
დღეიდან, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდება. ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას.
უწყების ინფორმაციით, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.
ეს საქართველოს მონაკვეთზე სტრატეგიული საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალია და ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის პროექტის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს თურქეთისა და ევროპის სარკინიგზო ქსელთან აკავშირებს.
"ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად გახდა შესაძლებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge