
ბევრი რამე დაუწერია მათ შორის თეთრ სახლს ფაქტებზე დაუფუძნებლად, მოგვაწოდონ ფაქტები - კობახიძე ჩინეთის ჩრდილოვანი გადაზიდვების შესახებ ანგარიშზე
„რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მოყვანილი? არ მგონია, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მოყვანილი. ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას აშშ-ის თეთრი სახლის ანგარიშზე, რომელშიც საქართველო ჩინური საქონლის ამერიკული ტარიფებისთვის გვერდის ავლის შესაძლო მარშრუტად არის მოხსენიებული.
კობახიძის განცხადებით, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტების არსებობა მისთვის უცნობია. პრემიერის თქმით, სხვადასხვა მხარეს, მათ შორის თეთრ სახლსაც, შესაძლოა ფაქტებზე დაუფუძნებელი ან არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს.
„ძალიან ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაუფუძნებლად. აქედან გამომდინარე, დასკვნებს ნუ გააკეთებთ. შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებით დაწეროს რაღაც, შეიძლება არ დაწეროს ფაქტებზე დაფუძნებით. თეთრ სახლსაც შეიძლება ვინმემ მიაწოდოს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია. ყოველ ჯერზე, როცა ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს და შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან ხოლმე, ეს არის სტანდარტული მოცემულობა.
ფაქტი მოგვაწოდონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში არავითარი სქემა არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი. ფაქტი თუ იქნება, რეაგირებაც გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თეთრმა სახლმა აგვისტოში გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „The Great Transshipment Scam“ („დიდი სატრანზიტო თაღლითობა“), რომელიც ჩინეთიდან აშშ-ში საქონლის გადაზიდვის სქემებსა და ამერიკული ტარიფებისთვის გვერდის ავლის შესაძლო პრაქტიკებს ეხება.
ანგარიშის თანახმად, ჩინური საქონელი შესაძლოა თავდაპირველად მესამე ქვეყნებში გაიგზავნოს, სადაც მისი წარმოშობის შესახებ ინფორმაცია იცვლება, რის შემდეგაც პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე შედარებით დაბალი ტარიფით შედის. სწორედ ამ კონტექსტშია დოკუმენტში მოხსენიებული საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად.
ანგარიში ქვეყნებს რამდენიმე კატეგორიად ყოფს. საქართველოსთან ერთად ერთ-ერთ კატეგორიაში მოხსენიებულია აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სინგაპური, შვეიცარია და სხვა სახელმწიფოები.
დოკუმენტში ასევე ცალკე არის გამოყოფილი უფრო დიდი მასშტაბის მქონე ქვეყნები და სავაჭრო გაერთიანებები, რომლებიც ჩინეთის მიერ აღნიშნული მიზნებისთვის გამოიყენება მათ შორის ევროკავშირი, კანადა, ისრაელი, ინდოეთი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ტაივანი. ასევე მსხვილ კატეგორიაში არიან მოხსენიებული ბრაზილია, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, თურქეთი და ვიეტნამი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ანგარიშში ქვეყნის მოხსენიება თავისთავად კონკრეტული დარღვევის დამადასტურებელი ფაქტი არ არის. კობახიძე ამბობს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში ხელისუფლება საკითხზე რეაგირებისთვის მზად არის.
BM.GE
წყარო: bm.ge