
ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით რა თქმა უნდა პასუხს აშშ-დან - ირაკლი კობახიძე
ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, მთავრობა ინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.
„კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანაცვლებს ჩვენი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთით. არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ჩვენ ჩანაცვლებაზე. თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ეს სტატუს-კვო არის შენარჩუნებული. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, შეგვიძლია დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, სუფთა ფურცლიდან და უფრო მეტიც, კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით რა თქმა უნდა პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
BM.GE
წყარო: bm.ge