
ბრენდირებული ტკბილეული, დესერტები და ფურშეტები - როგორ იზრდება მოთხოვნა „ტკბილის“ კორპორატიულ შეკვეთებზე
საკონდიტრო კომპანია „ტკბილი“ საცალო გაყიდვებთან ერთად B2B მიმართულებასაც ავითარებს.
როგორც „ტკბილის“ თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა თინა თავართქილაძემ BMGTV-ის გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა, კორპორატიული შეკვეთები განსაკუთრებით აქტიურდება სადღესასწაულო პერიოდებში, მათ შორის, აღდგომისა და ახალი წლის წინ. მისი თქმით, კომპანიამ საახალწლო შეკვეთებისთვის მზადება უკვე დაიწყო, რადგან ამ პერიოდში სამუშაო დატვირთვა მნიშვნელოვნად იზრდება.
„თბილისის რამდენიმე რესტორანთან ვთანამშრომლობთ, რომლებსაც ჩვენი დესერტებით ვამარაგებთ. რაც შეეხება კორპორატიულ შეკვეთებს, ეს მიმართულებაც გვაქვს და განსაკუთრებით აქტიურია სადღესასწაულო პერიოდებში. სხვათა შორის, უკვე დავიწყეთ საახალწლო მზადება, რადგან ამ დროს ძალიან ვიტვირთებით. მობილიზებულები ვართ, რომ ყველაფერს მომზადებულები შევხვდეთ და მაქსიმალურად შევამციროთ ხარვეზების ალბათობა.
ძალიან დიდ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ და ჩვენი ურთიერთობა ერთჯერადი არ არის. ეს მუდმივი თანამშრომლობაა - როდესაც კომპანიებს ღონისძიება ან განსაკუთრებული თარიღი აქვთ, იციან, რომ შეუძლიათ მოგვმართონ. ჩვენ გუნდი ვართ, რომელსაც ენდობიან და რომელიც აწვდის ზუსტად იმას, რასაც დამკვეთი ითხოვს“, - განაცხადა თინა თავართქილაძემ.
მისივე განმარტებით, „ტკბილი“ კორპორატიულ მომხმარებლებს მხოლოდ დესერტებს არ სთავაზობს - მომსახურება მოიცავს ბრენდირებულ ტკბილეულსა და შეფუთვასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი შეკვეთების შემთხვევაში, როდესაც კომპანიებს სურთ, პროდუქცია საკუთარ ბრენდსა და ღონისძიების კონცეფციას მოარგონ.
„ჩვენ არ ვართ სტანდარტული საკონდიტრო. დამკვეთებს ვთავაზობთ როგორც ბრენდირებულ ტკბილეულსა და დესერტებს, ისე ბრენდირებულ შეფუთვას. წარმოიდგინეთ, როდესაც დიდი კომპანია რამდენიმე ათას ერთეულს უკვეთავს, მისთვის მნიშვნელოვანია, მშვიდად იყოს და იცოდეს, რომ თანამშრომლობს გუნდთან, რომელიც ზუსტად იმ პროდუქტს მიაწვდის, რომელსაც ითხოვს.
აქამდე ისე მოვედით, რომ ჯერ არავისთვის იმედი არ გაგვიცრუებია. ჩვენი თანამშრომლობა გარკვეულწილად პარტნიორობას დაემსგავსა - როდესაც კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი თარიღი დგება, ისევ ჩვენ გვიკავშირდებიან“, - აღნიშნა მან.
კომპანიის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება ფურშეტებია. თავართქილაძის თქმით, მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული შეკვეთებისთვის. ინდივიდუალური მომხმარებლები ფურშეტებს დაბადების დღეების, ნათლობებისა და სხვა დღესასწაულებისთვის უკვეთავენ, კორპორატიული დამკვეთები კი კომპანიის ღონისძიებებისთვის.
რესპონდენტის შეფასებით, ფურშეტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. ამასთან, მოთხოვნადია თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სასაჩუქრე კორპორატიული შეკვეთებიც.
„განსაკუთრებით ფურშეტების მიმართულებით მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. ასევე მინდა ხაზი გავუსვა სასაჩუქრე კორპორატიულ შეკვეთებს, რომლებსაც კომპანიები თანამშრომლებისთვის აკეთებენ. ესეც ძალიან მოთხოვნადია და ძალიან მიხარია. ამ შეკვეთებში მთელი გული გვაქვს ჩადებული, რადგან ჩვენთვისაც სასიხარულოა, როდესაც ვიცით, რომ ერთი ადამიანი თავისი დიდი კომპანიისგან საჩუქარს მიიღებს, რომლის უკანაც მაინც ჩვენ ვდგავართ“, - განაცხადა თინა თავართქილაძემ.
კომპანია კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობისას პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და დამკვეთის მოთხოვნების ზუსტად შესრულებაზე აკეთებს აქცენტს. ამასთან, სეზონური დატვირთვის ზრდის გამო, წინასწარი მომზადება და შეკვეთების ორგანიზება ბიზნესის საოპერაციო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
BM.GE
წყარო: bm.ge