
დღეს საკონსტიტუციოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა - ვინ შეცვლის გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს?
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს თეიმურაზ ტუღუშს და გიორგი კვერენჩხილაძეს მოსამართლეობის ვადა ამოეწურათ. უკვე ცნობილია მათი შემცვლელებიც. გიორგი კვერენჩხილაძის შემცვლელი გოგა კიკილაშვილი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გასულ თვეში უკვე დანიშნა. რაც შეეხება თეიმურაზ ტუღუშს, მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი შეცვლის.
კვერენჩხილაძესა და ტუღუშს არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაუწერიათ განსხვავებული აზრი სასამართლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, რასაც სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიცია "რუსულ კანონს" ეძახდა. ტუღუში ასევე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. მოსამართლედ არჩევამდე ის წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი. რაც შეეხება კვერენჩხილაძეს, მოსამართლედ არჩევამდე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა.
"ამოიწურა ჩემი სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. ვიტყვი მხოლოდ ერთს - გავაკეთე რაც შევძელი, სხვამ უკეთ გააკეთოს”, - დაწერა Facebook-ზე გიორგი კვერენჩხილაძემ.
ორივე მოსამართლე საქმიანობას 2016 წლის ორ ოქტომბერს შეუდგა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან.
სასამართლოს დაკომპლექტება სამი შტოდან თანაბრად ხდება:
• 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; • 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი; • 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილი დანიშნა. კიკილაშვილი ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. მეთოფიშვილის დანიშვნაზე კი იმავე დღეს უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა განცხადება.
მეთოფიშვილი მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ მუშაობდა. 2021-2025 წლებში კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე. რაც შეეხება კიკალიშვილს, 2023 წლიდან ის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
BM.GE
წყარო: bm.ge