მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაღის აღმზრდელის ხელფასი სრულ განაკვეთზე მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში 300–500 ლარია|"კივიტას გეორგიკას" მიმოხილვა
ბაღის აღმზრდელის ხელფასი სრულ განაკვეთზე მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში 300–500 ლარია|"კივიტას გეორგიკას" მიმოხილვა

ბაღის აღმზრდელის ხელფასი სრულ განაკვეთზე მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში 300–500 ლარია|"კივიტას გეორგიკას" მიმოხილვა

BM.GE3 მაისი, 2026, 13:51|bm.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკამ” საქართველოში ბაღის აღმზრდელთა შრომის პირობებთან დაკავშირებით მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე ასპექტს მოიცავს, მათ შორის ანაზღაურების, არასტაბილური დასაქმებასა და პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე აღმზრდელის ხელფასი მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში 300– 500 ლარის დიაპაზონში მერყეობს.

“მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც დააწესებს აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს, დღემდე არ არის მიღებული, რის გამოც ანაზღაურების საკითხი პრაქტიკაში მუნიციპალიტეტების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. შედეგად, ხელფასები დაბალია და მნიშვნელოვნად განსხვავდება მუნიციპალიტეტებს შორის — შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ერთეულ მუნიციპალიტეტებში ანაზღაურება მაღალია, მაშინ როდესაც დაბალშემოსავლიან მუნიციპალიტეტებში იგი განსაკუთრებით დაბალია. ამასთან, ანაზღაურება ჩამორჩება მუნიციპალიტეტებში დასაქმებული სხვა საჯარო სექტორის თანამშრომელთა ხელფასებსაც”, - წერია მიმოხილვაში, რომელშიც ასევე ყურადღება გამახვილებულია ბაღის პერსონალის ზაფხულის პერიოდში მუშაობაზეც, - “პრობლემად რჩება სამუშაო დატვირთვასა და ანაზღაურებას შორის დისბალანსი: ბაღის პერსონალი აგრძელებს მუშაობას ზაფხულის პერიოდში, განსხვავებით ზოგადი განათლების მასწავლებლებისგან, თუმცა მათი შრომა არ არის სათანადოდ კომპენსირებული. ასეთი მიდგომა არ შეესაბამება აღმზრდელებზე დაკისრებულ მზარდ პასუხისმგებლობებსა და მოთხოვნებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს პროფესიის მიმზიდველობას”.

ორგანიზაცია წერს, რომ აღმზრდელის ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს მის პროფესიულ პასუხისმგებლობას, კვალიფიკაციასა და სამუშაო დატვირთვას. კანონით გათვალისწინებულია, რომ აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით უნდა განისაზღვროს, ხოლო მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ დაწესებულებების დაფინანსება (მათ შორის ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობით) და შრომითი პირობების მოწესრიგება.

“კივიტას გეორგიკას” მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ პრაქტიკაში ხშირია მოკლევადიანი კონტრაქტები, ზოგჯერ რამდენიმე თვემდე ვადით, რაც ქმნის პროფესიული არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას და ამცირებს პროფესიის მიმზიდველობას.

ამასთან, ორგანიზაციის დაკვირვებით, ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა ხშირად აღემატება კანონით დაშვებულ ზღვარს (30 ბავშვს) და ზოგ შემთხვევაში 40-ზე მეტს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაო დატვირთვას და კიდევ უფრო ამცირებს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების შესაძლებლობას.

რაც შეეხება სხვა საკითხებს:

პროფესიული განვითარება

პროფესიული განვითარება ფრაგმენტულია — არ არსებობს ცენტრალურ დონეზე დამტკიცებული უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა, კარიერული წინსვლის სქემა და ხარისხიანი, სისტემატიზებული ტრენინგების ხელმისაწვდომობა. ამასთან, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში აღმზრდელთა პროფესიული განვითარების ხარჯები სისტემურად არ არის განსაზღვრული. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში არ ფიქსირდება აღმზრდელებისათვის უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. წლების განმავლობაში პროფესიული განვითარება დამოკიდებული იყო დონორულ პროგრამებზე და არა სტაბილურ საჯარო დაფინანსებაზე. პროფესიული განვითარება და ანაზღაურება არ არის თანხვედრაში.

შრომითი გარანტიები და სოციალური დაცვა

აღმზრდელებისათვის შრომითი და სოციალური დაცვის მექანიზმები სათანადოდ არ ფუნქციონირებს: არ არის უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაზღვევა და საშეღავათო პირობები მუნიციპალურ სერვისებზე. ამასთან, დასაქმებისა და სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურები ხშირად არ არის მკაფიოდ რეგულირებული, გამჭვირვალე და ერთგვაროვანი, და პრაქტიკაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადგილობრივი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე, რაც იწვევს ნეპოტიზმს და პოლიტიკური ნიშნით დასაქმებას ან გათავისუფლებას.

