
"დარიცხულ ხელფასს თვალით ვერ ვხედავთ" - 4 ინიციატივა ქონების გადასახადის კანონში ხარვეზების აღმოსაფხვრელად|ინტერვიუ
"ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდა რეფორმა არ არის. არსებითად იგივე მოდელი რჩება, თუმცა ვერც კოსმეტიკურ ცვლილებას დავარქმევთ, რადგან გავლენა საკმაოდ მასშტაბურია - 81 000 გადამხდელს შეეხება და 22 მილიონ ლარზეა საუბარი, რომლის გადახდაც ოჯახებს არ მოუწევს", - ასე შეაფასა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელმა და ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა ფიზიკური პირის ქონების ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაზრდა.
როგორც ცნობილია, ფიზიკური პირის ქონების გადასახადს 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახები გადაიხდიან. გადასახადის განაკვეთი კი, უცვლელი დარჩა და დასაბეგრი ქონების მაქსიმუმ 1% იქნება. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორებიც “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან, პარლამენტში გუშინ შევიდა, დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე პირველი მოსმენით 4 წუთსა და 40 წამში განიხილეს, მეორე მუხლობრივი განხილვა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა და დაჩქარებული წესით, ხვალვე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ჯამში, იდენტიფიცირებულია 107 ათასამდე გადამხდელი, რომელთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადი 86 მილიონი ლარია. აქედან 81 ათასამდე გადამხდელი 100 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირია, რომელთაც აღარ მოუწევთ ჯამში 22 მილიონი ლარის გადახდა, ხოლო 26 ათას გადამხდელს, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი უფიქსირდება, ქონების გადასახადის სახით 64 მილიონი ლარს გადაიხდის. ასევე, როგორც ირკვევა, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქონების დაბეგვრის განაკვეთი დიფერენცირებული იყო, 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებით და 100 000 ლარამდე ზღვრის გაზრდით განაკვეთი უნფიცირებული ხდება. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მოქმედი 202-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია შემოსავლის მიხედვით: 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ის შეადგენს დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05%-ს და არაუმეტეს 0.2%-ს; ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის - არანაკლებ 0.8%-ს და არაუმეტეს 1%-ს.
ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ "წერტილთან" ინტერვიუში 4 ინიციატივა გააჟღერა, რაც მისი აზრით, ქონების გადასახადის კანონში ხარვეზების აღმოსაფხვრელად უნდა უნდა შევიდეს.
ზურაბ ძნელაშვილის აზრით, დაბეგვრის მექანიზმში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად აუცილებელია გადასახადის განაკვეთის დიფერენცირების შენარჩუნება და დიფერენცირების ზღვრის გაზრდა (მაგალითად, 200 000-300 000 ლარამდე).
"შემოთავაზებული ცვლილებით საერთოდ იშლება ქონების გადასახადის განაკვეთის დიფერენცირება, რაც არასწორი მიდგომაა. როგორც 40 000-ლარიანი ზღვარი ავწიეთ 100 000-მდე, იგივე ლოგიკით უნდა გავზარდოთ განაკვეთის დიფერენცირების ზღვარიც - მინიმუმ 200 000 ან 300 000 ლარამდე და შევინარჩუნოთ დიფერენცირებული დაბეგვრა”, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოდგილე “წერტილში”.
გარდა ამისა, ზურაბ ძნელაშვილს მიაჩნია, რომ არსებითად არასწორია ოჯახის შემოსავალში დარიცხული ხელფასის გათვალისწინება, ამიტომ დეპუტატებს ურჩევს, საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებაც ასახონ ანუ შემოსავლის დათვლისას დარიცხული ხელფასის ნაცვლად ხელზე ასაღები (წმინდა) თანხა გაითვალისწინონ.
“ადამიანი დარიცხულ ხელფასს თვალით ვერ ნახულობს, მას საშემოსავლოს სახით 20%-ს დამქირავებელი უკავებს და როგორ შეიძლება ეს თანხა გამოიყენო პირის გადახდისუნარიანობის შესაფასებლად?! კანონში უნდა ეწეროს ხელზე ასაღები ხელფასი”, - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.
იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებლის კიდევ ერთი რეკომენდაცია, რაც კანონმდებლებისთვის აქვს ემიგრანტების მიერ ოჯახის წევრებისთვის გამოგზავნილი გზავნილები დასაბეგრი ბაზიდან სრულად გამორიცხვას შეეხება.
"საგადასახადო კოდექსში ოჯახის წევრის განმარტება არ გვაქვს", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, უძრავი ქონების საბაზრო ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ხელისუფლებას სთავაზობს ესტონური გამოცდილების გაზიარებას და კანონში გადასახდელი ქონების გადასახადის თანხის ყოველწლიური ზრდის მაქსიმუმ 10%-იანი ლიმიტის დაწესებას.
„ქონების ღირებულება შეიძლება გაორმაგდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ორჯერ მეტი უნდა გადავიხადოთ გადასახადი?! ესტონეთში ძალიან კარგი რამ შემოიღეს - დააწესეს უძრავი ქონების (მიწის) გადასახადის თანხის ზრდის ლიმიტი. მთავრობამ დაადგინა, რომ მიწის საკადასტრო ღირებულება რამდენითაც არ უნდა გაიზარდოს, წინა წელთან შედარებით წლევანდელი გადასახადი 10%-ზე მეტით არ უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან კარგი იდეაა, რადგან საბაზრო ფასი ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება და იმისთვის, რომ გადასახდელი ქონების გადასახადი ფიზიკური პირისთვისაც კატასტროფულად არ გაიზარდოს, კანონში შეიძლება ჩაიწეროს ზრდის ლიმიტი”, - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.
ინტერვიუ ზურაბ ძნელაშვილთან
- ფიზიკური პირის ქონების გადასახადის მხოლოდ ზღვრის 100 000 ლარამდე აწევა რამდენად რეალური შეღავათია საშუალო ფენისთვის და რამდენად შეიძლება ამ ყველაფერს ეწოდოს რეფორმა თუ უბრალოდ კოსმეტიკური ცვლილებაა, რომელმაც რეფორმის აუცილებლობა დროებით მაინც (მინიმუმ წელს) გადაფარა?
- არა, ეს რეფორმა ნამდვილად არ არის. რეალურად, არსებითად იგივე მოდელი რჩება ქონების გადასახადში, თუმცა ვერც კოსმეტიკურ ცვლილებას დავარქმევთ, რადგან ეს გავლენა ძალიან მასშტაბურია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით (შარშანდელი წარდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით), ეს შეღავათი 81 000 გადამხდელს შეეხება და საუბარია 22 მილიონ ლარზე, ამიტომ ცვლილება, რა თქმა უნდა, სერიოზულია; თუმცა ვფიქრობ, რომ ის არასრულია - ეს მხოლოდ ერთი გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ დასახული მიზნის მოსაღწევად კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი…
- 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის ქონების დაბეგვრის განაკვეთი კვლავ მაქსიმუმ 1% რჩება. რამდენად ადეკვატურია ეს განაკვეთი იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 2-3 წელიწადში საქართველოში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და ხომ არ იყო საჭირო დიფერენცირებული დაბეგვრის მოდელის დატოვება?
- ეს ორკომპონენტიანი საკითხია. ერთი: რამდენად მაღალია უშუალოდ განაკვეთის ოდენობა. მართალია, კანონით დადგენილია ზღვრული ოდენობა 1% და განაკვეთს საკრებულო ადგენს, მაგრამ რეალურად ყველა საკრებულოს მაქსიმალური (1%-იანი) განაკვეთი აქვს დაწესებული. ერთი საკითხია, რამდენად მაღალია განაკვეთი - ჩემი აზრით, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ის მართლაც მაღალია. მეორე საკითხი კი ის არის, რომ დღეს განაკვეთი დიფერენცირებულია - გვაქვს ორეტაპიანი განაკვეთი: დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის განაკვეთი ნაკლებია (0.2%), ხოლო მაღალშემოსავლიანებისთვის - მეტი (1%), ანუ ხუთჯერ იზრდება. დღევანდელი ცვლილებით ეს დიფერენცირება იშლება და შემოდის ერთიანი, უნიფიცირებული განაკვეთი - მე ეს უფრო პრობლემურად მიმაჩნია; როდესაც ვამბობთ, რომ 40 000-ლარიან ზღვარს 100 000-მდე ვზრდით იმიტომ, რომ 40 000 ლარი აღარ არის ის თანხა, რაც 20 წლის წინ იყო, იგივე ლოგიკა ეხება 100 000-ლარიან ზღვარსაც. დღევანდელი 100 000 ლარი განა ის არის, რაც 20 წლის წინ იყო?! რა თქმა უნდა, არა. 40 000-იან ზღვარს თუ იმიტომ ვაუქმებთ, რომ ნომინალური შემოსავლები იზრდება მსყიდველობითი უნარის ცვლილების გარეშე, იგივე ლოგიკა უნდა გავრცელდეს 100 000 ლარზეც. ჩვენთან ოჯახის შემოსავალს ორი დანიშნულება ჰქონდა: 1. ძალიან მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებს საერთოდ ათავისუფლებდა ქონების გადასახადისგან; 2. დაბალშემოსავლიან ოჯახებს დაბალი განაკვეთით ბეგრავდა, ხოლო მაღალშემოსავლიანებს – მაღალი განაკვეთით. ეს პრინციპი უნდა შევინარჩუნოთ. შესაბამისად, თუ შეღავათს 100 000 ლარამდე ვზრდით, დიფერენცირებული განაკვეთი მაინც უნდა შევინარჩუნოთ და დიფერენცირების ზღვარი, რომელიც დღეს 100 000-ლარიანია, მაღლა უნდა ავწიოთ - 200 000 თუ 300 000 ლარამდე. განაკვეთი აუცილებლად დიფერენცირებული უნდა დარჩეს; დაუშვებელია უნიფიცირებული განაკვეთის შემოღება. ეს უკვე არსებითი ცვლილებაა. თითქოს მარტივად მიუდგნენ: რადგან 100 000 ლარამდე შეღავათი გავრცელდა, ჩათვალეს, რომ 40 000-დან 100 000 ლარამდე არსებულმა განაკვეთმა აზრი დაკარგა, მექანიკურად ამოიღეს ის და დატოვეს მხოლოდ 100 000 ლარის ზემოთ არსებული განაკვეთი.
- საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში საკმაოდ ბევრი მილიონერი დეპუტატი ზის და შესაძლოა, განხილვების დროს დაფიქრდნენ ამაზე და დასვან კითხვა… თქვენი რეკომენდაციით, როგორი უნდა იყოს ქონების გადასახადის განაკვეთი და უნდა დარჩეს თუ არა ის დიფერენცირებული 100 000 ლარის ზემოთ შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის?
- ვფიქრობ, რადგან 40 000-ლარიან ზღვარს 100 000 ლარამდე ვზრდით ამ შეღავათის ინდექსაციის მიზნით, იგივე ლოგიკა უნდა გავავრცელოთ განაკვეთის დიფერენცირების ზღვარზეც. მოქმედი მოდელი აგებულია დიფერენცირებულ განაკვეთზე, რომელიც ოჯახის შემოსავლების მიხედვით განსხვავდება - ხუთჯერ ნაკლებია დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის და ხუთჯერ მეტია მაღალშემოსავლიანებისთვის. 1%-იც მაღალია და ეს ხუთმაგი სხვაობაც დიდია, მაგრამ შემოთავაზებული ცვლილებით ეს დიფერენცირება საერთოდ უქმდება, რაც არასწორი მგონია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დიფერენცირებული განაკვეთი. ის 100 000-ლარიანი ზღვარი, რა თქმა უნდა, ვეღარ დარჩება, რადგან 100 000 ლარამდე ისედაც არავინ გადაიხდის არაფერს, ამიტომ ეს ზღვარი უნდა ავწიოთ მინიმუმ 200 000-300 000 ლარამდე. ანუ 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადის გადახდისგან, ხოლო 200 000 ან 300 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის უნდა იყოს დაბალი განაკვეთი ანუ გარკვეული დიფერენცირება უნდა შევინარჩუნოთ. გაუგებარია, რატომ ვამბობთ უარს იმ პრინციპზე, რომელიც დღეს მოქმედებს.
