
ბრიტანეთის უმდიდრესი მოქალაქე ქვეყნიდან გადავიდა – რატომ ტოვებენ მილიარდერები ლონდონს?
ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ადგილზე მყოფმა, 88 წლის დევიდ რუბენმა ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად მონაკოში გადავიდა.
როგორც ცნობილია, უძრავი ქონების მაგნატისა და საფეხბურთო კლუბ Newcastle United-ის მფლობელის გადაწყვეტილება ლეიბორისტული მთავრობის მიერ დაგეგმილ საგადასახადო ცვლილებებსა და მილიარდერების მასობრივ გადინებას უკავშირდება.
დევიდ რუბენის ქონების შეფასება 35 მილიარდ დოლარს შეადგენს და The Times-ის ინფორმაციით, ბიზნესმენმა მონაკოში გადასვლის გადაწყვეტილება სწორედ იქ არსებული საგადასახადო პირობების გამო მიიღო.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დიდი ბრიტანეთიდან კაპიტალის გადინების მთავარი მიზეზი ფინანსთა მინისტრის, რეიჩელ რივზის მიერ გაუქმებული ე.წ. non-dom სისტემაა, რომელიც უცხოელებს მხოლოდ ბრიტანეთში მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საშუალებას აძლევდა. ბოლო მონაცემებით, 2024 წლის შემდეგ ქვეყნის უმდიდრესი 350 მოქალაქის სია დატოვა 60-მა ბიზნესმენმა, რომლებმაც საცხოვრებლად სხვა იურისდიქცია აირჩიეს.
ამასთან, კვლევების მიხედვით, ბრიტანელი მილიარდერების მთლიანი სიმდიდრის 10%-ს, ანუ $97 მილიარდს სწორედ მონაკოს რეზიდენტები აკონტროლებენ.
პარალელურად, შექმნილ ვითარებას ბრიტანული ბიზნესსექტორი კრიტიკულად აფასებს. საფეხბურთო კლუბ Manchester United-ის მფლობელის, ჯიმ რატკლიფის განცხადებით, შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით, ბრიტანეთის ამჟამინდელ მთავრობას სიმდიდრის მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვს. ასევე, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არსებული საგადასახადო რეჟიმი ქვეყნიდან არა მხოლოდ მილიარდერებს, არამედ დამწყებ და პერსპექტიულ მეწარმეებსაც განდევნის.
BM.GE
წყარო: bm.ge