
"ჩვენ არა ერთი, არამედ რამდენიმე კრიზისი გვაქვს… არცერთი კურორტისთვის არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა" - ია თაბაგარი
საქართველოს ტურიზმის სექტორი ერთჯერად გამოწვევას კი არა, ერთმანეთზე გადაბმულ მრავალ კრიზისს ეჯახება, - ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე გამოწვევები ცალკეული ფაქტორებით არ აიხსნება და სექტორს სისტემური პრობლემები აქვს.
„ჩვენ არ გვაქვს ერთი კრიზისი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე და კიდევ უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ არაერთი კრიზისი გვექნება გადასატანი”, - ამბობს თაბაგარი.
მისი შეფასებით, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დარტყმა ახლო აღმოსავლეთიდან შემცირებული ტურისტული ნაკადებია, რაც განსაკუთრებით კახეთსა და გუდაურს შეეხო. როგორც ის განმარტავს, ამ ბაზრებისთვის განსაკუთრებით პოპულარული იყო ერთ მოგზაურობაში გუდაურის, თბილისის და კახეთის გაერთიანება.
„გუდაური, თბილისი, კახეთი - ეს სამი მიმართულება ძალიან პოპულარული იყო ახლო აღმოსავლეთის ვიზიტორებისთვის... ეს ერთ-ერთი დიდი დარტყმა იყო, ალბათ ყველაზე დიდი მაინც კახეთისთვის, შემდეგ გუდაური მოდის“, - აღნიშნავს ის.
თუმცა, თაბაგარის თქმით, პრობლემა მხოლოდ გარე შოკებში არ არის. სექტორს, მისი შეფასებით, წლებია სტრატეგიული ხედვა აკლია: "ქვეყანას არა აქვს ტურიზმის სტრატეგია, რაც არის "აქილევსის ქუსლივით" წლების განმავლობაში", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ბევრი გადაწყვეტილება „ინტუიციის დონეზე“ მიიღება.
მისი აზრით, სწორედ ამ ქაოსური მართვის შედეგია ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელზედაც ტურისტული სექტორი მუდმივად საუბრობს.
„სადაც არ გაიხედავთ, ყველგან ისმის საყვედური - გზები იშლება, წყალი არ მიეწოდება, დენი ხშირად ქრება, უსაფრთხოება დაცული არ არის... წლების განმავლობაში არაფერი არ გამოსწორდა“, - ამბობს თაბაგარი.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, 2025-2026 წლების ზამთრის სეზონი გუდაურისთვის სუსტი არ ყოფილა და მოთხოვნა მაღალი რჩებოდა: „როდესაც მე ვიყავი, სულ რიგები იყო... რეალურად დაინტერესება ძალიან მაღალი იყო და ბევრი ხალხი სტუმრობდა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდანაც“, - აღნიშნა მან.
თუმცა, ანალიტიკოსის შეფასებით, სეზონის მოულოდნელად დასრულების შემდეგ სახელმწიფო რეაგირება არ ყოფილა.
„არცერთი კურორტისთვის არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა... შეიძლებოდა ამ სეზონის გაგრძელება და ბევრი რამეც შეიძლებოდა, მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ გაკეთდა“, - ამბობს ის.
თაბაგარი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კრიზისის საპასუხოდ შესაძლებელი იყო შიდა ტურიზმის გააქტიურება, მათ შორის შეღავათიანი შეთავაზებებით ქართველი ვიზიტორებისთვის.
„ამაზე არავინ არ ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეთავაზება გაკეთებულიყო... შეიძლებოდა საბაგიროები შეღავათით ყოფილიყო და ეს ახალგაზრდებისთვის ნახევრად საჩუქარიც იქნებოდა“, - განაცხადა მან.
ანალიტიკოსი გამოწვევასთან გამკლავების გამოსავლად ანტიკრიზისული ჯგუფის შექმნას ასახელებს, რაც ახალი ბაზრების ანალიზსა და ხარისხიან ტურისტულ პროდუქტზე დაბრუნებას უზრუნველყოფს.
„ჩვენი ტურისტული პროდუქტი უფრო და უფრო უხარისხო ხდება და ვეღარ არის კონკურენტული“, - ამბობს თაბაგარი.
მისივე შეფასებით, საქართველოს მთავარი რესურსია კულტურა, ღვინო, სათავგადასავლო ტურიზმი და ბუნება. ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ გარდაიქმნა კონკურენტულ შეთავაზებად : „ევროპას უნდა ვეუბნებოდეთ, რომ ვართ ღვინის ქვეყანა, უძველესი კულტურის ქვეყანა... მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლე უნდა იყოს და როცა ჩამოვლენ, ხარისხი უნდა დახვდეთ“, - აღნიშნა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge