მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქსელური მარკეტები, რითეილერები, საწვავი, მედიკამენტები - „ფასების კომისიის“ დასკვნა და რეკომენდაციები
ქსელური მარკეტები, რითეილერები, საწვავი, მედიკამენტები - „ფასების კომისიის“ დასკვნა და რეკომენდაციები

ქსელური მარკეტები, რითეილერები, საწვავი, მედიკამენტები - „ფასების კომისიის“ დასკვნა და რეკომენდაციები

BM.GE3 მაისი, 2026, 15:04|bm.ge

ფასების ფორმირება საცალო ქსელებში, საწვავისა და მედიკამენტების ბაზრებზე არ არის ერთმნიშვნელოვნად მარჟების პრობლემა - "ფასების საპარლამენტო კომისიამ" თითქმის ორ თვე ნახევრიანი მუშაობის შემდეგ დაასკვნა, რომ თითოეულ სეგმენტში ფასზე მოქმედებს განსხვავებული, მაგრამ სისტემურად დაკავშირებული ფაქტორები, ხოლო საერთო სურათი ფორმირდება ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპის ერთობლივი გავლენით.

კომისიის დასკვნით, ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით. მასზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს საბრუნავი კაპიტალის ღირებულება, კომერციული პირობები, ლოგისტიკა და გარე ეკონომიკური ფაქტორები.

საცალო ქსელები (FMCG)

დასკვნის მიხედვით, FMCG საცალო სექტორი საქართველოში ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციით, რაც გამორიცხავს მონოპოლიური ფასების ფორმირებას.

კომისიის დასკვნით, ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით. მასზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს საბრუნავი კაპიტალის ღირებულება, კომერციული პირობები, ლოგისტიკა და გარე ეკონომიკური ფაქტორები.

კომისია პირდაპირ მიუთითებს, რომ: „საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე.“

ამავე დროს, ბაზარზე დომინირებს ე.წ. მაღალი-დაბალი (Hi–Lo) ფასების მოდელი, რაც ნიშნავს, რომ თაროს ფასი არ ასახავს რეალურ ფასს.

როგორ მუშაობს მოდელი

• პროდუქტი იყიდება მაღალი თაროს ფასით; • გაყიდვების 70%-80% ხდება ფასდაკლებით; • საბოლოო ფასი არის შეწონილი საშუალო და არა სტანდარტული ფასი.

დასკვნაში ხაზგასმულია: „ბაზარზე რეალურად ჩამოყალიბებული ფასი წარმოადგენს არა სტანდარტულ (თაროს) ფასს, არამედ სააქციო და არასააქციო გაყიდვების შეწონილ საშუალოს.“

ფასდაკლებები და მარჟები - როგორ ნაწილდება ხარჯი ჯაჭვში

კომისიის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ეხება იმ მითს, თითქოს აქციებსა და ფასდაკლებებს მხოლოდ მაღაზიები აფინანსებენ. დოკუმენტის მიხედვით, ეს არის მთელ ჯაჭვში გადანაწილებული, კოორდინირებული პროცესი.

საინტერესოა მარჟების რეალური სტრუქტურა, სადაც ჩანს, რომ აქციების დროს სუპერმარკეტები ხშირად საკუთარ მოგებაზეც კი ამბობენ უარს:

• ქსელის მარჟა (Front): ხშირად მცირდება ან სულაც ნეგატიური ხდება და -5.8%-დან -18.5%-მდე მერყეობს. • მომწოდებლის მარჟა (Back): ამ დროს იზრდება და 19.9%–29.3%-ს აღწევს. • ჯამური მარჟა: მიუხედავად ცვალებადობისა, საბოლოო ჯამში მაინც დადებითი რჩება — 7.9%–21.5%-ის ფარგლებში.

„სააქციო ფასები არ წარმოადგენს საცალო ქსელების მიერ ერთპიროვნულად დაფინანსებულ გადაწყვეტილებას“, - ვკითხულობთ დასკვნაში.

საველე კვლევა

აღსანიშნავია, რომ საზოგადოება დასკვნის გამოქვეყნებამდე კვლევის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც კვლევაშია მითითებული კვლევის ავტორი და საველე სამუშაოს განმახორციელებელი.

2026 წლის თებერვალ-აპრილში ჩატარებულმა საველე კვლევამ აჩვენა, რომ საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ინფლაციური წნეხი, პრაქტიკულად, არ იგრძნობოდა. პირიქით, ფასები კონკურენტულ დიაპაზონში დარჩა, რასაც ხელი შეუწყო აქტიურმა ფასდაკლებებმა, რომლებიც ხშირად 25%-დან 40%-მდე აღწევდა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის მიხედვით, დაკვირვება ყოველდღიური მოხმარების ძირითად პროდუქტებზე განხორციელდა, მათ შორის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, რძის პროდუქტებზე, მაკარონზე, ბრინჯსა და წიწიბურაზე. კომისიის შეფასებით, ამ კატეგორიებში ფასების ზრდის ტენდენცია არ გამოვლენილა და ისინი ძირითადად კონკურენტული ბაზრის საშუალო ნიშნულში მერყეობდა.

კომისია ხაზს უსვამს, რომ კვლევის პერიოდში საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ფასების სტაბილურობა დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარზე არ არსებობს მოკლევადიანი შოკები ან გადაჭარბებული მარჟები, რომლებიც ფასების ზრდას განაპირობებდა.

ამასთან, დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფასებაა, რომ საქართველოს ბაზარზე საბაზისო სასურსათო კალათის მნიშვნელოვანი ნაწილი ფასის თვალსაზრისით კონკურენტულია და რიგ შემთხვევებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც დაბალ ნიშნულზეა წარმოდგენილი

ვინ როგორ მოქმედებს ფასზე?

დოკუმენტი დეტალურად შლის ღირებულებათა ჯაჭვს და დასკვნა ამბობს, რომ აჩვენებს თითოეული რგოლის როლს:

• მწარმოებლები: ისინი ქმნიან პირველად თვითღირებულებას, თუმცა სრულად არიან დამოკიდებულნი ქსელებზე (გაყიდვების 90%-მდე სწორედ სუპერმარკეტებზე მოდის). მათი მთავარი პრობლემა საბრუნავი კაპიტალის მაღალი მოთხოვნაა. • იმპორტიორები და დისტრიბუტორები: აქ გროვდება ლოგისტიკური და ფინანსური ხარჯები. ეს რგოლი მუდმივი ლიკვიდობის წნეხის ქვეშაა, რადგან ფულადი ციკლი 65-დან 78 დღემდე გრძელდება. • საცალო ქსელები: ეს ის რგოლია, რომელიც საბოლოო ფასს განსაზღვრავს. ისინი მუდმივად მანიპულირებენ აქციებითა და მარჟებით, რათა კონკურენციაში არ დამარცხდნენ.

რატომ არ იკლებს ფასები სწრაფად?

კომისია რამდენიმე სისტემურ ბარიერს ასახელებს, რაც ფასების სწრაფ ვარდნას აფერხებს. ესენია:

• კომერციული ძალების ასიმეტრია და გადახდების გახანგრძლივებული ვადები (60-90 დღე); • მაღალი ლოგისტიკური ხარჯები და ბაზრის არასაკმარისი გამჭვირვალობა.

კომისია მკაფიოდ ამბობს, რომ ფასების პირდაპირი, ადმინისტრაციული რეგულირება გამოსავალი არ არის. ნაცვლად ამისა, რეკომენდაციები სტრუქტურულ ცვლილებებზე გადის:

„ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ“, — ასეთია კომისიის მთავარი გზავნილი. საბოლოო ჯამში, ფასების კლება მხოლოდ კომპლექსური მიდგომითა და მთელი ჯაჭვის გაჯანსაღებითაა შესაძლებელი.

მედიკამენტები: რეფერენტული ფასების გავლენა და ქსელების მარჟები

დასკვნის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი თავი ფარმაცევტულ ბაზარს ეთმობა. კომისიის შეფასებით, საქართველოში წამლების ფასებზე გადამწყვეტი გავლენა 2023 წლიდან ამოქმედებულმა რეფერენტულმა ფასებმა იქონია, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ფასების ზედა ზღვარი განსაზღვრა.

დოკუმენტში მოყვანილია სააფთიაქო ქსელების მომგებიანობის მაჩვენებლებიც, რაც, კომისიის მტკიცებით, საერთაშორისო ნორმების ფარგლებშია:

• საერთო მოგების მარჟა: სააფთიაქო ქსელებში ეს მაჩვენებელი 22%-დან 30%-მდე მერყეობს. შედარებისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ანალოგიური მარჟა 25%-35%-ის ფარგლებშია. • ვერტიკალური ინტეგრაცია: კომისია ხაზს უსვამს, რომ ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიები ხშირად ერთდროულად არიან იმპორტიორებიც, მწარმოებლებიც და საცალო რეალიზატორებიც. ეს მათ საშუალებას აძლევს, ხარჯები მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე გადაანაწილონ. • საოპერაციო ხარჯები: ფარმაცევტულ სექტორში საოპერაციო ხარჯების წილი (OpEx) ბრუნვასთან მიმართებაში 17%-დან 23%-მდეა, რაც ძირითადად ფართების იჯარითა და მაღალკვალიფიციური პერსონალის შენახვითაა განპირობებული.

კომისიის დასკვნით, მედიკამენტების შემთხვევაშიც გამოსავალი არა ფასების ტოტალურ კონტროლში, არამედ გენერიკული (ანალოგიური შემადგენლობის, მაგრამ უფრო იაფი) მედიკამენტების წახალისებასა და რეფერენტული ფასების სიის შემდგომ გაფართოებაშია.

„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა პირდაპირ კავშირშია ბაზარზე კონკურენციის ხარისხთან და არა მხოლოდ ადმინისტრაციულ შეზღუდვებთან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

საწვავის ბაზარი - აქციზის შემცირება გამოსავალი არ არის

დასკვნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავი ნავთობპროდუქტების ბაზარს ეთმობა. კომისიის შეფასებით, საწვავის ფასზე საქართველოში სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საერთაშორისო ფასები (Platts), ლარის გაცვლითი კურსი და ლოგისტიკური ხარჯები.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საწვავზე აქციზის შემცირება ფასების დასასტაბილურებლად ეფექტიანი გზა ვერ იქნება, რადგან საქართველოში ეს გადასახადი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ისედაც დაბალია. ამის ნაცვლად, კომისია მთავარ გამოწვევად მიწოდების წყაროების დაბალ დივერსიფიკაციას ასახელებს.

• იმპორტზე დამოკიდებულება: 2025 წლის მონაცემებით, საწვავის იმპორტის ძირითადი წილი რუსეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთსა და აზერბაიჯანზე მოდის. ეს ბაზარს გეოპოლიტიკური რისკებისა და სანქციების მიმართ მოწყვლადს ხდის. • ოპერაციული ხარჯები: საწვავის ფასზე გავლენას ახდენს მარაგების მართვისა და ლოგისტიკის სირთულეები.

„საქართველოს საწვავის სექტორის მთავარი სტრუქტურული გამოწვევა არის მიწოდების წყაროების შეზღუდული დივერსიფიკაცია“, - ნათქვამია დასკვნაში.

