
თურქული Aselsan-ი საჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნის - კომპანიამ €523-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა
თურქულმა თავდაცვითმა კომპანია Aselsan-მა ახალი თაობის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად სახელმწიფო თავდაცვის მრეწველობის სამმართველოსთან €523 მილიონის ($585.3 მლნ) ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.
საჯარო ინფორმაციის პლატფორმა KAP-ზე გამოქვეყნებული განცხადებით, შეთანხმება კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს მოიცავს, თუმცა კომპანიას ახალი სისტემის სახელწოდება, კონფიგურაცია, განხორციელების ვადები, გადაჭერის მანძილი და სამიზნე რაკეტების კატეგორიები არ გაუსაჯაროებია.
ინფორმაციისთვის, ახალი შეთანხმება უკავშირდება თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაფართოების იმ პროცესს, რომელიც როგორც შეიარაღების მიწოდებას, ისე ადგილობრივი ტექნოლოგიების განვითარებას უნდა შეეხოს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 5 ოქტომბერს, Aselsan-მა ჰიბრიდული საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად €2.46 მილიარდის ($2.75 მლრდ) ღირებულების კონტრაქტებიც გააფორმა. ამ ნაბიჯებით ანკარა როგორც შეიარაღებულ ძალებში ბატარეების რაოდენობას გაზრდის, ისე სამომავლო ტექნოლოგიებს დააფინანსებს.
რაც შეეხება ტექნიკურ პრიორიტეტებს, ისინი Aselsan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმეთ აქიოლმა ჯერ კიდევ თებერვალში, სააგენტო Anadolu-სთვის მიცემულ ინტერვიუში განსაზღვრა.
მან აღნიშნა, რომ კომპანია სამიზნეების აღმოჩენისა და განადგურების მანძილის გაზრდას, სისტემა Siper-ის ახალი ვერსიების განვითარებასა და დრონების გუნდებთან ბრძოლის გაუმჯობესებას გეგმავს. აქიოლის თქმით, სამუშაოები რადარებისა და მართვის სისტემების გაფართოებასაც მოიცავს. ეს მიმართულებები თავდაცვის სხვადასხვა დონეს, მათ შორის, მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიებას და შორ მანძილზე სამიზნეების გადაჭერას ფარავს.
BM.GE
წყარო: bm.ge