
დენის მასშტაბური გათიშვა და უწყებების დუმილი: რატომ არის სუს-ის გამოძიება რისკიანი|ენერგეტიკოსის ანალიზი
ენერგეტიკოს მურმან მარგველშვილის შეფასებით, 24 და 25 ივლისს, რამდენიმე საათით, მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის გამო, საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟი ინფორმაციული ვაკუუმის და არასწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შედეგია.
ენერგეტიკოსმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ვრცლად ისაუბრა, როგორ მუშაობს ქვეყნის ენერგოსისტემა, რას შეიძლება გამოეწვია დენის მასშტაბური გათიშვა, რატომ არ ასახელებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავარიის კერას და ზოგადად, რისი ცოდნის უფლება აქვს მომხმარებელს.
როგორც ცნობილია, 24 და 25 ივლისს ქვეყანაში დენის გათიშვის გამო, სუსმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დააანონსა სემეკმაც. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას კი, ჯერჯერობით, ავარიის კერაც არ დაუსახელებია. ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს.
„ხალხს სისტემური ჩაქრობები გადაავიწყდა“ - უწყებების სუსტი კომუნიკაცია
მურმან მარგველაშვილის თქმით, კარგია, რომ ქვეყანაში დენის სისტემური ჩაქრობა წარსულს ჩაბარდა, ამიტომ რამდენიმე საათიანი გათიშვა აჟიოტაჟს იწვევს, მაგრამ ენერგეტიკოსისთვის გაუგებარია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საკომუნიკაციო სტრატეგია.
"ჩემთვის, როგორც ენერგეტიკოსისთვის, მოულოდნელია ეს დიდი აჟიოტაჟი, რაც ფაქტის გარშემო შეიქმნა. ერთი მხრივ, ეს მიხარია, რადგან ხალხს გადაავიწყდა სისტემური ჩაქრობები... მაგრამ აჟიოტაჟი არის შედეგი არასაკმარისი საინფორმაციო მუშაობის. ინფორმაციის სწორად მიწოდება ნამდვილად შესაძლებელი იყო. არაფერი უშლიდა ხელს სახელმწიფო ელექტროსისტემას, რომ ელემენტარულად ეთქვა: აი, ჯერ ეს მოხდა, მერე - ეს და ახლა გვაქვს სისტემური ავარია,“ - აცხადებს ენერგეტიკის ექსპერტი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გასაჯაროვდა ინფორმაცია ავარიის კერის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში, მურმან მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ეს, სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიღების სისუსტეზე მიუთითებს.
"მიჩნდება შეგრძნება, რომ უბრალოდ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, რა თქვან და რა არ თქვან. ამას სხვას ვერაფერს მივაწერ... რაიმე ობიექტურ საფუძველს ვერ ვხედავ, რატომ არ შეიძლებოდა კარგი პრესრელიზის მომზადება, რომ მოსახლეობა არ აღელვებულიყო", - ამბობს ენერგეტიკოსი.
"წერტილთან" ინტერვიუში მურმან მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზე წლების განმავლობაში საჯარო 10-წლიანი განვითარების გეგმები ამჟამად მიუწვდომელია და წერია, რომ „მიმდინარეობს განახლება“, რაც ასევე, კითხვებს აჩენს.
საბოტაჟის მუხლი თუ საინჟინრო შეცდომა? - რატომ არის სუს-ის ჩარევა რისკიანი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებას ენერგეტიკოსი კრიტიკულად აფასებს. მურმან მარგველაშვილის თქმით, ენერგოსისტემა იმდენად რთული საინჟინრო მექანიზმია, რომ პირველ რიგში, პროფესიული, ტექნიკური გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„სუს-ის გამოძიება საინფორმაციო მოვლენად არის ქცეული... სუს-ის წარმომადგენლები ისედაც ყველა საჯარო უწყებასა და ენერგეტიკულ საწარმოში არიან. მშვიდად შეეძლოთ დაეწყოთ გამოძიება. ეს დარგი იმენად რთულია, რომ გარედან მისული მაკონტროლებლისთვის იმაში გარკვევა ადვილი არ არის - პროფესიონალებს უნდა ვენდოთ”, - განმარტავს ენერგეტიკოსი.
ექსპერტი შიშობს, რომ მძიმე მუხლით გამოძიების დაწყებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს სისტემის ოპერატორებსა და დისპეტჩერებზე.
"მეშინია, საბოტაჟის მუხლით რომ არის გამოძიება დაწყებული, რამდენად თავისუფლად მიიღებს გადაწყვეტილებას დისპეტჩერი საგანგებო მდგომარეობისას მომავალში? ხომ არ ექნება სულ იმის შიში, “ეს რომ გავაკეთო, ხომ არ დამამწყვდევენო”?! ჯერ პროფესიული, საინჟინრო გამოძიება უნდა ჩატარდეს. საბოტაჟი იქნებოდა, რომ იყოს საომარი ან საგანგებო მდგომარეობა... რატომ გააკეთებდნენ ამას ღამით და არა - მაშინ, როცა სისტემა ყველაზე დატვირთულია?!", - კითხვებს სვამს ენერგეტიკოსი.
როგორ მუშაობს ენერგოსისტემა და რას ნიშნავს, როცა ავარია ზედიზედ ორჯერ ხდება?
ენერგოსისტემის მუშაობის პრინციპების ახსნისას კი, მურმან მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მთელი ქსელი - ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები და მაღალი ძაბვის (500-კვ და 220-კვ) გადამცემი ხაზები 0 მუდმივ სინქრონიზაციაშია და იცავს სტანდარტულ 50 ჰერცის (Hz) სიხშირეს.
