
ჩინეთის მთავრობამ საინვესტიციო ბანკებს IPO-ების შეჩერება დაავალა
ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ საინვესტიციო ბანკებს აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებების (IPO) დროებით შეჩერება დაავალა.
Financial Times-ის ინფორმაციით, ბაზრების აღდგენამდე არსებულ აქციონერებს აქციების დიდი მოცულობით გაყიდვა აეკრძალათ. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ შეზღუდვის დაწესებით ჩინეთის მთავრობას ადგილობრივი საფონდო ბაზრის დაცვა სურს, რომელიც ამჟამად დაღმასვლისაკენ არის მიმართული.
მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას ოქტომბერში CSI300 ინდექსის 8.5%-იანი ვარდნა უძღოდა წინ. ეს მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი ყოველთვიური შედეგია. რაც შეეხება SSE ინდექსს, ის 12%-ით არის შემცირებული.
ჩინეთის ეკონომიკაში ინვესტორთა ინტერესის შემცირება სუსტმა მოხმარებამ, უძრავი ქონების სექტორში არსებულმა ვალების ხანგრძლივმა კრიზისმა და ტექნოლოგიური აქციების ვარდნამ გამოიწვია.
ცნობისთვის, კაპიტალის ბაზრების მხარდასაჭერად ჩინეთის მარეგულირებლებმა ორშაბათს ახალი ზომები მიიღეს, რაც სვოპ ოპერაციების განხორციელებასა და კომპანიების მიერ აქციების გამოსასყიდად სასესხო მექანიზმების გაუმჯობესებას გულისხმობს.
მიუხედავად მთავრობის ასეთი პირდაპირი ჩარევებისა და სუბსიდირების მცდელობებისა, გლობალური ინვესტორები ჩინეთის საფონდო ბაზრის მიმართ ნეგატიურ პროგნოზებს ინარჩუნებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge