
დაახლოებით სამი კვადრატულის ფასია ის თანხა, რასაც ხელისუფლება დევნილებს სთავაზობს - ნუკრი ნოდია
„მოძრაობა აფხაზეთისთვის“ დამფუძნებელი ნუკრი ნოდია BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის ახალ პროგრამას გამოეხმაურა და ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
ნოდიას თქმით, ეს ინიციატივა შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პროცესებისთვის მზადების ნიშანი იყოს, რადგან მმართველი ძალა დევნილებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იხსენებდა.
„მოძრაობა აფხაზეთისთვის“ დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ფასებზეც და აღნიშნავს, რომ გამოყოფილი თანხა არათუ ბინის ან გირაოს, არამედ რამდენიმეთვიანი ქირის საფასურსაც კი ვერ დაფარავს.
"ეს არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება, ალბათ, რაღაცისთვის ემზადება. ყოველთვის ასე იყო ხელისუფლებას დევნილი ახსენდებოდა ან წინასაარჩევნოდ ან მაშინ, როცა რაღაცაში სჭირდებოდა. სამწუხაროდ, არცერთი ხელისუფლების პირობებში დევნილი არ ყოფილა სათანადოდ დაფასებული.
ის 10 000 ლარი, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესთავაზა დევნილ მოსახლეობას, არის მიუღებელი და იმ დევნილების დაცინვა, რომლებმაც გამოიარეს ეს ტრაგიკული გზა, იძულებით დატოვეს თავიანთი სახლები და დღეს მხოლოდ 10 000 ლარს სთავაზობენ. ანუ იმ დაკარგული სახლების საპირწონედ 10 000 ლარი დაგვიყენეს. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი ფულადი დახმარება, ჩვენ გვინდა სახლში დაბრუნება. ამაზე იფიქრეთ, პატივცემულებო.
ახსენეთ, რომ ამ წელს გამოყოფილია 58 მილიონი ლარი და ამ თანხით დაახლოებით, 5 800 ადამიანი დაკმაყოფილდება. თუმცა იმ 10 000 ლარად რა თქმა უნდა, დევნილი ბინას ვერ იყიდის. დღევანდელი კომერციული თუ საცხოვრებელი ფართის კვადრატულის ღირებულება რა ღირს, ძალიან კარგად იციან მათაც და ჩვენც. დაახლოებით სამი კვადრატული მეტრის ფასია ის თანხა, რასაც ხელისუფლება თითოეულ დევნილს სთავაზობს, ეს სრულიად მიუღებელია. გირაოს საშუალებაც რომ ჰქონდეს, იმ თანხით ვერც იგირავებს. კარგი, ვთქვათ მაშინ, რომ დევნილი ამ თანხას ქირაში გამოიყენებს. ქირაშიც რამდენ ხანს ეყოფა ექვსი თვე, შვიდი თვე, რვა თუ ერთი წელი? მერე? ანუ პრობლემა ხომ მაინც რჩება?!“, - აცხადებს ნუკრი ნოდია.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა, ხოლო მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge