
„ჩვენთან მყიდველების 20-25% ბინას დასრულებამდე ყიდის“ - ინნ ჯგუფი
„თბილისის გარეუბნებში ბინის შეძენა დღეს თვეში დაახლოებით 450-470$-ის გადახდით არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. პაატა კოკაის თქმით, სწორედ შიდა უპროცენტო განვადება ზრდის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას, ხოლო მოთხოვნას ემიგრანტებთან ერთად რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა ასტიმულირებს.
ხელახალი გაყიდვების ¼-ის მიუხედავად, კომპანიაში სისტემურ რისკებს ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ გაფუჭებული სესხების წილი მინიმალურია.
„ჩვენ ძირითადად გარეუბნებში ვართ წარმოდგენილი, სადაც ბინის შეძენა თვეში დაახლოებით 450-470 დოლარის გადახდით არის შესაძლებელი. კორპუსის დასრულებამდე მყიდველები სარგებლობენ უპროცენტო შიდა განვადებით, შემდეგ კი ბევრს ბინის გადაყიდვაც შეუძლია. ჩვენს პროექტებში ასეთი შემთხვევები დაახლოებით 20-25%-ს შეადგენს.
ემიგრანტების გარდა, მოთხოვნას ქმნიან რეგიონებიდან ჩამოსული ხელოსნებიც. მათთვის ხშირად უფრო მისაღებია ბინის შეძენა, ვიდრე ქირის გადახდა, რადგან ბანკის სესხზე გადასვლის შემდეგაც დაახლოებით იმავე ოდენობის ყოველთვიური გადასახადი უწევთ.
ჩვენს შემთხვევაში კლიენტი 2-3 წლის განმავლობაში რეგულარულად იხდის შიდა განვადებას. ამის შემდეგ, როდესაც ბანკში გადადის, თუ გადახდის ისტორია მოწესრიგებული აქვს, იპოთეკური სესხის მიღება, როგორც წესი პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ვადაგადაცილება ფიქსირდება, ბანკი სესხს აღარ ამტკიცებს და ბინა დეველოპერს უბრუნდება. თუ ბინა დეველოპერს უბრუნდება, ფინანსური ზარალი, როგორც წესი, არ დგება. ამ დროისთვის ბინის ფასი უკვე გაზრდილია, ხოლო კლიენტის მიერ გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დეველოპერს რჩება. შესაბამისად, დეველოპერი ინარჩუნებს როგორც გაძვირებულ აქტივს, ისე შესაბამის კომპენსაციას.
დღეს ბანკები ძალიან ფრთხილ საკრედიტო პოლიტიკას ატარებენ. ისინი სიფრთხილით აფინანსებენ როგორც მყიდველებს, ისე თავად დეველოპერებს და ხშირ შემთხვევაში დამატებით უზრუნველყოფასაც ითხოვენ. 2022 წელს მართლაც არსებობდა განცდა, რომ ბანკები ზედმეტად მარტივად გასცემდნენ დაფინანსებას, თუმცა დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია. ბანკები გაცილებით ფრთხილად მოქმედებენ, ზედმეტ რისკს აღარ იღებენ და ამით ფაქტობრივად, ბაზრის ერთ-ერთ მთავარ დამბალანსებელ მექანიზმადაც გვევლინებიან. სწორედ ამიტომ, სისტემურ დეველოპერებთან დღეს სისტემურ რისკს ვერ ვხედავ.“- განაცხადა კოკაიამ.