
"დღეისთვის ექსპორტი მეტია, ვიდრე შიდა მოხმარება" - როგორია „ჩირინას“ გეგმები?
„ჩირინამ" წარმოება განაახლა და “ბიუ ბიუ”-ს ნედლი ქათმის ხორცის მაღაზიების უმეტესობა უკვე გახსნილია. როგორც BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა, აღდგა ექსპორტიც. კომპანია ქათმის ხორცს ამჟამად მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ყიდის და საექსპორტო გაფართოებას ჩინეთში განიხილავს.
საქმე ისაა, რომ წარმოებაში მიმდინარე გეგმური ტექნიკური განახლებისა და სარემონტო სამუშაოების გამო, "ბიუ ბიუ"-ს მაღაზიათა ქსელი, აგვისტოდან მოყოლებული, დროებით არ მუშაობდა. 30 ოქტომბრიდან კი ფილიალები ოფიციალურად გაიხსნა. როგორც რევაზ ვაშაკიძე ამბობს, გადაიარაღებას 4 მილიონ ლარამდე მოხმარდა.
რევაზ ვაშაკიძე იმედოვნებს, რომ ქათმის ნაწილების ჩინეთში ექსპორტის დაწყება წელს მოხერხდება.
"ექსპორტი მთლიანად აღდგა. მაგალითად, სომხეთში კვირაში დაახლოებით 160 ტონა ქათამი გაგვაქვს. ექსპორტის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე შიდა მოხმარება დღეისთვის. აზერბაიჯანშიც გაგვაქვს.
მარინირებული ფილე აქტიურად გაგვაქვს ბაქოში, დაახლოებით 60-65 ტონა. გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან, რომ იქაც გავიტანოთ.
ქათმის ნაწილების ჩინეთში ექსპორტზე ჯერჯერობით მიდის მოლაპარაკება და როდესაც დამთავრდება, მერე შეგვიძლია ქათმის ფეხების, თავის და ნაწილების გატანა. საჭირო არის ჩვენი კომპანიის რეგისტრაცია ჩინეთში და დღეისთვის არ არის დამთავრებული ეს პროცესი. წლის ბოლომდე, მე მგონი მოესწრება",- ამბობს „ჩირინას“ დამფუძნებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge