
დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის რვა სამშენებლო კომპანიას სანქციები დაუწესა - მიზეზი დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობებია
დიდმა ბრიტანეთმა სამშაბათს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობაში ჩართულ რვა ისრაელურ სამშენებლო კომპანიას სანქციები დაუწესა. ლონდონის განცხადებით, ეს ნაბიჯი კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით მოგვარების იდეის დაცვას ემსახურება - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
იმ კომპანიებს შორის, რომელთა აქტივებიც გაიყინა და რომელთა ხელმძღვანელებსაც დირექტორის პოსტის დაკავება აეკრძალათ, "Har Hevron Development Company Ltd", "Hemdat Shomron Ltd" და "S.A.G. (Velvel) Construction and Development Ltd" ხვდებიან, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე საცხოვრებელ სახლებს აშენებენ და დასახლებებს ავითარებენ.
მთავრობამ სანქციების პაკეტი ე.წ. E1 დასახლების პროექტის ტენდერის საბოლოო ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა. აღნიშნული პროექტი დასავლეთ სანაპიროს ორ ნაწილად გაყოფას და მის აღმოსავლეთ იერუსალიმისგან მოწყვეტას ითვალისწინებს, რაც იმ ტერიტორიის ფრაგმენტაციას გამოიწვევს, რომელიც პალესტინელებს მომავალი სახელმწიფოს ბირთვად მიაჩნიათ.
"ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის დაცვა ამ მთავრობის მიდგომის მთავარი ორიენტირია. სწორედ ამიტომ, ჩემი გზავნილი E1-თან დაკავშირებით მკაფიოა: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ტენდერებში, ნუ ააშენებთ და ნუ მიიღებთ მოგებას ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განადგურებისგან", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა.
ეს სანქციები ბრიტანეთის მიერ ისრაელის დასახლებების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ზომების გაგრძელებაა და ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ისრაელის მზარდ დიპლომატიურ იზოლაციაზე მიუთითებს.
ბრიტანეთისა და ისრაელის ურთიერთობები ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა, რაც "ჰამასის" წინააღმდეგ ომის წარმოების მეთოდებსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოების გეგმებს უკავშირდება.
სექტემბერში ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულოს დახურვითაც კი დაემუქრა ლონდონს მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელის დასახლებებზე სავაჭრო სანქციები დააწესა. გასულ თვეს ბრიტანელმა და ისრაელელმა დიპლომატებმა საკონსულოს დახურვის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას ბოლო მომენტში მიაღწიეს.
2025 წელს ბრიტანეთი შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც, ორი სახელმწიფოს პრინციპის წინ წამოწევის მიზნით, პალესტინის სახელმწიფო აღიარეს, სექტემბერში კი ლონდონმა დასავლეთ სანაპიროს ებრაული დასახლებებიდან იმპორტის დაბლოკვის გეგმა წარადგინა.
გასულ წელს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ორ ულტრამემარჯვენე წევრს - ითამარ ბენ-გვირსა და ბეზალელ სმოტრიჩს - და ისინი დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა.
თუკი წინა შეზღუდვები საერთაშორისო პარტნიორებთან იყო კოორდინირებული, სამშაბათს ისრაელის კომპანიების დასანქცირებისას ბრიტანეთმა დამოუკიდებლად იმოქმედა. ლონდონში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი აღნიშნულ კომპანიებს ფინანსებზე წვდომას შეუზღუდავს და დასავლეთ სანაპიროზე მშენებლობის გაგრძელებას შეაფერხებს.
BM.GE
წყარო: bm.ge