
„დავაკვირდებით ევროკავშირს“ - საქართველო ციფრული ვალუტის ტესტირებას იწყებს|პაატა კვიჟინაძე
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში საქართველო ციფრულ ვალუტაზე მუშაობას ტესტურ რეჟიმში იწყებს.
როგორც დეპუტატი განმარტავს, პროცესი გულისხმობს ინფრასტრუქტურისა და კადრების მომზადებას, თუმცა ციფრული ლარის საბოლოო დანერგვის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
„გაუგებრობა რომ არ იყოს, ციფრული ეს არ ნიშნავს, რომ შემოდის ან ბანკებში, ან საწარმოებში, ან კერძო პირებში, მაგრამ ვიწყებთ ტესტურ რეჟიმში მუშაობას, რადგან ყველა წამყვანი ქვეყანა, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში და ევროკავშირიც მუშაობს“, - განმარტა კანონპროექტის თანაავტორმა.
პაატა კვიჟინაძის თქმით, საქართველო ყურადღებით დააკვირდება ევროკავშირის გამოცდილებას, სადაც ციფრული ვალუტის ეტაპობრივი დანერგვის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
„ევროკავშირი უკვე ძალიან წინ წავიდა. 2023 წელში მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეტაპობრივად ნერგავენ. მაგალითად, წელს დაიწყეს ევროკავშირის ეროვნულმა ბანკებმა ერთმანეთს შორის ურთიერთობა ციფრული ვალუტით და ნელ-ნელა საბითუმო და საცალოზე გადავლენ. 2030 წლამდე აქვთ ვადა. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიგვიღია. განსაკუთრებით დავაკვირდებით ევროკავშირში რა ხდება, თუმცა ჩვენც გვინდა, რომ ეს პროცესი დავიწყოთ. მომზადდეს კადრები, იყოს საშუალებები, რითაც ინფრასტრუქტურა შეიქმნას და ასე შემდეგ", - განაცხადა კვიჟინაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი ციფრული ლარის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და მისი გამოშვების ექსკლუზიური უფლების ეროვნული ბანკისთვის მინიჭებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, ციფრული ლარი ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება იქნება ნომინალური ღირებულებით, ხოლო მისი ემისია უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად აიკრძალება. ინიციატორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის სატესტო პროექტზე ძირითადად 2021-2024 წლებში მუშაობდა. 2025 წლის ნოემბერში ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ვარლამ ებანოიძემ BMG-ს განუცხადა, რომ გლობალურად ცენტრალური ბანკების მხრიდან ციფრული ფულის დანერგვის მიმართ ინტერესი შემცირებული იყო და საქართველოში პროექტი შესაძლოა აღარ განხორციელებულიყო.
BM.GE
წყარო: bm.ge