
აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიას შუამავალი კომპანიის გარეშე შევიძენთ - კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს შუამავალი კომპანიის გარეშე განახორციელებს.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ელექტროენერგიის იმპორტისას შუამავალი კომპანიების გამოყენება აღარ იგეგმება. პრემიერის თქმით, შუამავლის გამორიცხვა სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის დაზოგვას გამოიწვევს.
"ძალიან მნიშვნელოვანია რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება იმპორტი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სემეკის ენერგობალანსის სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან 164 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა; 2025 წელს 417 მილიონი კილოვატ საათი; 2024 წელს 186 მილიონი კილოვატ საათი; 2023 წელს კი 3.3 მლნ კილოვატ საათი. თუმცა, იმპორტის სტატისტიკაში მითითებულია რომ იმპორტი განხორციელებული იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო კომერციული ოპერატორი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში ბოლოს 2021 წელს იყო მითითებული - შპს "თბილისის საინვესტიციო ჯგუფი".
ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი; რუსეთიდან შპს ლუქს ენერჯი; სომხეთიდან კი შპს თრეიდინგ სოლოუშენსი.
BM.GE
წყარო: bm.ge