
„ბლუტაბლამ“ დიდ ბრიტანეთში სადისტრიბუციო ცენტრი გახსნა - საერთაშორისო გაფართოების გეგმა
ქართული ბრენდი „ბლუტაბლა“, რომელიც ეროვნულ ორნამენტიკას, ეთნოგრაფიასა და ქართულ დამწერლობას თანამედროვე დიზაინში აერთიანებს, ლონდონში სადისტრიბუციო და სასაწყობო ცენტრი გახსნა, რაც ევროპულ ბაზარზე ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციასა და მომხმარებლებისთვის პროდუქციის ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება.
როგორც „ბლუ ტაბლას“ მარკეტინგის მენეჯერმა ნინი ტყემალაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ბრენდის მიზანი თავიდან ქართული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ცხოვრებაში ინტეგრირება იყო, დღეს კი ეს ხედვა საერთაშორისო მასშტაბით ვითარდება.
"ახლა ამ იდეას საერთაშორისო მასშტაბით ვავითარებთ და პოზიციებს გლობალურ ბაზრებზე კიდევ უფრო ვაძლიერებთ. ხანგრძლივი ტექნიკური და საოპერაციო სამუშაოების შედეგად ლონდონში გავხსენით სადისტრიბუციო და სასაწყობო ცენტრი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ტექსტილის სრული კოლექცია ბრიტანელი მომხმარებლებისთვის უკვე სრულად ხელმისაწვდომია როგორც საერთაშორისო ვებგვერდზე, ასევე Amazon-სა და Amazon Prime-ზე“, - განაცხადა ტყემალაძემ.
მისი თქმით, სწორედ Amazon-ის საერთაშორისო პლატფორმაზე მზარდმა მოთხოვნამ აჩვენა, რომ ბრიტანეთი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარია, რამაც კომპანიას ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილება მიაღებინა.
"მოთხოვნა სტაბილურად იზრდება და განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ბრიტანეთიდან წამოვიდა. ამან გვიბიძგა, რომ ადგილზე სასაწყობო ცენტრი გაგვეხსნა და ლოგისტიკა კიდევ უფრო დაგვეხვეწა. ამასთან, მოთხოვნის ზრდის პარალელურად ვავითარებთ როგორც საწარმოო, ისე საოპერაციო მიმართულებებს", - აღნიშნა მან.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფართოებასთან ერთად გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც. ამჟამად „ბლუ ტაბლაში“ 120-მდე ადამიანი მუშაობს, ხოლო თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოშია დასაქმებული.
"მზარდ მოთხოვნას საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებით ვპასუხობთ. თანამშრომლების რაოდენობა უკვე 120-მდე გავზარდეთ და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენი გუნდის 99%-ზე მეტი საქართველოშია, რაც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას უწყობს ხელს", – განაცხადა ნინი ტყემალაძემ.
განვითარების შემდეგ ეტაპად, ბრენდი აშშ-ისა და ევროპის სხვა ქვეყნების ბაზრებს განიხილავს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ამერიკიდან უკვე იკვეთება მაღალი ინტერესი, რის გამოც საოპერაციო და საწარმოო პროცესების გაფართოებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ამასთან, „ბლუ ტაბლას“ ცნობადობის ზრდას საერთაშორისო მედიის ყურადღებაც ადასტურებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბრენდი ბრიტანულ Vogue-შიც მოხვდა, რასაც მნიშვნელოვან აღიარებად ფასდება.
"„ბლუ ტაბლა“ ბრიტანულმა Vogue-მ ახსენა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი აღიარებაა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ტრადიციული მოტივები, კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი თანამედროვე ხედვა საერთაშორისო აუდიტორიისთვის საინტერესოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული დიზაინი გლობალურ ბაზარზე სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება", – ამბობს ტყემალაძე.
მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნას ერთდროულად როგორც ქართული დიასპორა, ისე უცხოელი მომხმარებლების მზარდი ინტერესი განაპირობებს.
"უცხოელი მომხმარებლებისთვის ქართული დამწერლობა, ორნამენტიკა და ეთნოგრაფია უნიკალური და გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობაა. ამ ელემენტების თანამედროვე დიზაინში გადატანა კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რაც მოთხოვნის ზრდაშიც აისახება", – აღნიშნა მან.
საერთაშორისო გაფართოების პარალელურად, კომპანია ადგილობრივ ბაზარზეც აგრძელებს განვითარებას. "ბლუ ტაბლა" საქართველოს მასშტაბით უკვე 14 ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის თბილისის წამყვან სავაჭრო ცენტრებში და საკუთარ საავტორო მაღაზიებში.
BM.GE
წყარო: bm.ge