
"BI Group-თან ერთად უძრავი ქონების ბაზარს კიდევ უფრო გავაძლიერებთ და დავხვეწთ“ - „არქის“ დამფუძნებელი
„არქის“ თანადამფუძნებელი ილია წულაია საქართველოში მაღალტექნოლოგიური BI Group-ის შემოსვლას მიესალმება და აცხადებს, რომ "არქი" ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერთან ერთად ქართული უძრავი ქონების ბაზარს კიდევ უფრო გააძლიერებს და დახვეწს.
„არქი“ ჯგუფი ყაზახურ BI Group-თან სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას აანონსებს. თანამშრომლობის ფარგლებში BI Group-ი მოწინავე სამშენებლო პრაქტიკასა და ციფრულ ტექნოლოგიებს დანერგავს. მხარეები უახლოეს პერიოდში ერთობლივ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსაც დააანონსებენ.
ილია წულაია ამბობს, რომ მათ დიდი გეგმები აქვთ.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ასეთი მასშტაბური, მაღალტექნოლოგიური და ძალიან წარმატებული კომპანია შემოვიდა. BI Group-ის დამფუძნებელი აიდინ რაჰიმბაევი ჰარვარდში გავიცანი, დღეს კი პარტნიორობა დავიწყეთ, საქმეს ერთად ვაკეთებთ - „არქი“, როგორც ნომერ პირველი კომპანია საქართველოში, BI ჯგუფი, როგორც ნომერ პირველი კომპანია ცენტრალურ აზიაში. ბედნიერი ვარ, რომ „არქი“ ასეთ პარტნიორთან და ასეთ ადამიანებთან დააპარტნიორდა. ჩვენ უკვე დიდი გეგმები გვაქვს: დარწმუნებული ვარ, საქართველოში მაღალ ტექნოლოგიებს შემოვიტანთ, კიდევ უფრო გავაძლიერებთ და დავხვეწთ უძრავი ქონების ბაზარს და BI ჯგუფის შემოსვლა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს კიდევ უფრო დაეტყობა. რატომ შემოვიდა BI ჯგუფი? იმიტომ, რომ საქართველოს ბაზარი არის ძალიან მიმზიდველი და მე დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი პარტნიორობა ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენ ქვეყანას", - განაცხადა წულაიამ.
ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია BI Group-ის დამფუძნებელი აიდინ რაჰიმბაევი აცხადებს, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს დიდი ხანია აკვირდებოდნენ და აქ შემოსვლისთვის სანდო პარტნიორს ეძებდნენ. მისი თქმით, ახალ ბაზარზე „არქი ჯგუფი“ მათთვის კარგი პარტნიორი იქნება.
BI Group-ის შესახებ
BI Group-ის აქციონერები და კომპანიები რამდენიმე ქვეყანაში მსხვილი პროექტების მშენებლობაში ახორციელებენ ინვესტიციებს. ჰოლდინგი წარმოდგენილია AIX-ისა და KASE-ის საფონდო ბირჟებზე და ყოველწლიურ აუდიტს „დიდი ოთხეულის“ წევრი კომპანია KPMG ატარებს.
30-წლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ ააშენა 145,000 ბინა, 9 მილიონი კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება, ათეულობით ინოვაციური სკოლა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ეროვნული მაგისტრალები, ხიდები, სამრეწველო საწარმოები და ენერგეტიკული ობიექტები. კომპანია ყაზახეთის სამშენებლო სექტორში ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელია. მისი პროექტები 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანია 8,000 სამუშაო ადგილს ქმნის.
მხოლოდ 2025 წელს BI Group-მა რეკორდული 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ჩააბარა.
BI Group განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. კომპანიის აქციონერები, მენეჯმენტი და თანამშრომლები შემოსავლის ნაწილს რეგულარულად კორპორაციულ საქველმოქმედო ფონდ BI-Juldyzai-ში რიცხავენ, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს ეხმარება. ფონდის მხარდაჭერით ბავშვებს წამყვანი უცხოელი ქირურგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციებს უტარებენ. გარდა ამისა, კომპანია მხარს უჭერს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, განათლებას, ქალაქების გამწვანებასა და სპორტის განვითარებას.
„არქის“ შესახებ
„არქი“ #1 დეველოპერული კომპანიაა საქართველოში და ბაზრის დაახლოებით 20% ფლობს. კომპანია პირველია ქვეყანაში, რომელმაც მსხვილმასშტაბიანი უბნების (Master Development) განვითარება დაიწყო. კომპანია 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს. დღეისათვის „არქის“ დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი, აერთიანებს 70,000-ზე მეტ მცხოვრებს და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში კომპანიამ საერთაშორისო გაფართოებაც დაიწყო და პროექტები ისეთ გლობალურ ბაზრებზე განავითარა, როგორიცაა ფლორიდა (აშშ). „არქის“ მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ძლიერი საერთაშორისო ნდობა და გრძელვადიანი განვითარების ხედვა.
BM.GE
წყარო: bm.ge