
ბიტკოინი $78,000-მდე გაიზარდა – რა იწვევს კრიპტოს გაძვირებას?
კრიპტოაქტივების გლობალურ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება – ერთ კვირაში ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა მსხვილი კრიპტოაქტივების შეფასება საშუალოდ 23%-ით გაიზარდა და ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ $2.6 ტრილიონს მიაღწია.
დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 78,000 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მისმა შეფასებამ $1.6 ტრილიონს მიაღწია. რაც შეეხება ეთერიუმს, ის ამჟამად დაახლოებით 2,500 დოლარად ივაჭრება, რაც 30%-იან ზრდას წარმოადგენს.
კრიპტოაქტივების ზრდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციების გამოსყიდვის მოცულობის გაორმაგებას უკავშირდება. ობლიგაციების გამოსყიდვის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების მოგებიანობა და დოლარის კურსი შემცირდა, რამაც ინვესტორები ალტერნატიული აქტივებისკენ გადაამისამართა.
ამასთან, საკანონმდებლო დონეზე კრიპტოსექტორის მხარდაჭერის ინიციატივით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც თეთრ სახლში გამართულ კრიპტოკონფერენციაზე კონგრესს შესაბამისი კანონპროექტის, Clarity Act-ის დროული მიღებისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) თავმჯდომარემ, მაიკ სელიგმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის დღის წესრიგის მხარდასაჭერად ყველა არსებულ ინსტრუმენტს გამოიყენებს.შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ობლიგაციების გამოსყიდვის ოპერაციებს ბაზრის ლიკვიდურობის მხარდასაჭერად და საპროცენტო განაკვეთების მერყეობის შესამცირებლად პერიოდულად ახორციელებს. თუმცა ამჟამინდელი ინტერვენცია იმდენად უჩვეულო იყო, რომ მან ბაზარზე ინფლაციის დაჩქარების და შეზღუდული მიწოდების მქონე აქტივების გაძვირება გამოიწვია - სწორედ ამ მიზეზით გაიზარდა ოქრო და ვერცხლიც.
BM.GE
წყარო: bm.ge