აგროსექტორის, უფრო კონკრეტულად კი მეთხილეობის დარგის წარმომადგენლების შეფასებით, სახელმწიფოს მიერ დაანონსებული აგროდაფინანსების განახლებული პროგრამა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასული კვირის ბოლოს წარადგინა, რეფორმის გეგმაა და მთავარი ამ პროცესში ის არის, როგორც განხორციელდება რეფორმა. თემაზე BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრეს.
კომპანია “ალმონდეს” დირექტორი ლევან ქვარიანი, “ჯორჯიან გარდენსის“ დირექტორი ნარიმან ფირცხელიანი და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე ლათათია ერთხმად ამბობენ, რომ რეფორმის განხორციელების მექანიზმები მათთვის ჯერჯერობით გაუგებარია. ამასთან, ისინი დარგის და მისი წარმომადგენლების განვითარებისთვის, ამ პროგრამების მნიშვნელობაზე საუბრობენ, თუმცა მეთხილოეობის ინდუსტრიის აზრი იმ საკითხში იყოფა, რაც პროგრამის გამარტივებას ეხება.
„პროექტის განხორციელებაში ბიუროკრატიის შემოტანა, ვფიქრობ, ინდუსტრიას მიმზიდველობის ხიბლს დაუკარგავს“ - ასე აფასებს „აგროდაფინანსების ახალ პროგრამას“ თორნიკე ლათათია, რომელიც სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამაში ბანკების როლის მნიშვნელობის და მონაწილეობის შესახებაც საუბრობს. ლევან ქვარიანი კი ამბობს, რომ ერთი შეხედვით ერთი ქოლგის ქვეშ სხვადასხვა პროგრამების გაერთიანება გამარტივების წარმოდგენას აჩენს.
- აგროდაფინასნების ახალი პროგრამის მიხედვით, მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ არსებული დამოკიდებულება იცვლება თუ არა რადიკალურად ან ფუნდამენტურად? რასაც თვალს ვადევნებთ არის თუ არა რეფორმა, რადგან ჩვენთვის ბევრი დეტალი ამ ეტაპზე თვალსაჩინო არ არის.
ლევან ქვარიანი: სოფლის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია - ეს არის რეფორმის გეგმა. ახლა მთავარია ეს გეგმა როგორ განხორციელება. ის, რომ სამინისტრომ გადაწყვიტა უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს სექტორის წარმომადგენლებთან, თუნდაც ასოციაციების სახით - მისასალმებელია. [სოფლის მეურნეობის სამინისტროში] გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა რიგი საკითხები, პრობლემები და ამ ყველაფერს შევხედავთ, ვთქვათ რა გამოხმაურება მოჰყვება. ასევე ალბათ ამ რეფორმის მთავარი ნაწილია სწორედ ამ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების გაერთიანება, რაღაც ერთი სახით წარმოდგენა, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს ვთქვათ ინფორმაცია დეტალებზე. ერთი შეხედვით, ეს თითქოს უფრო ერთ ქოლგაში თავს უყრის სხვადასხვა პროგრამებს და კარგად ჩანს, უფრო მარტივად განსახორციელებლად, თუმცა იქ არის რიგი დეტალები, რომლებსაც ინდუსტრიის წარმომადგენლები ვისურვებდით, რომ მალე გაგვეგო, ჩავიხედოთ დეტალებში და მერე უფრო მეტად შევაფასებთ რეალურად. საუბარია პროგრამის დიზაინზე, პირობებზე და ა.შ. რაც დაანონსებულია ეს რეფორმის გეგმაა და შემდგომში გამოჩნდება როგორ განხორციელდება.
- ნარიმან, პირადად თქვენი კომპანიის მაგალითზე მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ - რა გჭირდებათ უფრო სწრაფი განვითარებისთვის და უფრო დიდ სურათში, სოფლის მეურნეობისადმი ახალ მიდგომებში ხედავთ თუ არა თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილების გზებს?
