
ChatGPT-ის ახალი ხმოვანი მოდელები ადამიანივით საუბრობს - რა წარადგინა OpenAI-მ?
ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებულმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, OpenAI-მ ChatGPT-ის მომხმარებლებისთვის ახალი ხმოვანი მოდელები წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია ჩეთბოტს მომხმარებლის მოსმენისა და მასთან პარალელურ რეჟიმში საუბრის შესაძლებლობას აძლევს. მომხმარებლებს ხმოვანი ასისტენტის 3 სხვადასხვა დონის არჩევა შეუძლიათ, თუმცა ყველაზე ხარისხიანი და შეუზღუდავი ვერსია, GPT-Live 1 მხოლოდ პრემიუმ პაკეტის გამოწერის შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი. უფასო მოდელი კი, რომელსაც GPT-Live Mini ეწოდება, შეზღუდული ხანგრძლივობით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოსცადოს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ განახლებული არქიტექტურა უწყვეტი ინტერაქციის პრინციპს ეფუძნება. ეს მიდგომა ხელოვნურ ინტელექტს რთული დავალებების სხვა მოდელებისთვის დელეგირების საშუალებას აძლევს. მაგალითად, სპეციფიკური საკითხის შესწავლისას სისტემას შეუძლია დახმარებისთვის GPT-5.5 მოდელს მიმართოს. ამ პროცესის პარალელურად GPT-Live-1 მომხმარებელთან უწყვეტ დიალოგს შეინარჩუნებს. მიღებულ პასუხს ის საუბარში მოგვიანებით „უზადოდ ჩაააინტეგრირებს“ - აცხადებენ OpenAI-ში. როგორც სტარტაპში განმარტავენ, ეს მექანიზმი ადამიანებს შორის კომუნიკაციის ფორმას სრულად გაიმეორებს და შექმნის განცდას, რომ საუბარი გაქვთ არა ხელოვნურ ინტელექტთან, არამედ მეორე ადამიანთან..
ახალი მოდელები სინქრონული თარგმანის შესრულების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მომხმარებელს შეეძლება ინგლისურ ენაზე ისაუბროს, ჩეთბოტი კი ამ ტექსტს სხვადასხვა ენაზე მინიმალური დაგვიანებით გადათარგმნის.. ამას გარდა, პლატფორმას საჭიროების შემთხვევაში გარკვეული გრაფიკული ფოტოების ჩვენებაც შეეძლება. ეს ფუნქცია ამინდის პროგნოზის ან სპორტული ტურნირების შედეგების ჩვენებისთვის გამოდგება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უსაფრთხოების ფილტრები მნიშვნელოვნად გააძლიერა. ახალი მოდელები ძალადობის, თვითდაზიანებისა და ინტიმური ხასიათის კონტენტის ბლოკირებას ეფექტურად განახორციელებს. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში ხმოვანი მასალები კომპანიის სერვერზე მხოლოდ 30 დღის განმავლობაში შეინახება და მომხმარებლის მიერ მიწოდებული აუდიო ფაილები ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად თანხმობის გარეშე არ გამოიყენება.
BM.GE
წყარო: bm.ge