მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანიის საქმიანობის ანგარიში გაგზავნა
აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანიის საქმიანობის ანგარიში გაგზავნა

აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანიის საქმიანობის ანგარიში გაგზავნა

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 21:44|bm.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" აუდიტის 2023-2024 წლის შესაბამისობის ანგარიში პროკურატურაში გააგზავნა - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ვებგვერდიდან ირკვევა, სადაც საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნილი საქმეების ჩამონათვალია.

ჯერჯერობით, აღნიშნული აუდიტის ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნებული არაა, თუმცა მასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ განაცხადა, სამინისტრო ამ კომპანიის სრულ ლიკვიდაციას ან რეორგანიზაციას გეგმავს.

"ამ კომპანიის ლიკვიდაციას ვფიქრობთ ან შერწყმას, ან რეორგანიზაციას, რაც მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს. აქვს რიგი ძველი პროცესები, რაც ჩასახური იქნება. მომავალ წელს განხორციელდება ამ კომპანიის ან ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია", - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური სფეროს აუდიტის წამყვანმა აუდიტორმა ანა ბურდიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ კომპანიაში მთელი რიგი ნაკლოვანებები გამოვლინდა, რომლებიც დაკავშირებული იყო როგორც სატენდერო პროცესებთან, ისე აქტივების განკარგვასთან, თანამშრომელთა ანაზღაურებასთან, ასევე შვილობილ კომპანიებზე სესხების გაცემასთან და სხვა მრავალ გარემოებასთან.

რა დარღვევები გამოვლინდა კომპანიაში?

"გამოვლინდა შემდეგი საკითხები: პირველი ეხება დაბალ ფინანსურ მაჩვენებლებს. შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის საოპერაციო საქმიანობისა და კაპიტალის მართვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოსთვის ეკონომიკური უკუგებების მიღების შესაძლებლობას. კომპანიამ 2022-2024 წლებში სახელმწიფო აქტივების იჯარით გაცემიდან, პრივატიზებიდან და საბიუჯეტო სახსრების საბანკო ანგარიშებზე განთავსებიდან, საპროცენტო სარგებლის სახით ჯამურად მიიღო 19.73 მილიონი ლარი შემოსავალი. მიუხედავად ამისა, კომპანიამ 2022-2024 საანგარიშგებო წლები დაასრულა ფინანსური ზარალით.

შემდეგი საკითხი ეხება აქტივების მონიტორინგს. აქტივების მართვის კომპანიაში არ იყო შემუშავებული და დანერგილი მონიტორინგის გეგმების შედგენის მეთოდოლოგია, სადაც გაწერილი იქნებოდა რისკებზე დაფუძნებული შერჩევის კრიტერიუმები. ასევე მონიტორინგის შედეგების გაფორმების არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა მოპოვებული ინფორმაციის სანდოობასა და სისრულის დადასტურებას. რამდენიმე შემთხვევაში მონიტორინგის აქტებში ასახული ინფორმაცია შეიცავდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს. ასევე მონიტორინგის დეპარტამენტში დასაქმებული სპეციალისტების უმეტესობა არა თანაბრად იყო დატვირთული და წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ აქტივების უმნიშვნელო რაოდენობის მონიტორინგში. შესაბამისად, ადამიანური რესურსების განაწილება და ჩართულობა ვერ უზრუნველყოფდა პროცესის ეფექტიან განხორციელებას.

შემდეგი საკითხი ეხება განსაკარგავ აქტივებზე ინფორმაციის გავრცელებას. კომპანია არ ახორციელებდა სათანადო ღონისძიებებს, რათა განსაკარგავ ქონებაზე ხელმისაწვდომი ყოფილიყო ზუსტი ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აქტივების მართვის კომპანია არ იყენებს საკუთარ ვებგვერდს ინფორმაციის გასავრცელებლად მიმდინარე აუქციონების და განსაკარგავი ქონების შესახებ. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულია აქტივების რუკა, რომელზეც არ არის ასახული სრული და ზუსტი მონაცემები. ვებგვერდზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მონაწილეთა ჩართულობას.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაცემულია 3 რეკომენდაცია, მათ შორის პირველი რეკომენდაცია გაცემულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს აქტივების მართვის განვითარების კომპანიის მიმართ. კერძოდ: სახელმწიფო აქტივების ეფექტიანი მართვის და სახელმწიფოსთვის შესაბამისი ეკონომიკური უკუგებების მიღების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია გადაიხედოს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის საქმიანობისა და მართვის მოდელი.

კომპანიაში ფიქტიურად გაფორმებული მრჩევლები

შემდეგი საკითხები ეხება შრომის ანაზღაურებას, კერძოდ დირექტორის მრჩევლების დასაქმების პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებს. აუდიტის პერიოდში აქტივების მართვის კომპანიაში დირექტორის მრჩევლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტესობა არ შეიცავდა ინფორმაციას მათ კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, რაც არ იძლეოდა დირექტორის მრჩევლების საქმიანობის შედეგების კონტროლისა და შეფასების შესაძლებლობას. 2023-2024 წლებში დირექტორის მრჩევლებისთვის გადახდილმა შრომის ანაზღაურებამ 913,252 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, ვერ დასტურდება მრჩევლების პოზიციების არსებობის საჭიროება, გაწეული ხარჯების ეკონომიურობა, შესრულებული სამუშაოების მოცულობა და მიღწეული შედეგები.

შემდეგი საკითხი ეხება შრომის ანაზღაურების არამიზნობრივ ხარჯს და სამუშაო დროის კონტროლის საკითხებს. აქტივების მართვის კომპანიაში არ იყო უზრუნველყოფილი სამუშაო დროის მართვასა და შრომის ანაზღაურების დარიცხვაზე ზედამხედველობის ეფექტიანი კონტროლის სისტემა, რის გამოც კომპანიის მიერ შრომის ანაზღაურებაზე 2023-2024 წლებში 69,160 ლარის ოდენობის ხარჯი გაწეულია არამიზნობრივად. სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემის არარსებობა შეუძლებელს ხდის გადამოწმდეს გაცემული შრომის ანაზღაურების რეალურობა და მართლზომიერება.

შემდეგი საკითხი ეხება თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას. აქტივების მართვის კომპანიის თანამშრომლებზე 2023-2024 წლებში მატერიალური წახალისების სახით გაცემულმა ფულადმა ჯილდომ ჯამში 1,589,862 ლარი შეადგინა, საიდანაც 1,165,677 ლარი, მოხსენებითი ბარათების მიხედვით, უკავშირდებოდა განსაკუთრებული როლის შესრულებას კომპანიის ძირითადი ფუნქციების განხორციელებაში, ხოლო 424,185 ლარი — საახალწლო დღეებს. კომპანიაში არ იყო დადგენილი წახალისების გამოყენების წესი, რომელიც განსაზღვრავდა ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს.

ავტომობილების პარკის მართვა

შემდეგი საკითხი არის ავტომობილები და საწვავის ხარჯი. აქტივების მართვის კომპანიის ბალანსზე 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა 14 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. კომპანიაში არსებული ავტომობილების რაოდენობა 6 ერთეულით აჭარბებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს. ზემოხსენებულ 6 ავტომობილზე შესამოწმებელ პერიოდში გახარჯულია მინიმუმ 72,436 ლარის ღირებულების საწვავი. ავტოპარკში დადგენილზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებების არსებობა წარმოშობს არაეკონომიური ხარჯების გაწევის რისკებს.

სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი ხარვეზები

და ბოლო საკითხი ეხება სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილ საკითხებს. აქტივების მართვის კომპანიის მიერ ქალაქ ქუთაისში, ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის შენობებში განთავსებული აგრეგატების ტექნიკური შემოწმების და ტესტირების მომსახურების სამუშაოებთან დაკავშირებით განახორციელა სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით. სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ხარჯთააღრიცხვით განსაზღვრულ 12 პოზიციაზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისთვის კომპანიის მიერ კონტრაქტორისთვის არაეკონომიურად ანაზღაურებულია 1,258,134 ლარი.

აქტივების მართვის კომპანიის მიერ ასევე ქალაქ ქუთაისში საპარლამენტო კომპლექსის შენობებში განთავსებული აგრეგატების ტექნიკური შემოწმების და ტესტირების მომსახურების სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებისგან მოთხოვნილი იყო შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების მინიმუმ 500%-ის შესრულების გამოცდილება. შესყიდვების სააგენტოს კვალიფიკაციის დამადასტურებელ მოთხოვნებთან დაკავშირებული რეკომენდაციით, კომპანიას უნდა მოეთხოვა მსგავსი გამოცდილების შესრულების 180%-იდან 270%-მდე მაჩვენებელი. აღნიშნული მიდგომით სატენდერო პირობა იქნებოდა ნაკლებად შემზღუდველი, რაც ხელს შეუწყობდა კონკურენტული გარემოს შექმნას.

აქტივების მართვის კომპანიამ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით — შრომითი ხელშეკრულებით დაიქირავა ფიზიკური პირი, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, 25,510 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ეწინააღმდეგება შესყიდვების კანონმდებლობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.

შემდეგი საკითხია სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების ნაკლოვანებები. კერძოდ, საშეფასებლო-აუდიტორული მომსახურების ტენდერით მოთხოვნილი იყო, რომ პრეტენდენტს უნდა ჰყოლოდა შესაბამისი გამოცდილების მქონე მინიმუმ 3 თანამშრომელი. სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნის გარეშე ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა პირი, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობას", - განაცხადა ეკონომიკური სფეროს აუდიტის წამყვანმა აუდიტორმა ანა ბურდიაშვილმა.

BMG-იმ მიმართა როგორც პარლამენტს, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული სახელმწიფო კომპანიის შესაბამისობის აუდიტის დოკუმენტის მიღების მიზნით, თუმცა ჯერჯერობით აუდიტის ანგარიში გამოქვეყნებული არაა.

რას საქმიანობს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია"?

რაც შეეხება შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას", ის უშუალოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული კომპანიაა და ის წლების განმავლობაში თავად ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოიყენებოდა უფუნქციო კომპანიების ქონების განკარგვის მიზნით. არსებული მდგომარეობით, აღნიშნული კომპანიის დაქვემდებარებაშია შემდეგი კომპანიები - შპს საქართველოს საზღვაო სანაოსნო (უფუნქციო); შპს გურიის სამედიცინო ცენტრი (უფუნქციო; ლიკვიდირებული); შპს საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი (ფუნქციონირებადი); შპს საქსპეცტრანსი (ფუნქციონირებადი; მშენებლობა); შპს სამთომაშველი (ფუნქციონირებადი); შპს წყალტუბოს თერმული წყლები (ფუნქციონირებადი); შპს დემეტრე 96 (უფუნქციო); შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია (მინიმალურად ოპერირებადი); შპს საზღვაო სტამბა (უფუნქციო); შპს ატელიე თოლია (უფუნქციო); სს კურორტი მენჯი (უფუნქციო); სს საქართველოს აბრეშუმი (უფუნქციო); შპს ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის გადასხმის სადგური (უფუნქციო); შპს სამედიცინო რეაბილიტაციის ამბულატორიული ცენტრი (უფუნქციო); შპს წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა - 2003 (უფუნქციო); შპს შუა დერეფნის სავაჭრო სახლი (უფუნქციო).

იმის მიუხედავად, რომ ამ კომპანიების უდიდესი ნაწილი უფუნქციოა, შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია" მაინც ახდენს მათი მენეჯმენტის ოპერაციების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ამ უფუნქციო კომპანიების აქტივების განკარგვასთან. გარდა შვილობილი კომპანიებისა "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია" ფლობს უძრავ ქონებას თბილისსა და ბათუმში, მათ შორის რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობა იურიდიულად არა პარლამენტის, არამედ ამ კომპანიის საკუთრებაშია.

კომპანიის აქტივები 269 მილიონ ლარად არის შეფასებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილარუსთავი 2
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყოფორმულა
  • სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებსტვ პირველი
  • საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავაიმედი
სამსახური →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

BM.GE

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

BM.GE

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

BM.GE