
„ავლაბრის“ მეტროს სანიაღვრე სისტემა სახურავის გაწმენდისას დაზიანდა - „ბადა ქონსთრაქშენი"
შპს „ბადა ქონსთრაქშენის“ მფლობელი ბაჩანა ადამია აცხადებს, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ დატბორვის მიზეზი, სახურავის გაწმენდის პროცესში ძირითადი სანიაღვრე სადინარის დაზიანება გახდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, სახურავის დასუფთავებისას დაზიანდა მთავარი სადინარი, რამაც მოგვიანებით მეტროსადგურში წყლის ჩასვლა და დატბორვა გამოიწვია.
„ზედა სახურავის გაწმენდის დროს დააზიანეს ძირითადი სადინარი და სწორედ ამან გამოიწვია ეს შემთხვევა. შემდეგ დაზიანება აღმოიფხვრა. ზარალის ოდენობა, სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტად არც მე ვიცი. სახურავს პერსონალი წმენდდა“, - განაცხადა ბაჩანა ადამიამ.
საქმე ის არის, რომ კახა კალაძემ მერიის აუდიტის სამსახურს ახლად რეაბილიტირებულ ავლაბრის მეტროში წვიმის ჩასვლის საკითხის შესწავლა 27 მაისს დაავალა.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულში, რომლის რეაბილიტაციაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.2 მილიონი ლარი დაიხარჯა, უხვი ნალექის შედეგად სახურავის სანიაღვრე სისტემა დაზიანდა. სწორედ ამან გამოიწვია წყლის მოხვედრა მეტროსადგურის შიდა სივრცეში. „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გამარტივებული შესყიდვის წესით შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ შეასრულა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ბადა ქონსთრაქშენი“ 2011 წლის ივლისშია რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა, ხოლო დირექტორის თანამდებობას მანუჩარ კონცელიძე იკავებს.
აქვე საგულისხმოა, რომ მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ პროექტზე პასუხისმგებელი “სს კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა” იყო, თუმცა კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მეტროსადგურ “ავლაბარის” ზედა ვესტიბიულის სამუშაოები ვერ დასრულდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი 2020 წლის 17 ივლისს დასრულდა და შპს “ვეგა+”-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტი უნდა მოემზადებინა, თუმცა 2021 წლის 10 სექტემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა, კომპანიამ კი სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო. 2023 წელს კი საბოლოო სატენდერო ხელშეკრულება შპს “ბადა ქონსთრაქშენს" გაუფორმდა, რომელმაც პროექტი გასულ წელს დაასრულა.
BM.GE
წყარო: bm.ge