
ჩინეთის მიერ Boeing-ის მხოლოდ 200 თვითმფრინავის შეკვეთის გამო, კომპანიის აქციების ფასი შემცირდა
ჩინეთის ხელისუფლების მიერ მხოლოდ 200 თვითმფრინავის შეძენის თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ საფონდო ბირჟაზე საავიაციო გიგანტის, Boeing-ის აქციების გაუფასურება გამოიწვია. ვაჭრობის შედეგად Boeing-ის აქციების ფასი 4.1%-ით შემცირდა, კაპიტალიზაცია კი $173.81 მილიარდამდე დაეცა.
როგორც ირკვევა, ანალიტიკოსები ჩინეთის მიერ 500 ხომალდის შესყიდვაზე შეკვეთის გაფორმებას ელოდნენ, თუმცა საბოლოო მაჩვენებელი პროგნოზებს მკვეთრად ჩამორჩა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სწორედ ამ რაოდენობის დიდი ხომალდების შეკვეთას დათანხმდა. მ
ნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები Boeing 737 MAX მოდელის 500 ხომალდისა და ძვირად ღირებული ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავების შესყიდვას მოიცავდა, თუმცა საბოლოოდ რაოდენობა მხოლოდ 200-ით განისაზღვრა
Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკული კორპორაციის პარალელურად, ჩინეთი ანალოგიური მოცულობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს ევროპულ კონკურენტთან, Airbus-თან აწარმოებს. ეს დაპირისპირებული კომპანიები მსოფლიოს უმსხვილეს საავიაციო ბაზარზე ლიდერობისთვის აქტიურად იბრძვიან. ჯერ კიდევ 2010-იან წლებში ევროპულმა მწარმოებელმა Airbus-მა Boeing-ს გადაასწრო და ბაზარზე კონტროლი მოიპოვა. პოზიციების გასამყარებლად კომპანიამ ქალაქ ტიანძინში A320 მოდელის ასაწყობი ქარხანაც კი გახსნა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩინეთს ამჟამად 1,000 ახალი თვითმფრინავი სჭირდება. მოცემული ბაზრის კვლევები კი მიუთითებს, რომ 2045 წლისთვის ქვეყანას სულ მცირე 9,000 ახალი ლაინერის შეკვეთა მოუწევს.
ცნობისთვის, ამერიკულ მწარმოებელთან ჩინეთის ბოლო მსხვილი შეთანხმება 2017 წელს შედგა და ის 300 ხომალდის შესყიდვას ითვალისწინებდა. ამის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. დასახელებული პერიოდიდან დღემდე ამერიკულმა მხარემ ჩინეთისგან მხოლოდ 51 შეკვეთა მიიღო. თუ 2005-2017 წლებში ქვეყანა წლიურად საშუალოდ 127 ხომალდს უკვეთდა, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი 6 ერთეულამდე შემცირდა.