გვქონდა დაპირება, რომ რუსეთი შვიდივე ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა - კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ რუსეთი ქართულ კომპანიებს სანქციების სიიდან ამოიღებდა, რადგან მათ ამის შესახებ "რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" თავმჯდომარემ, იური ბალაშოვმა განუცხადათ.
ჟურნალისტებმა პრემიერს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა წინასწარი ინფორმაცია რუსეთის მიერ კიდევ ორი ქართული კომპანიის შესაძლო დასანქცირების შესახებ და იცოდა თუ არა თბილისში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელზეც მამუკა ფიფია საუბრობდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვიდრე გიორგი ზურაბაშვილი მიხეილ გალუზინს შეხვდებოდა, ქართულ მხარეს შეხვედრა მიხეილ ბალაშოვთან ჰქონდა, რომლის ინფორმაციითაც რუსეთს მანამდე დასანქცირებული შვიდივე კომპანია სანქციებისგან უნდა გაეთავისუფლებინა. კობახიძემ თქვა ისიც, რომ რუსეთის მხრიდან პირობა რამდენჯერმე შეიცვალა.
"თბილისში იყო ტექნიკური დონის მოლაპარაკებები, სადაც [იური ბალაშოვთან] საუბარი გვქონდა სწორედ ღვინის საკითხზე. მისი მხრიდან იყო დაპირება, რომ წლის ბოლომდე ყველა კომპანია სანქციების სიიდან ამოღებული იქნებოდა. თუმცა, მოგვიანებით მისი პოზიციაც შეიცვალა და შემდეგ უკვე გალუზინთან შეხვედრაზეც ანალოგიური პოზიცია მოვისმინეთ, რაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. თავიდან იყო ერთი დაპირება, შემდეგ ეს შეიცვალა, სამწუხაროა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის: „ნაბეღლავის“, „კოკა-კოლას“, „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ვაინმენის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ. 27 ოქტომბერს კი პრორუსმა ბიზნესმენმა და პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა მამუკა ფიფიამ BM.GE-ს განუცხადა, რომ რუსეთმა სასმელების იმპორტი კიდევ სამი ქართული კომპანიისგან შეზღუდა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს, მინსკში, რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის ფორმატი „აბაშიძე-კარასინის“ პრაღის ფორმატისგან იმითაც განსხვავდება, რომ ქართული მხარის წარმომადგენელი, სპეციალური წარმომადგენლის სტატუსთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასაც იკავებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ შეხვედრა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის კონტექსტში შეაფასა, ხოლო რუსული მხარის ინფორმაციით, მხარეებმა უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. შეხვედრების გაგრძელების შესახებ მინსკში განცხადება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა გააკეთა, თუმცა თბილისსა და მოსკოვს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით კი, პირველი შეხვედრის შედეგებით გაოცების მიუხედავად, დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერს და ამას აუცილებლობად მიიჩნევს.