მისი განმარტებით, ენერგეტიკული სისტემა მუშაობს ოქროს წესით: N-1. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთი გენერატორი ან გადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშება (მაგალითად, მეხის დაცემის ან ხის შეხების გამო), ავტომატიკამ და სარელეო დაცვამ [სარელეო დაცვა - ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების მთავარი მექანიზმი, რომელიც ავტომატურად აღმოაჩენს დაზიანებებს ან გადატვირთვებს და თიშავს დაზიანებულ უბანს] მყისიერად უნდა გადაანაწილოს დატვირთვა რეზერვებზე ისე, რომ მომხმარებელმა ეს ვერც კი იგრძნოს.
"როდესაც სისტემური ჩაქრობა ხდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც დაზღვევამ ვერ მოახდინა ავარიის იზოლირება და მოხდა მისი კასკადური გავრცელება. მაგალითად, თუ თურქეთში ექსპორტზე მიმავალი 176-მეგავატიანი ხაზი გაითიშა, წარმოიშობა ენერგიის სიჭარბე, სიხშირე მიდის მაღლა. ამ დროს უნდა ჩაერთოს ავტომატიკა, რომ რომელიღაც აგრეგატი გამორთოს, ეს ზედმეტობა რომ მოხსნას. შეიძლება, ამ ავტომატიკამ დააგვიანა (არ ვიცით), შეიძლება ვერ გამორთო - თუ, რა თქმა უნდა, ეს სცენარი იყო.
შეიძლება, სულ სხვა სცენარი იყო - დივერსია არ არის გამორიცხული, რაკი საბოტაჟის მუხლით დაიწყო მუშაობა. შეიძლება, ყოფილიყო დარტყმა, რომელმაც რაღაც გამორთო, თუმცა მაგას არც აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის: ყველაზე დიდი ავარიაც რომ ყოფილიყო, რაც შეიძლებოდა საქართველოს ენერგოსისტემას დამართოდა, რამდენად დამაჯერებელია, რომ გათიშვა მოხდა ორი დღე ზედიზედ?! აი, ეს ორჯერ განმეორება არის სწორედ დამაფიქრებელი. შეიძლება, პირველად მოხდა ისეთი ავარია, რის შემდეგაც დროებითი სქემა ჩართეს, მერე ისევ გადართვა სცადეს, ამ დროს ხაზმა რაღაც ვერ დაიჭირა და პრობლემა მეორედაც განმეორდა”, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.
დაცვის მრავალდონიანი მექანიზმი ანუ როგორ რეაგირებს სისტემა ავარიებზე
„წერტილთან“ ინტერვიუში ენერგეტიკოსმა ვრცლად აღწერა ის მრავალდონიანი პროცესი, თუ როგორ რეაგირებს სისტემა ავარიულ სიტუაციებზე და რა იწვევს კასკადურ გათიშვებს.
"ავარიების დროს დაცვის რამდენიმე დონე მოქმედებს: უპირველესად დაცვის ავტომატიკა წამის მეათედებში გათიშავს დაზიანებულ უბანს, იმისთვის რომ დაზიანება არ გავრცელდეს ქსელის სხვა ნაწილზე ამავე დროს სისტემა აგრძელებს მუშაობას ავარიულ გარდამავალ რეჟიმში სადაც სიხშირის და ძაბვის და სხვა პარამეტრები დარღვეულია და ნორმის ფარგლებს გარეთ არის. ამ რეჟიმში მოქმედებს გენერატორების სიხშირული ავტომატიკა, რომელიც წამებში საჭიროებისამებრ ამცირებს ან უმატებს სიმძლავრეს გენერაციის რეზერვის გამოყენებით. პარალელურად, მოქმედებს სადისპეტჩერო, რომელმაც მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადაანაწილოს ტვირთი და გენერაცია და აღადგინოს სისტემის ნორმალური მუშაობა. სისტემური ავარია ხდება, როდესაც ამ პროცესში რომელიღაც რგოლი ან ქსელის ელემენტი ვერ ასრულებს სათანადოდ თავის ფუნქციას და ამ შემთხვევაში ავარია კასკადურად ვრცელდება მთელ ქსელზე. ძალოვანი დანადგარები გრძნობენ მათთვის საშიშ არასტანდარტულ პარამეტრებს და დაზიანების ასაცილებლად ავტომატურად ითიშებიან", - განმარტა მურმან მარგველაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ავარიის მთავარი გამომწვევი მიზეზი - ადამიანური/პროფესიული შეცდომა (არასაკმარისი გადაზღვევა) თუ ქსელში არსებული ინფრასტრუქტურული ხარვეზები და ინვესტიციების ნაკლებობა, ენერგეტიკოსი აღნიშნავს, რომ ენერგოსისტემაში აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს და ქსელს მუდმივი განვითარება სჭირდება.
"ქსელის გაძლიერება და პროფესიული განვითარება მუდმივად არის საჭირო, რადგან აბსოლუტური უსაფრთხოება უბრალოდ არ არსებობს. აი, მაგალითად, დიდი ხნის პრობლემაა "იმერეთის" 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი, რომლის გამორთვისას იქმნება საფრთხე, რომ დასავლეთ საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰესები - მათ შორის ენგურჰესი - გაეთიშოს სისტემას. ეს ყოველთვის პრობლემაა. მისი დამზღვევი 220-კილოვოლტიანი ხაზები ადრე ერთჯაჭვიანი იყო, ახლა გააძლიერეს და უკეთ იცავს, თუმცა რისკი მაინც რჩება. ასეთი რთული კერები ქსელში სხვადასხვა ადგილას კიდევ არის და მათ აღმოფხვრას ეტაპობრივი მუშაობა და ინვესტიციები სჭირდება", - განაცხადა ენერგეტიკოსმა.
BM.GE
წყარო: bm.ge