთთან საგარეო ვაჭრობის წილი გაიზარდა. 15%-მდე გაზრდა უკვე ფინანსურ აზრს მოკლებულია. საინვესტიციო ვალუტას ჩინური იუანი შემოსავლიანობით ნამდვილად არ წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ უცხოელების წილი ჩინურ სახაზინო ობლიგაციებში ძალიან უმნიშვნელოა. ყოველ შემთხვევაში, ფინანსური გამართლება ამ ნიშნულამდე იუანის წილის გაზრდას სავალუტო კომპოზიციაში ნამდვილად არ აქვს“, - განმარტა ეკონომიკის პროფესორმა და დასძინა, რომ დღეს სებ-ის საერთაშორისო რეზერვების მართვის დეპარტამენტში მუშაობის შემთხვევაში, მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილებას არ ურჩევდა.
ფინანსური არგუმენტების არარსებობის ფონზე, არჩილ იაკობაშვილი, ეკონომისტების ნაწილის მსგავსად, სებ-ის ამ ნაბიჯის უკან სხვა, მათ შორის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს.
მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სავალუტო რეზერვებში იუანის წილი ძირითადად იმ ქვეყნებმა გაზარდეს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთს უჭერენ მხარს.
„განსხვავებული მოსაზრებებით შეიძლება სპეკულირება ამ თემაზე - დაწყებული იმით, რომ დასავლეთის სანქციებისაგან თავის დასაცავად ერთ-ერთ თავშესაფარს წარმოადგენს სწორედ იუანი, დამთავრებული იმით, რომ თუკი ცენტრალური ბანკი ჩინურ იუანში დენომინირებულ ობლიგაციებს შეიძენს, ის ამით ფულს ასესხებს ჩინეთის მთავრობას და ხდება მისი კრედიტორი. ბოლო ოთხი-ხუთი წელია გვესმის, რომ ჩინეთი თითქოს მონაწილეობას მიიღებს ანაკლიის პროექტის დაფინანსებაში, მაგრამ ეს არ ჩანს. შესაძლოა, ეს შემოვლითი გზა იყოს ჩინეთის მიმართ ნდობის გამოსახატად“, - აღნიშნა არჩილ იაკობაშვილმა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში იუანის წილის გაზრდისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მართვის დეპარტამენტში პორტფელის ყოფილი უფროსი მენეჯერი დადებითად აფასებს სებ-ის მეორე გეგმას, რომელიც რეზერვებში ოქროს წილის (ამჟამად 16.6%) კიდევ უფრო გაზრდას შეეხება. არჩილ იაკობაშვილის თქმით, ეს პროექტი ჯერ კიდევ მისი მუშაობის პერიოდში დაიწყო და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას შეესაბამება.
„OECD-ის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ოქროს რეზერვების 50-დან 80%-მდე ნიშნულზე ფლობენ. განსაკუთრებით გერმანია, იტალია და საფრანგეთი არიან ამ საქმეში მოწინავეები. ჩვენ ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან - 8 მილიარდის სავალუტო რეზერვი ძალიან კარგი მაჩვენებელია, მაგრამ იმდენიც არ არის, რომ ამ ნიშნულამდე ავიდეს ოქროს წილი. მე ყოველთვის მივესალმები ოქროს შეძენას. ერთადერთი „აქილევსის ქუსლი“ აქ ის არის, რომ ოქროთი ვაჭრობა და მის შესაძენად სწორი დროის შერჩევაა საჭირო“, - განაცხადა არჩილ იაკობაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge