
ბოლო წლებში აშენებული სადგურების 94%-ს სახელმწიფოსგან წახალისების მექანიზმი ჰქონდა - ჩახვაშვილი
„Galt & Taggart“-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები შეაფასა. მისი განცხადებით, დარგის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან მონეტარულ წახალისებასა და ინფრასტრუქტურულ გამართულობას.
მისი განმარტებით, ბოლო წლებში აშენებული სადგურების 94%-მა სწორედ წახალისების მექანიზმით ისარგებლა. შესაბამისად, CFD (ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება) მექანიზმის შემოღება სექტორისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
„ბოლო წლებში აშენებული სადგურების 94%-ს წახალისების მექანიზმი ჰქონდა, დარჩენილი 6% კი მხოლოდ ორმეგავატიანი პატარა სადგურები იყო — ხუთ მეგავატზე მეტი სიმძლავრის არცერთი მათგანი არ ყოფილა. ეს რეალობა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მონეტარული წახალისება, ამიტომ CFD-ის (ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება) შემოღება და დაბრუნება ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ქსელის განვითარებაა. სადგურის ასაშენებლად აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა გენერირებული ენერგია მომხმარებლამდე მივიდეს. სწორედ ამიტომ, გადამცემ ქსელებში დაგეგმილი მილიარდიანი ინვესტიცია და განახლებული 10-წლიანი გეგმა, რომელსაც წლის ბოლომდე ველოდებით, უმნიშვნელოვანესია. ამ დოკუმენტში გენერაციისა და ხაზების მშენებლობის გეგმა უკვე დეტალურად და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება, რაც ასევე წინგადადგული ნაბიჯია.
მესამე მიმართულება, რასაც სახელმწიფო სექტორის დასახმარებლად აკეთებს, წესების წინასწარ განსაზღვრაა. გარკვეული წესები იცვლება, ზოგიც შესაძლოა მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდეს აქტუალური, თუმცა სახელმწიფო მუშაობს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდეთ. სწორედ ამგვარ გამჭვირვალობას ვითხოვთ ყოველთვის ჩვენც და მთელი სექტორი.
მეოთხე და ყველაზე რთული ეტაპი კი მემორანდუმების რეალურად გაფორმებაა. მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია 4 თუ 11.5 გიგავატზე მთავარია, პროექტებს ხელი მოეწეროს. დღეს ვხედავთ, რომ ბევრი პროექტი მემორანდუმს ელოდება, ზოგს კი განაცხადი აქვს შეტანილი, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. ამ ეტაპის დასრულება დიდი ლოდის გადაგორება და გამჭვირვალობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან რეალური პროექტების იდენტიფიცირების გარეშე ქსელის სწორად დაგეგმვა შეუძლებელია. მართალია, მოდიფიკაციები მოგვიანებითაც შევა, მაგრამ ამჟამად მსურველი უფრო მეტია, ვიდრე მთავრობის მზაობა მემორანდუმების გასაფორმებლად. შესაბამისად, ნომერი პირველი ამოცანაა იმის განსაზღვრა თუ როგორ მოხდება პროექტების შერჩევა და გადანაწილება. ამ მიმართულებით გადადგმული მცირე ნაბიჯები იყო ჯარიმების ჩამოწერა და გარკვეული შეზღუდვების გაუქმება. ამ ნაწილში პროგრესს ვხედავთ", - განაცხადა ჩახვაშვილმა "ანალიტიკაში".
რაც შეეხება ბიზნესის მონაწილეობით ქვესადგურების მშენებლობის საკითხს, საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი ამბობს, რომ კერძო ინვესტორების არსებობა პროცესს დააჩქარებს.
„გადამცემი სისტემის განახლება რომ დაიწყეს, ნახეს, რომ არის პროექტები, რომლებიც გვიანდება, იმიტომ რომ იქ დამატებითი კომპანია ან სხვა ვინმეა შემოსული. ამ პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ისე, რომ ინვესტორმა თავად თქვა: მოდი, მე თვითონ დავამთავრებ ამ ხაზს, მე თვითონ გავიღებ ამ ინვესტიციას, აქ ტექნიკა მოყვანილი მყავს და ყველა საშუალება მაქვს იმისთვის, რომ შედარებით უფრო იაფად გავაკეთო. რეალურად რომ შევხედოთ, თუ ინვესტორს უფრო იაფი უჯდება, რადგან იქ ტექნიკა და ყველაფერი აქვს, მაშინ რატომაც არა", - ამბობს ჩახვაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge