
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2 ივნისს გაიხსნება - ღონისძიება ₾300,000 ჯდება
ბაქო-თბილისი-ყარსის (BTKI) რკინიგზა ოფიციალურად 2 ივნისს გაიხსნება - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომლითაც შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა" გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. განაცხადის თანახმად, 2 ივნისს, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურზე დაგეგმილ პრეზენტაციას პროექტში მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრებიან.
"„ბაქო-თბილისი-ყარსის“ პროექტი არის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტი, რომლის ფარგლებში აშენდა - სადგურები, ხიდები, ტერმინალი, გვირაბი, ქვესადგურები. დაიგო 235კმ-მდე ახალი ლიანდაგი, აშენდა სრულიად ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. გახსნის ღონისძიებაზე უნდა მოხდეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მიერ ერთობლივად განხორციელებული საერთაშორისო პროექტის დასრულების მნიშვნელობის წარმოჩენა.
ვინაიდან ცერემონიას დაესწრებიან როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო პროექტში მონაწილე მეზობელი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები, მისი ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა (მათ შორის მისი ჩატარების თარიღის დადგენა) არ იყო დამოკიდებული მხოლოდ შპს „მარაბდა - კარწახის რკინიგზაზე“. ცერემონიის ღონისძიების შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებაოდა დაგეგმილი რადგან მისი ჩატარების ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხი (მათ შორის ჩატარების თარიღი) საჭიროებდა ცერემონიაში მონაწილე მხარეებთან შეთანხმებას. ამასთან, მიმდინარეობდა სარკინიგზო ხაზის ექსპლუატაციასთან და მართვასთან დაკავშირებული გარკვეული ტექნიკური და სამართლებრივი საკითხების დარეგულირება, რომლის დასრულებამდეც ვერ განხორციელდებოდა ცერემონიის დაგეგმვა და შესაბამისად ვერ მოხდებოდა ვერც მისი ჩატარების ღონისძიების შესყიდვის დაგეგმვა. ცერემონიის ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილია მხოლოდ 4 სამუშაო დღე. ეს მოკლე პერიოდი არ არის საკმარისი ელექტრონული ტენდერის პროცედურების განსახორციელებლად და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოსავლენად, მით უმეტეს არც მასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად,"- ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის განცხადებაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საცდელ რეჟიმში 2017 წლიდან ოპერირებდა, ხოლო 2026 წლის 19 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა BTKI-ს პროექტის ოფიციალურ ექსპლოატაციაში შესვლას, რისთვისაც მისი ქონების მართვას ჩართული ქვეყნების ერთობლივი კომპანია BTKI Railways მოახდენს. რკინიგზის ტექნიკური გამტარიანობა წლიურად 5 მილიონი ტონაა, თუმცა გასული წლების განმავლობაში აღნიშნული დატვირთვის 10%-ის ათვისებაც კი არ მომხდარა.
პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.
საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა სესხით სრულად დააფინანსა აზერბაიჯანულმა მხარემ, აღნიშნული კრედიტის მოცულობაა 775 მილიონი დოლარი და მისი გასტუმრება უნდა მოხდეს პროექტის მოგებიდან. ამასთან, საქართველოს მონაკვეთი ასევე აზერბაიჯანულმა სამშენებლო კონტრაქტორებმა ააშენეს. ამ დროისთვის იქიდან გამომდინარე, რომ რკინიგზა არ ოპერირებდა, მისი აქტივების მმართველ ქართულ კომპანია შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზას" საერთო ჯამში 1 მილიარდ ლარზე დიდი ზარალი აქვს აკუმულირებული.
იმის მიუხედავად, რომ რკინიგზა თავდაპირველად ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების თურქეთში და შემდგომ ევროპაში ტრანზიტის მიზნით აშენდა, სულ რამდენიმე დღის წინ, 24 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისინიც ჩაერთვებიან პროექტში და რკინიგზას თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის დასამყარებლად გამოიყენებენ, რისთვისაც ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა თურქეთის და საქართველოს ხელისუფლებას.
BM.GE
წყარო: bm.ge