ნარიმან ფირცხელიანი: ჩვენი ფირმის მაგალითზე გეტყვით, რომ ამ ბიზნესში სოფლის სამინისტროს მიერ ამოქმედებული „დანერგე მომავლის“, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით აღმოვჩნდით. ჩვენ ამ ყველა საშუალებას ვიყენებდით, რაც მისასალმებელია. ეს ინსტრუმენტები რომ არ ყოფილიყო, ამ სფეროს ხელს არც მოვკიდებდით. შემდგომში, რეფორმის შედეგად, წარმოება რომ გავზარდოთ და მიწის სხვადასხვა ფართები ავითვისოთ, ჩვენთვის საინტერესოა - რა მიდგომა იქნება. ჯერჯერობით ვიცით, რომ რეფორმაა, მაგრამ კონკრეტულად რა ინსტრუმენტები იქნება, როგორ მოხდება ამ საშუალებების ცვლილება, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. კონკრეტულად, რომ გითხრათ რა და როგორ განვითარდება, ჯერჯერობით ამის თქმის შესაძლებლობა არ გვაქვს.
- თორნიკე, რეფორმის პროცესში პრეზენტაციის მიხედვით, ერთ-ერთი აქცენტი, რაც ყურს ხვდება ის არის, რომ ეს სახელმწიფო პროგრამები უფრო ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს და გამარტივებისკენ შეიძლება წავიდეს - რა იგულისხმება, ამ გამარტივებაში ჯერჯერობით არ ვიცით. შეგიძლიათ გვითხრათ, მთელ ამ პროცესში რა ემართება ბანკების ჩართულობას? რა ტიპის გამარტივება შეიძლება იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი დარგში სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო შემოვიდა, რაც შემდეგ ვიცით, რომ გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მევენახეობის სექტორი ამის თვალსაჩინო მაგალითია, სადაც მკაცრი ზომების შემოღება გახდა საჭირო, იმისთვის რომ დარგის დაფინანსების კუთხით არსებული პრობლემა სახელმწიფომ გარკვეულწილად შეიმსუბუქოს...
თორნიკე ლათათია: სიმართლე გითხრათ, ამ პრეზენტაციაში სიტყვა გამარტივება ვერ დავიჭირე. მე უფრო სიტყვები მომხვდა რაღაც მონიტორინგი, ანალიტიკა, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია. მახსოვს, 2015 წელს, სამინისტროში მუშაობისას, მაშინ ბატონი ოთარ დანელია იყო მინისტრი და პროექტების შექმნისას სამინისტროს მიდგომა იყო, რომ პროექტი მაქსიმალურად გაემარტივებინათ და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო სოფლად არსებული ფერმერისთვის, რომელსაც ნაკლები ინფორმაცია აქვს, ნაკლები წვდომა აქვს ინტერნეტთან, ნაკლები გამოცდილება აქვს ბიუროკრატიასთან მუშაობაში და ასე შემდეგ. სწორედ მაშინ შეიქმნა მიდგომები, როცა რაღაც ჩექლისტის პრინციპით მივდიოდით, რომ ძირითადი ისეთი დოკუმენტები უნდა წარმოდგენილიყო, რაც განცდას გააჩენდა, რომ ამ აპლიკანტს, პროექტის გაკეთების სურვილი, შესაძლებლობაც აქვს. მონიტორინგის და ანალიტიკის შემოტანა მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ არსებობდა, შეიძლება უფრო დაიხვეწოს, რაც კიდევ უფრო გააჯანსაღებს იმ გამოწვევების იდენტიფიცირებასაც, რაც უნდა გაკეთდეს, თუმცა ბიუროკრატიის შემოტანა პროექტის განხორციელებაში, ვფიქრობ, [აგრო] ინდუსტრიას მიმზიდველობის ხიბლს დაუკარგავს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბიზნესში შემოვიდნენ ისეთი მეწარმეები, რომლებსაც შემოსავლები ჰქონდათ სხვა ბიზნესიდან და შესაძლებლობა დაინახეს, დაინახეს სახელმწიფოს მხარდაჭერა და ამ სექტორში ბიზნესში შემოსვლაც ამიტომ გადაწყვიტეს. დღეს არსებული გამოწვევები, სწორედ იმ გამარტივებული მიდგომების შედეგია. ამიტომ იყო ჩვენი მხრიდან ხაზგასმული, რომ უკვე შექმნილ ინდუსტრიებს სჭირდება დამატებითი ხელშეწყობა, რომ გლობალურ ბაზარზე სხვა მწარმოებლებთან კონკურენციის გაწევა შეძლონ. ასევე მნიშვნელოვანია ახალი პროექტების გაჩენა, რომ ამ ინდუსტრიების მასშტაბში გაიზარდოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი სოფლად არსებული ფერმერებისთვის, რომლებიც ამ ზედმეტ ბიუროკრატიას არ შეუშინდებიან. პირიქით, მარტივად გასაგები და განხორციელებადი იქნება და ა.შ.