- შესაძლოა, დეპუტატებს არც უფიქრიათ ამაზე, რადგან ჩქარა წერდნენ კანონპროექტს და დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ…
- შესაძლებელია. ერთი შეხედვით, მარტივად ასე აიხსნება: რახან 100 000 ლარამდე არავინ იხდის, შესაბამისად, ის მუხლიც ამოიღეს… ყველა ინტერვიუში აღვნიშნავდი, რომ შეღავათის ზღვრის გაზრდასთან ერთად აუცილებლად უნდა გაზრდილიყო დიფერენცირების ზღვარიც.
- კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ დეპუტატებს კონსულტაცია არ გაუვლიათ არც გარე ორგანიზაციებთან და არც დამოუკიდებელ ექსპერტებთან…
- განმარტებით ბარათში სიმართლე წერია. როგორც ჩანს, კონსულტაციები მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან გაიარეს.
- რას ამბობს ეს დამოკიდებულება დეპუტატების მუშაობაზე?
- ვფიქრობ, ეს სიჩქარით არის გამოწვეული. საჭირო იყო პროექტის სწრაფად დაწერა და პარლამენტში წარდგენა, რომ განხილვა დაჩქარებული წესით მომხდარიყო, კანონი გამოქვეყნებულიყო, ძალაში შესულიყო და ხალხს დეკლარირება მოესწრო. დეკლარირების ვადა 1 ნოემბერს მთავრდება და, ალბათ, ამიტომ იჩქარეს, თუმცა როცა საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, მინდა დავესწრო ამ შეხვედრებს და დავაფიქსირო ჩემი პოზიცია დიფერენცირებული განაკვეთის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. არ მომწონს, როდესაც განაკვეთი უნიფიცირებული ხდება. დღეს ქონების გადასახადს ორი მდგენელი აქვს: ქონებრივი მდგომარეობა და გადახდისუნარიანობა. ქონებრივი მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ თუ ქონება გაქვს, ხარ გადამხდელი, ხოლო თუ არ გაქვს - არ იხდი, მაგრამ ამასთან ერთად მხედველობაში მიიღება გადახდისუნარიანობაც. დღეს საქართველოში სწორედ ეს მოდელი მოქმედებს: თუ სრულიად გადახდისუუნარო ხარ, კანონი გათავისუფლებს; თუ დაბალი გადახდისუნარიანობა გაქვს - ნაკლებს გახდევინებს; ხოლო თუ მაღალგადახდისუნარიანი ოჯახი ხარ - მეტს იხდი. ახლა კი ამ პრინციპზე ვამბობთ უარს. განმარტებით ბარათში არაფერი წერია იმის შესახებ, თუ რატომ ვამბობთ უარს ამ პრინციპზე. შესაძლოა, ეს უბრალოდ გამოეპარათ და საკითხს სიღრმისეულად არ მიუდგნენ. ვფიქრობ, დიფერენცირებული განაკვეთი აღსადგენია და, შესაბამისად, ზღვარიც გასაზრდელია.
- თუ მოსახლეობის შემოსავლები და უძრავი ქონების ღირებულება ისეთი ტემპით გაიზრდება, როგორც ბოლო წლებში, მთავრობას 100 000-ლარიანი ზღვრის გადახედვაც ძალიან მალე ხომ არ მოუწევს?
- სწორი აქცენტია - ქონების გადასახადს ორი სერიოზული სისტემური ხარვეზი აქვს: 1. ეს შეღავათი მიბმულია შემოსავალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად იზრდება ნომინალური შემოსავლები და სულ უფრო მეტი ოჯახი კარგავს შეღავათს ისე, რომ კანონმდებლობაში არაფერი იცვლება. 2. ქონების გადასახადი გამოითვლება ქონების საბაზრო ფასიდან. ყოველწლიურად იზრდება საბაზრო ფასი და, შესაბამისად, ისე, რომ დასაბეგრი ბაზა არ იცვლება (იგივე ქონება გაქვს და განაკვეთიც იგივეა), ყოველწლიურად უფრო მეტის გადახდა გიწევს, რადგან ქონების ღირებულება იზრდება. ეს ორი ხარვეზი რომ დაბალანსდეს, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი უნდა შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მოქმედ კანონმდებლობაში არის კიდევ რამდენიმე ხარვეზი, რაც გასასწორებელია.
- რა ხარვეზებს გულისხმობთ?
- მაგალითად, დარიცხული ხელფასი. ოჯახის შემოსავალში (ამ 100 000-ლარიანი ზღვრის დათვლისას) შეიტანება დარიცხული ხელფასი ანუ ის თანხა, რაც ფიზიკურ პირს შრომით ხელშეკრულებაში უწერია, მაგრამ ხელზე ხომ ნაკლებს იღებს?! საპენსიო შენატანი რომ გვერდზე გადავდოთ, ელემენტარულად 20%-ია საშემოსავლო გადასახადი და ხელზე 20%-ით ნაკლებს იღებს დასაქმებული, ამიტომ კანონში უნდა ეწეროს ხელზე ასაღები ხელფასი და არა დარიცხული. იმ 20%-ს დასაქმებული თვალით ვერ ხედავს - მას დამქირავებელი უკავებს გადახდის წყაროსთან და შეაქვს ბიუჯეტში. როგორ შეიძლება ის თანხა, რომელსაც თვალით ვერ ვხედავ და ვერ ვსარგებლობ, ჩემი გადახდისუნარიანობის შესაფასებლად გამოვიყენოთ? ხომ არ შეიძლება?! ვფიქრობ, დარიცხული ხელფასის მითითება არსებითად არასწორია.
- კიდევ რა ხარვეზია აქვს მოქმედ კანონმდებლობას, რისი გამოსწორებაც საჭიროა?
- მაგალითად, ოჯახის წევრების საკითხი - ავხსნი რას ვგულისხმობ: ოჯახის შემოსავალში არ შეიტანება ოჯახის წევრისგან ჩუქებით მიღებული შემოსავალი, თუმცა კოდექსში ოჯახის წევრის განმარტება არ გვაქვს. თუ ოჯახის განმარტებიდან გამოვალთ, მას ის მინუსი აქვს, რომ უპირობოდ ოჯახის წევრად მხოლოდ მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ითვლება. სრულწლოვანი შვილი, მშობელი, ბებია, პაპა, შვილიშვილი, და ან ძმა ოჯახის წევრად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან. შესაბამისად, ეს საკითხი მიბმულია არა მხოლოდ ნათესაურ, არამედ ეკონომიკურ და სივრცით კავშირზეც, რაც ემიგრანტების გზავნილებთან დაკავშირებით გარკვეულ უხერხულობას ქმნის. მიმაჩნია, რომ ქონების გადასახადის მუხლში, სადაც წერია, რომ ოჯახის წევრისგან ჩუქებით მიღებული შემოსავალი არ შეიტანება ოჯახის შემოსავალში, უნდა გაკეთდეს ოჯახის წევრის განმარტებაც და ის მიებას მხოლოდ ნათესაურ კავშირს. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ერთად ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე; უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახის წევრად ითვლება შვილი, მშობელი, ბებია, პაპა, შვილიშვილი, და, ძმა - მიუხედავად იმისა, ერთად ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე, საქართველოში თუ საზღვარგარეთ.
- მაგალითად, თუ ემიგრაციაში მყოფი დედა ყოველთვიურად მიგზავნის ფულად გზავნილს, ხოლო მე მაქვს ქონება და ვარ ქონების გადასახადის გადამხდელი პირი, შეიტანება თუ არა ფულადი გზავნილის სახით მიღებული თანხა შემოსავლის დათვლისას?
