
სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი - კობახიძე
"დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა", - ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„უმუშევრობის სტატისტიკას რაც ეხება. პირველ რიგში, თუ ადარებთ პირველ კვარტალს წინა წელთან ეს სტატისტიკურად არასწორია, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს შემიძლია გითხრათ ერთი რამ. რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება.
ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ. 28 ათასი ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ. ეს პროგრამა გაუქმდა, რასაც ალტერნატივა არ ჰქონდა და ამან ფორმალურად გამოიწვია დასაქმების შემცირება 28 ათასი ადამიანით. რომ არ ყოფილიყო ეს, ამ შემთხვევაში, ამ ნაწილშიც, კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა.
შემდეგი შეკითხვა ეხებოდა „აწარმოე საქართველოში“ და მსგავს პროგრამებს. აქ ითქვა, რომ ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 200 ათასი ლარი. არ ვიცი ეს კალკულაცია რას ეფუძნება. მე შემიძლია გითხრათ, როგორია რეალური მონაცემები. ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ამ პროგრამებს უჯდება 15 ათასი ლარი. 15 ათასი ლარი ერთი სამუშაო ადგილი, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი. არის ქვეყნები, სადაც ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 25 ათასი, 30 ათასი, 35 ათასი დოლარი. ჩვენს შემთხვევაში, ამ პროგრამების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის 15 ათასი ლარი ერთ სამუშაო ადგილზე, რაც ნამდვილად საუკეთესო მაჩვენებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
მიმდინარე წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, გაჩერდა. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული. ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს.
BM.GE
წყარო: bm.ge