- ჩემი კითხვის აქცენტი ასეთია - ვის ხელში უნდა იყოს სოფლის მეურნეობის პროგრამების დაკრედიტების ნაწილში რისკების გადაზღვევა - ბანკების მხარეს თუ ეს უნდა იყოს ჩინოვნიკის მხარეს?
თორნიკე ლათათია: ჩემი გამოცდილებით, ჰიბრიდული პროექტი უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში სოფლის მეურნეობას უნდა შევხედოთ როგორც ბიზნესს, სადაც რიცხვები მონაწილეობს და ვფიქრობ, რომ ყველაზე კომპეტენტურები ფინანსების ნაწილში, დღეს, საქართველოში ბანკები არიან. შესაბამისად, რამდენად დაკრედიტებადია ესა თუ ის პროექტი - შეფასებისა და გადაწყვეტილების ამ პროცესში ბანკები რაღაც დოზით ჩართულები უნდა იყვნენ. თავის მხრივ, სახელმწიფო ჩართული უნდა იყოს თვითონ ჩარჩო პროექტის არსებობით. სახელმწიფო უნდა დააიდენტიფიციროს ინდუსტრია, გამოწვევები და შექმნას პროდუქტი, რომელიც ვიღაცასთან სინდიცირების პირობებში ამ გამოწვევას გადაჭრის და შემდეგ უკვე ამის განხორციელება, დაფინანსება, ფინანსების მოზიდვა, ვფიქრობ, რომ უფრო შედეგიანი და ეფექტური იქნება, თუ ბანკები დაამუშავებენ, იმიტომ რომ ბანკები დღეს, ვფიქრობ, საქართველოში ყველაზე განვითარებული ბიზნესია.
რა ვიცით აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაზე?
აგროსექტორის მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 23 აპრილს ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. “აგროთანადაფინანსება” - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც მთავრობის წევრების მტკიცებით, სექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებულ მოდელს ითვალისწინებს.
ცალკეული პროგრამებიდან ერთიან მოდელზე გადასვლა - ეს მთავარი სისტემური ცვლილებაა, რასაც მთავრობის აგროსექტორის მხარდამჭერი ახალი პროგრამა ითვალისწინებს. ამიერიდან სახელმწიფო პროექტებს არა ცალკეული კომპონენტების მიხედვით დააფინანსებს, არამედ მთლიანად პროექტის თანადაფინანსებაში შევა. აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო პროექტებში მაქსიმუმ 2 მილიონი და მინიმუმ 100 ათასი ლარის ინვესტიციით მიიღებს მონაწილეობას.
აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამას რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება. ასეთია მაგალითად მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობის მოწყობა, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ასევე მსხვილფეხა და წვრილფეხა მეცხოველეობის ფერმისა და საფუტკრე მეურნეობის მოწყობა. გაჩნდება ახალი კომპონენტი და სისტემურ დაფინანსებას დაექვემდებარება სასაკლაოების მოწყობა.
აგრორეფორმის ფარგლებში 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერთა რეესტრიც, ციფრული პლატფორმა, რომელიც მათ შორის ფერმერთა იდენტიფიკაციის მიზანს მოემსახურება. სექტორის მხარდამჭერ ახალ მოდელზე გადასვლა ასევე ითვალისწინებს, პროცესების მკაცრ მონიტორინგს და კონტროლს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო რესურსები.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობისთვის, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე აგროპროგრამებს ჩაანაცვლებს, პოტენციურ ბენეფიციარს სოფლის განვითარების სააგენტოში 4 ეტაპის გავლა მოუწევს: პირველი - ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია; მეორე - განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსება; მესამე - "ბიზნესგეგმის" წარდგენა; მეოთხე - შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ამჟამად, „შეღავათიან აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში, 1-ელი ივლისიდან, განახლებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, ბანკი/საფინანსო ინსტიტუტი საერთოდ არ ჩანს.