
"ავტოკრატიულ რეჟიმს სჭირდება ლოიალური და მორჩილი საჯარო სამსახური"|თამთა მიქელაძე მორიგ ცვლილებებზე
„ავტოკრატიულ რეჟიმს სჭირდება ლოიალური და მორჩილი საჯარო სამსახური და პრემიებისა და დანამატების მოქნილი სისტემის დანერგვა სწორედ ამ ერთგულების განმტკიცების გზაა“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობის ინიცირებით, მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
„[მანამდე მაღალი თანამდებობის პირებმა უკიდურესად მაღალი ხელფასები დაინიშნეს და ეს მატება რამდენჯერმე დაფიქსირდა. მაგალითად, 2026 წელს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასი 1400 ლარით გაეზარდათ და 16 000 ლარი გახდა; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასი 1260 ლარით გაიზარდა და 14 400 ლარი გახდა; მინისტრებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეების - 1190 ლარით და 13 600 ლარი გახდა; დეპუტატების ხელფასი კი 1120 ლარით გაიზარდა და 12 800 ლარი გახდა.
ასევე, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების ხელფასი 1400 ლარით გაიზარდა და 16 000 ლარი გახდა; უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - 1190 ლარით და 13 600 ლარი გახდა; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების - 1134 ლარით და 12 960 ლარი გახდა; საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეების - 1008 ლარით და 11 520 ლარი გახდა.]
რას აჩვენებს ეს?
ბიუროკრატიას საქართველოში ისედაც მრავალი გამოწვევა ჰქონდა და ახლა ამ ძველი პრაქტიკის დაბრუნება საჯარო სამსახურში პატრონ-კლიენტელიზმს კიდევ უფრო გააძლიერებს.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უფროსზე, ანუ „პატრონზე“, იქნება დამოკიდებული, როგორ და რამდენად შეფასდება ერთგულება, ხოლო კონკრეტული პირები სწორედ ამ გზით დაჯილდოვდებიან. დამოუკიდებელი და ნეიტრალური საჯარო მოხელეები კი დაისჯებიან იმით, რომ ჯილდოსა და წახალისებას პრაქტიკულად ვერასოდეს მიიღებენ“, - წერს თამთა მიქელაძე.
facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ ცვლილებაზე, რომელიც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ლიმიტის ზრდას ეხება. მისი თქმით, 2024 წლის პროტესტების შემდეგ, როდესაც 1000-მდე საჯარო მოხელე პოზიციის გამო გაათავისუფლეს, რეჟიმს მორჩილების ახალი ბერკეტები დასჭირდა.
„პატრონ-კლიენტელისტური მართვის პრაქტიკაში ფორმალური ინსტიტუტები და ბიუროკრატია თანდათან ექვემდებარება არაფორმალური ერთგულებისა და პატრონაჟის ლოგიკას. ასეთ სისტემაში საჯარო სამსახური აღარ ემსახურება სახელმწიფოსა და მოქალაქეებს, არამედ მმართველი ჯგუფის პოლიტიკური გადარჩენის ინსტრუმენტად იქცევა.
ავტორიტარული რეჟიმები ხშირად მხოლოდ რეპრესიით არ ფუნქციონირებენ და ისინი პარალელურად ქმნიან მატერიალური დამოკიდებულებისა და შერჩევითი წახალისების სისტემას, რომელიც საჯარო სექტორს რეჟიმის სოციალურ და პოლიტიკურ საყრდენად აქცევს.
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მომუშავე საჯარო მოხელეები რეჟიმს ასევე სჭირდება ერთგულების შესანარჩუნებლად, რადგან ადმინისტრაციული ხელშეკრულება ნაკლებად დაცული შრომითი რეჟიმია: არასოდეს იცი, გაგრძელდება თუ არა ხელშეკრულება. ასეთ პირობებში თანამშრომელი იძულებულია იყოს მორჩილი და პასიური.
- აღარაფერს ვიტყვი იმაზე, საბოლოოდ როგორ იცვლება ასეთი ბიუროკრატიის ეფექტიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებულობა, როდესაც შენი ბედი და წარმატება დამოკიდებულია პატრონის ნებაზე და არა იმაზე, ასრულებ თუ არა კონსტიტუციას და ემსახურები თუ არა საზოგადოებრივ ინტერესებს.
ასეთ პირობებში სახელმწიფო აპარატი თანდათან კარგავს საერთო საჯარო სიკეთის ფუნქციას და მმართველი ჯგუფის მიერ მიტაცებულ რესურსად გარდაიქმნება. სიმბოლური და პოლიტიკური დისტანციაც სახელმწიფოს, მმართველ კლასსა და მოქალაქეებს შორის გაიზრდება“, - წერს თამთა მიქელაძე.
ის ხაზს უსვამს მკვეთრ დისბალანსს ელიტის შემოსავლებსა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს შორის და აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც პენსია მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, ხოლო 60 000-ზე მეტ ადამიანს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს, ჩინოვნიკების ხელფასების ზრდა ამორალურია.
„ქვეყანაში, სადაც პენსია კვლავ საარსებო უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტსაც ვერ უზრუნველყოფს; სადაც ბოლო ათწლეულზე მეტია პრაქტიკულად არ გაზრდილა სოციალური შემწეობისა და დევნილთა დახმარების ოდენობა; სადაც ხელისუფლება მუდმივად საუბრობს „ოპტიმიზაციაზე“, ამართლებს სახელმწიფო საწარმოებიდან ათასობით ადამიანის გათავისუფლებას და 60 000-ზე მეტ ადამიანს სოციალური დახმარება შეუწყვიტა, პოლიტიკური ელიტისა და ბიუროკრატიის ზედა ფენებისთვის ხელფასებისა და პრემიების ზრდა შეუძლებელია არ დავინახოთ ეკონომიკური თვალით.
ეს ქმნის სახელმწიფოს ორმაგ სოციალურ ლოგიკას: სიმკაცრე და ეკონომია დაბალი სოციალური კლასებისთვის, ხოლო პრივილეგიები და მატერიალური უსაფრთხოება მმართველი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კლასისთვის.
ასეთ მოდელში სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი ფუნქცია აღარ არის მოქალაქეებისადმი საჯარო პასუხისმგებლობა, სოციალური დაცვა ან კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. მათი ძირითადი ამოცანა მმართველი ჯგუფის ძალაუფლების შენარჩუნება, ერთგული ელიტების დაჯილდოება და კრიტიკული ჯგუფების დისციპლინირება ხდება. საბოლოოდ კი, ამგვარი პრაქტიკებით იცვლება არა მხოლოდ საჯარო სამსახურის შინაარსი, არამედ თავად სახელმწიფოს ბუნებაც“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge