
იქამდე მივალთ, რომ საერთოდ ავტობიზნესს დავკარგავთ - ლაშა დარბაისელი რეექსპორტის ახალ მოსაკრებელზე
ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, ავტომობილების რეექსპორტის გაფორმებისთვის დაწესებული 450-ლარიანი მოსაკრებელი ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი დარგის ფინანსურ მდგომარეობას, კიდევ უფრო გააუარესებს.
როგორც ლაშა დარბაისელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რეექსპორტთან დაკავშირებული ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილის საკუთარ თავზე აღება ავტოიმპორტიორებს უწევთ, ახალი მოსაკრებელი კი მათ შემოსავლებზე კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება.
“დავიწყოთ იქიდან, რომ შეზღუდვები, რომლებიც გასულ პერიოდში იყო ისეთი როგორიცაა ავტომობილების წლოვანების მიხედვით შეზღუდვა, შემდგომ განბაჟების ტარიფის გაძვირება და ა.შ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახა დარგზე. დარგში რიცხვების კლების ტენდენციაა.
დღეს ამას ის ემატება, რომ რეექსპორტიც გაძვირდა და ეს ყველაფერი ავტოიმპორტიორის ხარჯზე ხდება. ანუ არც მყიდველი არ იხდის ამას და არც სხვა ვინმე გარეშე პირი. ამის გადახდა ქართველ ავტოიმპორტიორს მოუწევს. როდესაც სხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ავტომობილის შესაძენად, მყიდველი ავტომობილის შეძენისას დილერს როგორც წესი, ფასდაკლების გაკეთებას სთხოვს. ხშირად ავტოიმპორტიორს ამ ხარჯების დაფარვა თავად უწევს.
შესაბამისად, ქართველი ავტოდილერი დაკარგავს თანხას. მივალთ იქამდე, რომ საერთოდ დავკარგავთ ამ დარგს, ამ ბიზნესს. ისედაც ძალიან ბევრმა დატოვა ეს ბიზნესი და წავიდა საზღვარგარეთ ელემენტარული ლუკმა-პურის საძიებლად, იმიტომ რომ აქ მოგებას ვერ ნახულობდა. ვინმემ მილიონი და მილიარდები იშოვა ამ ბიზნესიდან რომ დღეს ასე ვაძვირებთ და ვაძვირებთ [მომსახურებას]? ბევრი კითხვა მაქვს”, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.
ცნობისთვის, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის გაფორმების 450-ლარიანი მოსაკრებელი 2026 წლის 16 ნოემბრიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ამოქმედდა.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, რეექსპორტის ოპერაციის გაფორმებისთვის მსგავსი ტიპის მოსაკრებელი აქამდე განსაზღვრული არ ყოფილა. ახალი რეგულაციით კი შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის 450 ლარის გადახდა გახდა საჭირო. ამასთან, რეექსპორტთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს შსს მომსახურების სააგენტოს მომსახურების საფასურსაც, რომელიც მანამდე საშუალოდ 600 ლარზე მეტი იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge