
ჩვენთვის ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი - ირაკლი კობახიძე
"ჩვენ არსად არ გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები... ასეთი აბსურდი შეიძლება ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ ჩვენ - არა. უნდა შევახსენოთ ბატონ [პეტერ] ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპელები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მან საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გააკრიტიკა და თქვა, რომ "ქართული ოცნება" მას ევროპელად არ მიიჩნევს.
"როდესაც საუბარია ღირებულებებზე, დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე განსხვავებით ამ ადამიანებისგან, რომლებსაც რეალურად ევროპელობაზე პრეტენზია არ აქვთ, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც განასახიერებდა ევროპა მთელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სწორედ ასეთი ადამიანების ქმედებების შედეგია ის დეგრადაცია, რასაც ვხედავთ როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის უფლებების. სუვერენიტეტი აქვს დაკარგული ევროპის სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას. დეგრადაციაა ადამიანის უფლებების კუთხით, არის ეკონომიკური სტაგნაცია, რაც პირდაპირ ციფრებშია გამოხატული. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ 30 პროცენტი იყო 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი და ეს 30 პროცენტი ჩამოსულია 17,5 პროცენტამდე. მათემატიკურად იზომება ეს ყველაფერი.
ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება, ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ ჩვენ ასეთი აბსურდული განცხადებები არ გვახასიათებს, მაგრამ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ბატონ ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპელები და ჩვენთვის ღირებულია ის პრინციპები, ფასეულობები, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი, განსხვავებით ბატონი ფიშერისგან, რომელიც ვერ ბედავს, შეფასება მისცეს იმას, რაც მოხდა დანიაში. ჩვენთვის შესაბამისად, კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი. ევროპელობა არ ნიშნავს გეოგრაფიულ კუთვნილებას. შეიძლება, ისინი თავსებადი იყვნენ შედარებით გვიანდელი პერიოდის ევროპასთან, ვგულისხმობ 40-იანი წლების ბოლოდან ქვემოთ რომ გავყვეთ ისტორიას, მაგრამ მათი განცხადებები და მათი დამოკიდებულება, მათ შორის ქართველი ხალხის მიმართ, თავსებადი არ არის არანაირად ევროპულ ღირებულებებთან. ამიტომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
