
აშშ-ში ინფლაციის შენელების ფონზე ოქროს ფასი გაიზარდა
1 ოქტომბერს, შეერთებულ შტატებში ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შენელების შედეგად, საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი გაიზარდა. როგორც ირკვევა, უნცია სპოტ-ოქროს ღირებულება 0.8%-ით გაიზარდა და მან $4,187.43 შეადგინა. ამასთან, დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0.7%-ით გაიზარდა და $4,217.50-ს გაუტოლდა.
როგორც გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით გაირკვა, აგვისტოში ფასების ზრდის ტემპი პროგნოზირებულზე დაბალი აღმოჩნდა, ხოლო წინა თვის მაჩვენებლები შემცირების მიმართულებით დაკორექტირდა.
ახალმა მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა მიმდინარე თვეში აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის მოლოდინი შეასუსტა. თუ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების 45%-იანი მოლოდინი არსებობდა, ამჟამად ეს ალბათობა 36%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ინვესტორებმა მეტი ყურადღება ისეთ აქტივებზე გადაიტანეს, როგორიც ოქროა.
რაც შეეხება ძვირფასი ლითონების დანარჩენ სექტორს, აღმავალი ტენდენცია სავაჭრო სესიაზე სხვა აქტივებმაც შეინარჩუნეს. არსებული მონაცემებით, უნცია ვერცხლის ფასი 1.4%-ით გაიზარდა და მან $61.23 შეადგინა. ამასთან, პლატინის ღირებულება 1.2%-ით გაიზარდა და $1,727.18-ს გაუტოლდა, ხოლო პალადიუმის ფასმა 0.6%-იანი მატებით $1,210.75 შეადგინა.
ცნობისთვის, სექტემბრის განმავლობაში ოქროს ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა.
ინფორმაციისთვის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ოქროს მიმართ საინვესტიციო მოთხოვნა ჩვეულებრივ იკლებს, რადგან ამ აქტივს ფიქსირებული საპროცენტო შემოსავალი არ გააჩნია.
BM.GE
წყარო: bm.ge