ფასების შესარბილებლად კომისია შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

• იმპორტის დივერსიფიკაცია: ახალი მომწოდებლების მოძიება, რათა შემცირდეს კონკრეტულ ქვეყნებზე დამოკიდებულება. • სტრატეგიული მარაგები: სახელმწიფოს მხრიდან მარაგების მართვის გაუმჯობესება შოკური პერიოდების გადასალახად. • თვითმომსახურების დანერგვა: ბენზინგასამართ სადგურებზე თვითმომსახურების მოდელების განვითარება, რაც კომპანიებს საოპერაციო ხარჯებს შეუმცირებს და ფასზეც აისახება.

კომისიის დასკვნით, საწვავის ფასის გრძელვადიანი სტაბილურობა არა საგადასახადო შეღავათებზე, არამედ ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაციასა და ბაზრის მოქნილობაზეა დამოკიდებული.

სამი სცენარი

კომისიის შეფასებით, ფასების დინამიკაზე რეაგირებისას მთავარი აქცენტი უნდა გადაინაცვლოს არა ადმინისტრაციულ ჩარევაზე, არამედ ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე. დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს, რომ:

„ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ.“

ამ კონტექსტში, რეკომენდაციები დროის ჭრილშიც არის დიფერენცირებული და სხვადასხვა ჰორიზონტზე განსხვავებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტებს მოიცავს.

მოკლევადიანი მიდგომა - სწრაფი, თუმცა შეზღუდული ეფექტი

დასკვნის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მიზნობრივი და დროებითი ჩარევები კონკრეტულ პროდუქტებზე, რაც მიმართული უნდა იყოს სწრაფ რეაგირებაზე, თუმცა სისტემურ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს.კომისია აღნიშნავს, რომ ასეთი ინტერვენციები უნდა იყოს მკაცრად დროით შეზღუდული და მიზნობრივი, რათა არ დააზიანოს კონკურენცია და ბაზრის ბუნებრივი ფუნქციონირება.

საშუალოვადიანი პოლიტიკა

საშუალოვადიან პერიოდში აქცენტი გადადის ბაზრის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. რეკომენდაციები მოიცავს:

• ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირებასა და გაძლიერებას; • კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაციას საცალო ქსელებსა და მომწოდებლებს შორის; • სექტორული მონიტორინგის სისტემის შექმნას.

დასკვნა ამ ნაწილში ხაზს უსვამს, რომ ფასის ფორმირების პროცესში არსებული ასიმეტრიები და ინფორმაციის ნაკლებობა სწორედ ამ ეტაპზე უნდა დარეგულირდეს, რათა ბაზარი გახდეს უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი.

გრძელვადიანი ხედვა

გრძელვადიან პერსპექტივაში კომისია ხედავს ფასების შემცირების მთავარ რესურსს არა რეგულაციაში, არამედ ეფექტიანობის ზრდაში.

რეკომენდაციები მოიცავს:

• ლოგისტიკური სისტემების განვითარებას და ხარჯების შემცირებას; • private label პროდუქციის გაფართოებას, რაც ზრდის კონკურენციას ფასზე; • ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რაც ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას.

დასკვნის მიხედვით, სწორედ ამ მიმართულებებზე მუშაობა ქმნის საფუძველს, რომ ფასების შემცირება იყოს მდგრადი და არა დროებითი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლონდონის საფონდო ბირჟა Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლას მიესალმება

ლონდონის საფონდო ბირჟა Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლას მიესალმება

BM.GE

"მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ევროპის საზღვაო კურორტებზე" - იგეგმება თუ არა ზაფხულის ტურისტული პაკეტების გაძვირება

"მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ევროპის საზღვაო კურორტებზე" - იგეგმება თუ არა ზაფხულის ტურისტული პაკეტების გაძვირება

BM.GE

კორუფცია სისტემურ პრობლემად რჩება - აკაკი ცომაია

კორუფცია სისტემურ პრობლემად რჩება - აკაკი ცომაია

BM.GE

საფრანგეთის და გერმანიის საელჩოები პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

საფრანგეთის და გერმანიის საელჩოები პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

BM.GE