შვილის შეძენის გამო ("დეკრეტული") შვებულებით სარგებლობის ნაცვლად დასაქმებულებს ათავისუფლებენ სამსახურიდან, მომავალში დასაქმების დაპირებით, რაც, ფაქტობრივად, ზღუდავს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური უფლებების რეალიზებას.

რესურსებზე და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა

პრაქტიკაში, ბაღების მნიშვნელოვან ნაწილში ტექნიკასა და ინტერნეტზე წვდომა საერთოდ არ არსებობს, რის გამოც აღმზრდელები ხშირად საკუთარი რესურსებით ამზადებენ სასწავლო მასალებს.

განსაკუთრებით მწვავეა ვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, სადაც სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან აღმზრდელებს შეზღუდული აქვთ წვდომა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსებზე ენობრივი ბარიერის გამო. კურიკულუმი აღნიშნულ ენებზე მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა ხელმისაწვდომი, თუმცა არ არსებობს მისი დანერგვის მხარდამჭერი სისტემური პროგრამები, ასევე კვლავ პრობლემად რჩება ბავშვებისათვის მშობლიურ ენაზე საბავშვო ლიტერატურისა და სასწავლო მასალების დეფიციტი.

ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო ინფრასტრუქტურა

პრაქტიკაში, მრავალი ბაღი ფუნქციონირებს ამორტიზებულ შენობებში, რომელთა ნაწილი ფიზიკური დაზიანებისა და დანგრევის რისკის ქვეშაა. ხშირია მომეტებული ნესტი და ობიანი კედლები. ეზოს ინფრასტრუქტურა ხშირად მოძველებულია და ვხვდებით დაზიანებულ ინვენტარს, მათ შორის, ბასრი მეტალის და აზბესტის ნაწილებით. რიგ შემთხვევებში, ბაღები კვლავ თბება შეშის ღუმელით, რაც დამატებით რისკებს ქმნის როგორც უსაფრთხოების, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

ურთიერთობები და დამოკიდებულებები

მართვისა და კოორდინაციის სისტემებში არსებობს როლებისა და პასუხისმგებლობების ბუნდოვანება, ხოლო პროფესიული ავტონომია და მხარდაჭერა არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი, რაც ხშირად იწვევს არაკოლეგიალურ დამოკიდებულებებს და კონფლიქტებს.

ხშირია პრაქტიკა, როდესაც ბაღის პერსონალი გამოყენებულია როგორც ადმინისტრაციული ან პოლიტიკური რესურსი, პარტიულ პოლიტიკურ შეკრებებში და საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მისაღებად, რაც სცდება მათი პროფესიული მოვალეობების ფარგლებს და არღვევს პროფესიული დამოუკიდებლობისა და ეთიკური მუშაობის პრინციპებს.

გენდერული ასპექტი

კოლამდელი განათლების სექტორი თითქმის სრულად ფემინიზებულია (დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა ქალია), რაც განპირობებულია სტერეოტიპული აღქმით, თითქოს აღმზრდელის საქმიანობა „ქალის სამუშაოა“. შედეგად, აღმზრდელთა შრომითი პირობები მეტყველებს უფრო ფართო გენდერულ უთანასწორობაზე შრომის ბაზარზე და ამავე დროს ზღუდავს პროფესიაში გენდერულ ბალანსს.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1 717 საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელიც 130 337 აღსაზრდელს და 19 176 აღმზრდელს, აღმზრდელის თანაშემწეს, პედაგოგსა და სპეცპედაგოგს აერთიანებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქსელური მარკეტები, რითეილერები, საწვავი, მედიკამენტები - „ფასების კომისიის“ დასკვნა და რეკომენდაციები

ქსელური მარკეტები, რითეილერები, საწვავი, მედიკამენტები - „ფასების კომისიის“ დასკვნა და რეკომენდაციები

BM.GE

საფრანგეთის და გერმანიის საელჩოები პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

საფრანგეთის და გერმანიის საელჩოები პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

BM.GE

ფერმერი და კალაძის "ფერარი" საწვავზე ერთი და იგივე აქციზით არ უნდა იბეგრებოდეს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

ფერმერი და კალაძის "ფერარი" საწვავზე ერთი და იგივე აქციზით არ უნდა იბეგრებოდეს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

BM.GE

ბათუმში, სასწრაფოს მანქანა ორ ქვეითს შეეჯახა|განცხადება

ბათუმში, სასწრაფოს მანქანა ორ ქვეითს შეეჯახა|განცხადება

BM.GE