
რატომ უჭირთ ქართველ გადამზიდავებს ევროპულ ბაზარზე გადართვა? - გიორგი ნემსაძის შეფასება
ქართული სატრანსპორტო კომპანიებისთვის რუსული არასტაბილური ბაზრიდან ევროპულ ბაზარზე გადართვა საკადრო დეფიციტის, მოძველებული ავტოპარკისა და ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო ფერხდება. ამის შესახებ სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ნემსაძემ "საქმის კურსთან" ქართული კომპანიების პროდუქტზე დაწესებული რუსული ემბარგოს შესაძლო გავლენებზე საუბრისას აღნიშნა.
ირაკლი ნემსაძის თქმით, ქართული ავტოპარკის დიდ ნაწილს მცირე კომპანიები შეადგენენ, რომელთაც ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება უჭირთ, ხოლო სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფოს, ბანკებისა და კერძო ბიზნესის ერთობლივი ჩართულობაა საჭირო.
„პირველ რიგში, გვაქვს საკადრო დაბრკოლება, რაც განსაკუთრებით ასაკობრივი კატეგორიის (40+) მძღოლებს ეხებათ, რომელთათვისაც ევროპული ბაზრისთვის საჭირო უნარების დაუფლება რთულია. მეორე პრობლემა მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა – ევროპულ ბაზარზე გადართვისთვის გადამზიდავებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მობილიზება სჭირდებათ, როგორც პირველადი რეორგანიზაციისთვის, ისე შემდგომი საოპერაციო ხარჯებისთვის. თუ სახელმწიფო, საბანკო სექტორი და გადამზიდავები ერთობლივად მოიფიქრებენ მექანიზმს, რომ საკრედიტო კაპიტალი ხელმისაწვდომი გახდეს, ქართული ავტოტრანსპორტი ევროპული ბაზრისაკენ დიდი ენთუზიაზმით გადაერთვება“, – აღნიშნა ირაკლი ნემსაძემ.
მისი შეფასებით, რუსეთის მიერ რამდენიმე ქართულ საექსპორტო პროდუქტზე შეზღუდვების დაწესებამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადგილობრივ გადამზიდავებზე და საბოლოო ჯამში საქართველოში საიმპორტო პროდუქციის გაძვირებას გამოიწვიოს. სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ქართველი გადამზიდავები ექსპორტისას დაბალი ტარიფებით ოპერირებენ, ხოლო ძირითად შემოსავალს უკან დაბრუნებული საიმპორტო ტვირთებიდან იღებენ. საექსპორტო ნაკადის შემცირების შემთხვევაში მძღოლებს ცარიელი რეისების შესრულება მოუწევთ, რაც საიმპორტო ლოგისტიკის ხარჯებს გაზრდის.
„ქართველი გადამზიდავები მართლაც საკმაოდ დაბალი ტარიფით ეწევიან ექსპორტის გადაზიდვას რუსეთის მიმართულებით და ეს ექსპორტისთვის ხელშემწყობი ტარიფია. გათვლა კი იმაზე მდგომარეობს, რომ უკანა ტვირთები, რომლებიც ჩვენს რეგიონში უნდა დაბრუნდეს, არის ძირითადად ფინანსური აქტივი, რომელიც უნდა მიიღოს გადამზიდავმა. თუ ასეთ ვითარებაში ქართველ გადამზიდავს გამოუაკლდება რუსეთის მიმართულებით საექსპორტო ტვირთები, ბუნებრივია, მას მოუწევს, რომ ან ცარიელი გზა გაიაროს ჩასასვლელად, რაც მნიშვნელოვნად გააძვირებს ჩვენთან საიმპორტო პროდუქციის ფასებს, ან საერთოდ გამოეთიშოს აღნიშნულ მიმართულებას“, – აცხადებს ირაკლი ნემსაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციამ რამდენიმე ქართულ კომპანიას იმპორტზე, ხარისხის საბაბით, შეზღუდვები დაუწესა. შეზღუდვა შეეხო „თბილღვინოს“, „თელიანის ველის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ვაინმენის“ ღვინოებს, „ასკანელი ძმების“ კონიაკს, „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდს, საქართველოში წარმოებულ Coca-Cola-სა და „ჰელსი უოთერის“ მინერალურ წყალს „ნაბეღლავს
BM.GE
წყარო: bm.ge