
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლე მარიამ ხუხუნაიშვილი IB DP-ის 43 ქულით მსოფლიოს საუკეთესო 5%-შია
ბრიტანულ-ქართული აკადემიის 2026 წლის კურსდამთავრებულებმა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის - IB DP წარმატებით დაასრულეს. წლევანდელი შედეგები ყველა ძირითად კომპონენტში მსოფლიო საშუალო მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება:
• ორენოვანი IB დიპლომის მიღების მაჩვენებელი: 96%; მსოფლიო საშუალო: 82.6%; • საშუალო ჯამური შედეგი: 34 ქულა; მსოფლიო საშუალო: 30.9; • საშუალო საგნობრივი შეფასება: 5.2 ქულა; მსოფლიო საშუალო: 4.93; • უმაღლესი ინდივიდუალური შედეგი: 43 ქულა 45-დან.
წლევანდელი მონაცემები აკადემიის კონკურენტულ პოზიციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩენს. ერთიანი გლობალური შეფასების პირობებში მოსწავლეები წარმატებით კონკურირებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან, ხოლო სკოლა არა მხოლოდ ინარჩუნებს მსოფლიო საშუალოზე მაღალ მაჩვენებლებს, არამედ საკუთარ აკადემიურ შედეგებსაც აუმჯობესებს.
43 ქულა და ადგილი მსოფლიოს საუკეთესო 5%-ში
IB Diploma Programme-ში მაქსიმალური შედეგი 45 ქულაა. 40 და მეტი ქულა მოსწავლეს მსოფლიოს საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულთა 5%-ში ათავსებს.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულმა მარიამ ხუხუნაიშვილმა 43 ქულა მიიღო. მარიამი იხსენებს, რომ შედეგების დაუყოვნებლივ ნახვას არ აპირებდა და მიღწევის შესახებ პირველად მამამ შეატყობინა, რომელსაც სკოლიდან დაუკავშირდნენ.
„როცა მამამ დამირეკა, მხოლოდ ამის შემდეგ შევედი სისტემაში ქულების სანახავად. ეს მომენტი იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ პირველი წამები დღემდე ბუნდოვნად მახსოვს. ბედნიერებისგან პირველ რიგში ჩემს დას და უახლოეს მეგობრებს დავურეკე. ეს იყო უდიდესი შვება. IB DP ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე სასკოლო პროგრამაა და იმის გააზრება, რომ მე ეს შევძელი, საოცარი გრძნობა იყო“, ამბობს მარიამ ხუხუნაიშვილი.
43 ქულის მისაღებად მოსწავლემ მაღალი შედეგი სხვადასხვა საგანში, კვლევით დავალებებსა და პროგრამის ძირითად კომპონენტებში უნდა აჩვენოს. ამიტომ ეს მიღწევა ფართო აკადემიური მომზადების, თანმიმდევრული შრომისა და ინტელექტუალური დამოუკიდებლობის მაჩვენებელია.
რას აფასებს IB Diploma Programme
IB Diploma Programme მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და აკადემიურად ინტენსიური საერთაშორისო პროგრამაა. ის მხოლოდ საგნობრივ ცოდნას არ ზომავს. პროგრამა აფასებს, რამდენად შეუძლია მოსწავლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, დამოუკიდებელი კვლევა, ინფორმაციის კრიტიკულად გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა და დროის ეფექტიანად მართვა.
ექვს საგნობრივ მიმართულებასთან ერთად მოსწავლეები ასრულებენ Theory of Knowledge-ს, Creativity, Activity, Service-სა და Extended Essay-ს. ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი კვლევითი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე ირჩევს თემას, მუშაობს წყაროებზე, აყალიბებს არგუმენტს და წერს 4 000-სიტყვიან აკადემიურ ნაშრომს.
საბოლოო შეფასება აერთიანებს წერით გამოცდებს, კვლევით და პრაქტიკულ დავალებებს, ზეპირ პრეზენტაციებსა და აკადემიურ ნაშრომებს. შეფასებული ნამუშევრების ნაწილი IB-ის საერთაშორისო მოდერაციას გადის, რაც მსოფლიოს სხვადასხვა სკოლაში ერთიანი სტანდარტის დაცვას უზრუნველყოფს.
IB Diploma Programme-ის კოორდინატორის, მარტინ კეონის შეფასებით, მაღალი შედეგი პროგრამის ყველა მიმართულებაში თანმიმდევრულ მუშაობას მოითხოვს.
„43 ქულა გამორჩეული შედეგია, რადგან მოსწავლემ მაღალი დონე სხვადასხვა საგანსა და პროგრამის ძირითად კომპონენტებში უნდა აჩვენოს. Extended Essay მას დამოუკიდებელი კვლევის, აკადემიური წერისა და სამუშაო პროცესის მართვის გამოცდილებას აძლევს. წლევანდელი შედეგები ადასტურებს, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიის აკადემიური სისტემა მოსწავლეებს როგორც საერთაშორისო გამოცდებისთვის, ისე უნივერსიტეტში სწავლისთვის ეფექტიანად ამზადებს“, ამბობს მარტინ კეონი.
რა დგას მაღალი შედეგების უკან
მარიამისთვის გამოცდებისთვის მზადება ორწლიანი, თანმიმდევრული პროცესი იყო. იგი მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების განმავლობაში ქმნიდა კონსპექტებს, მეგობრებთან ერთად განიხილავდა საკითხებს და სისტემატურად მუშაობდა წინა წლების საგამოცდო დავალებებზე.
„IB DP-ის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ის გცდის, რამდენად შეგიძლია შესწავლილი თეორიის რეალურ სამყაროში გამოყენება. ამიტომ უმთავრესია არა მექანიკური დაზეპირება, არამედ მასალის სიღრმისეული გააზრება“, ამბობს მარიამი.
მისი შეფასებით, შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მასწავლებლებმა და თანაკლასელებმა შეასრულეს. პედაგოგებთან ერთად მარიამი განიხილავდა სასწავლო მასალას, შეფასებებში დაშვებულ შეცდომებს, წინა წლების საგამოცდო დავალებებსა და გამოცდაზე დროის მართვის სტრატეგიებს.
„ამ შედეგის მიღწევაში ბრიტანულ-ქართული აკადემიის მასწავლებლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. ისინი გვიზიარებდნენ რჩევებს არა მხოლოდ იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა საკითხი გამოცდაზე შეგვხვედროდა, არამედ იმასაც, როგორ უნდა გვემართა დრო უშუალოდ წერის პროცესში. ჩემს პროგრესში დიდი წვლილი მიუძღვით თანაკლასელებსაც, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და მიბიძგებდნენ, უკეთესი ვყოფილიყავი“, აღნიშნავს მარიამი.
მარიამმა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სწავლა უშუალოდ IB DP-ის დაწყებისას დაიწყო. მისი თქმით, ახალ გარემოსთან დაკავშირებული მღელვარება მალევე შეცვალა მეგობრებისა და პედაგოგების მხარდაჭერამ.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის, სალომე დანელიას განცხადებით, წლევანდელი შედეგები მოსწავლეების ძალისხმევასთან ერთად სკოლის სისტემურ მუშაობასაც ასახავს.
„წლევანდელი მონაცემები ყველა ძირითად კომპონენტში მსოფლიო საშუალო მაჩვენებლებს აღემატება და აჩვენებს, რომ აკადემია საკუთარ შედეგებსაც თანმიმდევრულად აუმჯობესებს. ეს მოსწავლეების შრომის, პედაგოგების პროფესიონალიზმისა და გააზრებული აკადემიური მხარდაჭერის შედეგია. ჩვენი მიზანი მხოლოდ მაღალი ქულა არ არის. გვინდა, მოსწავლემ სკოლა დამოუკიდებელი აზროვნებით, პასუხისმგებლობითა და უნივერსიტეტისთვის რეალური მზადყოფნით დაასრულოს“, ამბობს სალომე დანელია.
ბრიტანულ-ქართული აკადემია ულოცავს მარიამ ხუხუნაიშვილსა და 2026 წლის ყველა კურსდამთავრებულს, მათ პედაგოგებსა და ოჯახებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მოსწავლეებს მომავალ აკადემიურ და პროფესიულ გზაზე წინსვლას უსურვებს.
BM.GE
წყარო: bm.ge