- თვითონ ემიგრანტისთვის ეს შემოსავალი არ ჩაირთვება 100 000-იან ზღვარში. კანონში წერია, რომ საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტისთვის მხოლოდ საქართველოდან მიღებული შემოსავალი ითვლება ანუ ემიგრანტს საზღვარგარეთ მიღებული შემოსავალი არ ჩაეთვლება, მაგრამ თუ ის ფულს გიგზავნით და გჩუქნით, უნდა განვსაზღვროთ, ითვლება თუ არა ის ოჯახის წევრად, ამიტომ ოჯახის წევრის განმარტება ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ის მხოლოდ ნათესაურ კავშირზე იყოს მიბმული - დედა ჩემთან ცხოვრობს, სხვა ქალაქში თუ სხვა ქვეყანაში, ამას გავლენა არ უნდა ჰქონდეს. ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ნაჩუქარი ფული აქაურ მცხოვრებლებს შემოსავალში არ უნდა ეთვლებოდეთ.
- კიდევ ერთი საკითხი - ბოლო წლებში უძრავი ქონების ფასების ზრდის გამო, მოქალაქეები დეკლარაციაში ხშირად ბინის არა დღევანდელ საბაზრო ღირებულებას, არამედ წლების წინანდელ შესყიდვის ფასს უთითებენ, რათა მეტი გადასახადი არ გადაიხადონ. ხომ არ ანიჭებს ეს ხარვეზი შემოსავლების სამსახურს ბერკეტს, რომ სურვილის შემთხვევაში მოქალაქე დააჯარიმოს და როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი?
- ეს გავრცელებული შეცდომაა, როდესაც გადასახადის გადამხდელები ამცირებენ ქონების საბაზრო ღირებულებას. თუ ასეთ გადამხდელთან შემოსავლების სამსახური შევიდა შემოწმებით, ის ხელმძღვანელობს ბოლო, ყველაზე უახლესი საბაზრო ფასით (კოდექსში წერია გასული წლის ბოლოსთვის არსებული საბაზრო ფასი და არა 5 ან 10 წლის წინანდელი, როცა იყიდე). ისინი ზრდიან ქონების საბაზრო ღირებულებას, რაც იწვევს გადასახადის დარიცხვას, საურავსა და ჯარიმას. სამწუხაროდ, ეს ხშირი შეცდომაა.
- რამდენია ჯარიმა?
- ჯარიმა შეადგენს დამალული გადასახადის 50%-ს… იცით, ჩვენს კანონმდებლობას აქვს ეს ხარვეზიც: ერთის მხრივ, შემოსავლების ზრდა ყოველწლიურად გაკარგვინებს შეღავათს, ხოლო მეორეს მხრივ, გეზრდება ქონების გადასახადის ოდენობაც, რადგან უძრავი ქონების ფასი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა…
- რა იქნებოდა უფრო სამართლიანი და ლოგიკური? - მაგალითად, 50 კვადრატული მეტრის ბინა 10 წლის წინ თუ ღირდა 50 000 დოლარი, დღეს ის 150 000 დოლარი ღირს…
- ესტონეთში ძალიან კარგი რამ შემოიღეს - დააწესეს ზრდის ლიმიტი. მთავრობამ დაადგინა, რომ მიწის საკადასტრო ღირებულება რამდენითაც არ უნდა გაიზარდოს, წინა წელთან შედარებით წლევანდელი გადასახადის თანხა 10%-ზე მეტით არ უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან კარგი იდეაა, რადგან საბაზრო ფასი ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება, იმისთვის, რომ გადასახდელი ქონების გადასახადი ასე კატასტროფულად არ გაიზარდოს, კანონში შეიძლება ჩაიწეროს ზრდის ლიმიტი. ქონების ღირებულება შეიძლება გაორმაგდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ორჯერ მეტი უნდა გადავიხადოთ გადასახადი?!
- რაც მოხდა კიდეც საქართველოში - რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასი მკვეთრად გაიზარდა…
- დიახ. ამიტომ შეიძლება შემოვიღოთ ზრდის 10%-იანი ლიმიტი და ჩავწეროთ, რომ წინა წელთან შედარებით ზრდა შეიძლება იყოს მხოლოდ 10%. ქონების ფასიც რომ გაიზარდოს, განაკვეთის უცვლელობის პირობებში გადასახდელი თანხა ამაზე მეტით არ უნდა იზრდებოდეს. ეს კარგი იდეაა და მისი შეთავაზებაც შეიძლება.
