
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ჩავარდნებით და არასისტემურად მიმდინარეობს - აუდიტის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის ანგარიში, რომელშიც აღწერილია ის ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომლებიც 2023; 2024 და ნაწილობრივ 2025 წლის მათ საქმიანობაში გამოიკვეთა.
დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვან აცდენაშია ამ კომპანიების მართვა იმ წესებთან, რომლებიც მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დაამტკიცა.
აუდიტის ანგარიშში გამოვლენილი პრობლემები ეხება როგორც უშუალოდ საწარმოებს, ისე მათ მფლობელ და მაკონტროლებელ უწყებებს, მათ შორის ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებს. ამასთან, როგორც ირკვევა აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" აუდიტის ანგარიში გამოვლენილი გადაცდომების გამო პროკურატურაში გააგზავნა.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, სუსტი მართვა და ფინანსური მონიტორინგი მხოლოდ ცალკეული საწარმოების საქმიანობის პრობლემა არ არის. არასრულყოფილი ანგარიშგებისა და ფისკალური რისკების სათანადოდ შეფასების გარეშე, სახელმწიფოს უჭირს დროულად დაინახოს, რომელ საწარმოებს სჭირდებათ დამატებითი საბიუჯეტო მხარდაჭერა და რა ვალდებულებები შეიძლება წარმოეშვას ბიუჯეტს. ეს კი საჯარო ფინანსების მართვისთვის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის.
რეფორმის სტრატეგია სრულად არ ხორციელდება
სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმის სტრატეგია 2023-2026 წლებისთვის დამტკიცდა, თუმცა აუდიტის დასკვნით, მისი შესრულებისა და მონიტორინგის პროცესში ხარვეზებია. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციული მართვის კოდექსი ჯერ კიდევ 2021 წელს დამტკიცდა, აუდიტის მიხედვით, არ არის განსაზღვრული იმ საწარმოთა ჩამონათვალი, რომლებზეც კოდექსი უნდა გავრცელდეს. შედეგად, მართვის სტანდარტების დანერგვა ფრაგმენტულად და არასისტემურად მიმდინარეობს.
პრობლემები იკვეთება რეფორმის შესრულების კონტროლის ნაწილშიც. ფინანსთა სამინისტროს, რომელსაც სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი ევალება, არ მოუმზადებია 2024 წლის ექვსთვიანი პროგრესისა და წლიური შესრულების ანგარიშები, ასევე 2025 წლის ექვსთვიანი პროგრესის ანგარიში. ამასთან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცებული არ იყო.
აუდიტი მიუთითებს, რომ სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის მარეგულირებელი წესები სხვადასხვა კანონებსა და სამართლებრივ აქტებშია გაბნეული, რაც სექტორის ერთიანი და სისტემური მართვისთვის დამატებით დაბრკოლებას ქმნის.
სახელმწიფო საწარმოების ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს
ფინანსური შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფო საწარმოების ნაწილი მნიშვნელოვან ზარალზე მუშაობს. ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანგარიშის მიხედვით, სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულმა სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელი 527 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, 2023 წელს კი მათი ზარალი 515 მილიონი ლარი იყო. ზარალის ძირითადი ნაწილი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე“ მოდიოდა, რომლის ზარალმა 2024 წელს 375 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს 407 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე დროს, სახელმწიფო კორპორაციების ჯამურმა წმინდა მოგებამ 2024 წელს 393 მილიონი ლარი შეადგინა, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 283 მილიონი ლარი იყო. თუმცა მოგების ჯამური მაჩვენებელი არ გამორიცხავს ცალკეული საწარმოების მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული საწარმოების ზარალი კვლავ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია.
აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფო საწარმოების მიერ განხორციელებული კვაზი-ფისკალური საქმიანობა, როგორც წესი, უარყოფითად აისახება მათ ფინანსურ შედეგებზე. ამასთან, არსებობს რისკი, რომ ასეთი საქმიანობის ნაწილი სრულად დეკლარირებული არ იყოს. ეს ართულებს საწარმოების რეალური ფინანსური მდგომარეობის შეფასებას და სახელმწიფოს წინაშე არსებული შესაძლო ვალდებულებების განსაზღვრას.
ფინანსური სურათი სრულად არ ჩანს
აუდიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ინფორმაციის არასრულყოფილი კონსოლიდაციაა. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ცენტრალური მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული სამთავრობო სექტორის 113 საწარმოდან მხოლოდ 82-ის შესახებ იყო ინფორმაცია წარმოდგენილი. შესაბამისად, ანგარიშში ასახული მონაცემები ყველა შესაბამის საწარმოს არ მოიცავს.
ასეთ პირობებში რთულდება სექტორის საერთო ფინანსური მდგომარეობის შეფასება, მათ შორის იმის დადგენა, რამდენად დიდია სახელმწიფო საწარმოების ფინანსური საჭიროებები, რა მოცულობის მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეთ მათ ბიუჯეტიდან და რა რისკები შეიძლება წარმოიშვას მომავალში. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშებში ფისკალური რისკების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია უნდა აისახოს, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მონაცემების კონსოლიდაცია უნდა გაუმჯობესდეს.
ხარვეზებია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საწარმოების საქმიანობის კონტროლის ნაწილშიც. აუდიტის მიხედვით, ზოგიერთი საწარმოს ბიზნესგეგმა და მმართველობითი ანგარიში ზედმეტად ზოგადი იყო, ხოლო შვილობილ კომპანიებზე გადარიცხული თანხების მონიტორინგი სათანადოდ არ ხორციელდებოდა. ეს ქმნის რისკს, რომ საბიუჯეტო სახსრები მიზნობრივი დანიშნულებისგან განსხვავებულად იქნეს გამოყენებული.
ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული კლინიკების და შპს-ების მართვის პრობლემები
აუდიტის ანგარიში ცალკე ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებზე. ანგარიშის მიხედვით, ამ საწარმოების ნაწილს უარყოფითი ფინანსური შედეგები აქვს, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, სამინისტრომ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომ აქციონერის უფლებამოსილებებს სათანადოდ ახორციელებდა. ასევე არ იკვეთება სამედიცინო დაწესებულებების მართვის სხვადასხვა მოდელის გამოყენების მკაფიო ხედვა.
ხარვეზებია სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობაშიც. აუდიტის მიხედვით, ჰოლდინგს კლინიკების მართვის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ჰქონდა, ასევე ვერ წარმოადგინა სათანადო ანგარიშები, რომლებიც მონიტორინგის, კონტროლისა და შეფასების განხორციელებას დაადასტურებდა. ეს კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტიანად აკონტროლებს სახელმწიფო მის მფლობელობაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს და რამდენად შედეგიანად გამოიყენება მათთვის გამოყოფილი რესურსები.
პრივატიზების პროცესს მკაფიო გეგმა და კრიტერიუმები აკლია
აუდიტის სამსახური სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესშიც ხედავს პრობლემებს. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ აქვს შემუშავებული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების გეგმა და მკაფიო კრიტერიუმები, რომლებითაც განისაზღვრება, რომელი საწარმოს გასხვისება არის მიზანშეწონილი და რა პირობებით უნდა განხორციელდეს ეს პროცესი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი საწარმო, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზე ან სახელმწიფო ქონების გამოყენებიდან თუ რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, დადებითი ფინანსური შედეგების მიღწევას ვერ ახერხებს. აუდიტი რეკომენდაციას იძლევა, შეფასდეს, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ორგანიზაციების საწარმოს ფორმით არსებობის გაგრძელება.
აუდიტი რეფორმის შესრულების კონტროლის გაუმჯობესებას ითხოვს
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს შორისაა სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლება, მისი შესრულების შესახებ მთავრობისთვის ანგარიშგება, ფინანსური მონაცემების კონსოლიდაცია და ფისკალური რისკების უფრო სრულყოფილი ასახვა. ასევე რეკომენდებულია საბიუჯეტო ტრანსფერების მიზნობრივი გამოყენების კონტროლის გაძლიერება, ჯანდაცვის სექტორში მართვის მოდელის შეფასება და პრივატიზების გეგმისა და კრიტერიუმების შემუშავება.
ანგარიშის მიგნებები აჩვენებს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პრობლემა მხოლოდ ცალკეული კომპანიების ფინანსური შედეგებით არ შემოიფარგლება. ხარვეზები ერთდროულად იკვეთება მართვის სტანდარტებში, მონიტორინგში, ანგარიშვალდებულებაში, ფინანსური მონაცემების გამჭვირვალობასა და პრივატიზების დაგეგმვაში. ამ პირობებში სახელმწიფოს უჭირს საწარმოების საქმიანობის შედეგიანობის სრულად შეფასება და იმ ფინანსური რისკების დროულად გამოვლენა, რომლებმაც საბოლოოდ შესაძლოა ბიუჯეტზე დამატებითი ტვირთი წარმოქმნას.
წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო საწარმოების მართვის შესახებ, რომელიც 2023-2025 წლების პერიოდს მოიცავს.
BM.GE
წყარო: bm.ge