- მოკლედ, მხოლოდ თქვენგან “ოცნების” დეპუტატებს რამდენიმე რეკომენდაცია უკვე აქვს თუ გაითვალისწინებენ…
- კიდევ ერთი რამის თქმა მინდა, თუ შეიძლება: ვინც შარშან ჩააბარა ქონების გადასახადის დეკლარაცია (ვისაც 40 000-დან 100 000 ლარამდე ჰქონდა შემოსავალი), წელს მათ დეკლარირება აღარ მოუწევთ, რადგან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები გათავისუფლდნენ, თუმცა მათ აუცილებლად უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი იმის შესახებ, რომ წელს დეკლარაციას აღარ აბარებენ. თუ განაცხადს არ წარადგენენ, პროგრამა ავტომატურად გადმოიტანს შარშანდელ გადასახადს და შემოსავლების სამსახური წელსაც დაარიცხავს მას. ეს ხდება არა შეგნებულად, არამედ პროგრამულად - სისტემა ისეა აწყობილი, რომ თუ შარშან დაადეკლარირე და წელს აღარ ადეკლარირებ, ავტომატურად გარიცხავს იმავეს. იმისთვის, რომ ეს ავტომატურად არ მოხდეს, მოქალაქეებს მაინც უწევთ RS-ზე შესვლა და მონიშნონ განაცხადი, რომ სარგებლობენ საგადასახადო შეღავათით და წელს დეკლარაციას აღარ წარადგენენ. ეს მათ დაიცავს იმისგან, რომ პროგრამამ ავტომატურად არ დაარიცხოთ გადასახადი.
- რამდენად სამართლიანი ან ეკონომიკურად გამართლებულია ქონების გადასახადის მიბმა ოჯახის შემოსავალზე და ასევე, ხომ არ ფლობთ ინფორმაციას ქონების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელთან დაკავშირებით, რომელზედაც მთავრობა მინიმუმ ოთხი წელია მუშაობს, მაგრამ ამ დრომდე განხილვებიც კი არ დაწყებულა?
- პირველ კითხვაზე გიპასუხებთ: ის, რომ დღეს შემოსავალი გაითვალისწინება როგორც გადახდის ვალდებულების წარმოშობისთვის, ისე გადასახადის ოდენობაზე, მიმაჩნია, რომ სწორია საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. როდესაც ადამიანს აქვს, პირობითად, ერთი საცხოვრებელი სახლი და არ აქვს შემოსავალი, ის იძულებული არ უნდა იყოს, აიღოს სესხი ან გაყიდოს ეს სახლი ქონების გადასახადის გადასახდელად. არსებობს ასეთი ტერმინიც: „ქონებით მდიდარი და შემოსავლით ღარიბი“ მოსახლეობა. საქართველოში არის ეს ტენდენცია, რადგან გვაქვს მემკვიდრეობით მიღებული ან მამაპაპისეული ქონება...
- თუმცა, კანონში შეიძლება ჩაიწეროს (როგორც სხვაგან არის), რომ ერთადერთი საცხოვრებელი არ იბეგრება, მაგრამ თუ პირს აქვს ორი-სამი ბინა და არ აქვს შემოსავალი, არ უნდა დაიბეგროს?
- ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს ოჯახის შემოსავლებს და ოჯახს გამოუვალ მდგომარეობაში არ აგდებს. შეიძლება გქონდეს ერთი, ორი ან სამი ბინა, მაგრამ თუ შემოსავალი არ გაქვს, კანონმდებელი არ აიძულებს მოქალაქეს, ისესხოს ფული ან გაყიდოს ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ქონება მხოლოდ შეძლებულ ფენას ექნებოდა, ხოლო ღარიბებს - არა, რაც არასწორი ლოგიკა იქნებოდა საქართველოსთვის… ქონების გადასახადი უპირობოდ მიბმულია ოჯახის შემოსავლებზე და არა ქონების რაოდენობაზე. ერთი ბინა გაქვს თუ ხუთი, თუ გადახდისუუნარო ხარ, ბიუჯეტი გადასახადს არ გადაგახდევინებს. ეს პრინციპი დღეს სწორია, ვიდრე ოჯახები ეკონომიკურად გაძლიერდებიან.
- ქონების გადასახადის რეფორმის ე.წ. “ესტონურ მოდელზე” რა ინფორმაციას ფლობთ - საერთოდ უარი ხომ არ თქვა მთავრობამ ამ მოდელზე ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდით?
- ამ თემაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა განმარტება, რომ მათ ქონების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღება დააყოვნეს იმ მიზეზით, რომ ადგილობრივ ბიუჯეტებს დააკლდებოდა მნიშვნელოვანი თანხა და არ იცოდნენ, საიდან დაებალანსებინათ ეს დანაკლისი, თუმცა მე მაშინაც აღვნიშნე, რომ მხოლოდ ბიუჯეტის დანაკლისზე კი არ არის საფიქრალი, არამედ იმაზეც, თუ როგორ გადანაწილდება დაბეგვრის ტვირთი გადამხდელებზე. ესტონეთში ქონება არ იბეგრება - იბეგრება მხოლოდ მიწა. საქართველოში კი ორივე იბეგრება. ვისაც ქონება აქვს, იმას თუ ვეტყვით, რომ ქონების კომპონენტში გადასახადს აღარ გადაიხდის, მიწის მფლობელები იმავეს გადაიხდიან?! რა თქმა უნდა, არა, რადგან ქონების კომპონენტის მექანიკურად ჩახსნითა და მხოლოდ მიწის დატოვებით ძალიან დიდი დეფიციტი შეიქმნება, ამიტომ, სავარაუდოდ, საუბარი იქნება იმაზე, რომ მიწის კომპონენტზე გადმოვიდეს მთელი ის ტვირთი, რაც ქონების კომპონენტს ჰქონდა. შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოქალაქეებს დაბეგვრის ტვირთი შეეცვლებათ. ვისაც დიდი ქონება და მიწა ჰქონდა და ბევრს იხდიდა, იმას ნაკლების გადახდა მოუწევს ვინაიდან ქონება აღარ დაებეგრებათ, ხოლო ვისაც მხოლოდ მიწა ან მიწა და დაბალი ღირებულების ან ცოტა ქონება ჰქონდა, იმას - მეტის, რომ ბალანსი შეივსოს. რეალურად, მიწის მფლობელებმა უნდა დააფინანსონ დიდი და ძვირად ღირებული ქონების მფლობელთა მიერ დაზოგილი თანხები.
- შესაძლოა, ამიტომაც აჭიანურებს მთავრობა რეფორმას?
- ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტებს აკლდება თანხა, თუმცა მე ვამბობ, რომ მხოლოდ ბიუჯეტის ინტერესები კი არ არის დასათვლელი, არამედ ისიც, თუ როგორ გადანაწილდება დაბეგვრის ტვირთი. ეს ტვირთი არსებითად ახლებურად გადანაწილდება და, შესაძლოა, დღეს ქონების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა სულაც არ იყოს მიზანშეწონილი.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- შარშანაც, როდესაც თქვენს გადაცემაში ვიყავი, იგივე ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო: საბოლოოდ, უნდა დავუსვათ წერტილი საგადასახადო კანონმდებლობაში მოულოდნელ სიურპრიზებს, მყისიერად ამოქმედებულ რეგულაციებსა და ექსპერტებთან ნულოვან კონსულტაციებს. ქონების გადასახადის პროექტის განმარტებით ბარათშიც კი პირდაპირ წერია, რომ ექსპერტებთან კონსულტაციები არ გავლილა. ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ ჩქარობდნენ, თუმცა, უკვე 3 წელია ამ ზღვრის გაზრდაზე მიდის საუბარი და რაღა მაინცდამაინც ახლა აჩქარდნენ?! ხომ შეიძლებოდა, ეს საკითხები წინასწარ განგვეხილა - თუნდაც ის თემები, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ ან კომიტეტზე ვაპირებ დაფიქსირებას და არ მომხდარიყო პროცესის ასე ჩაკეტვა?!
BM.GE
წყარო: bm.ge