"დიფ სთეითის ხელი ურევია თუ გაუგებრობაა, მალე გაირკვევა"|კობახიძე - რუსეთის მიერ ქართული კომპანიების სანქცირებაზე
ირაკლი კობახიძე რუსეთის მიერ 7 ქართული კომპანიის ღვინის იმპორტის აკრძალვას "დიფ სთეითის" შესაძლო გავლენებს უკავშირებს.
"ვისი ხელი ურევია ამ ყველაფერში, - დიფ სთეითის ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა, ძალიან მალე გაირკვევა",- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრემიერმა.
კერძოდ, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ "ევროპის მსგავსად, რუსეთშიც საშუალო რგოლი დიფ სთეითის გავლენის ქვეშ იყოს". პრემიერმა რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს "ამ ყველაფრით დაინტერესებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ" მოუწოდა.
"ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს. კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებთ, არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის - საქართველოს წინააღმდეგ. ამას მიჩვეულები ვართ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. და შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი იყო ასევე საქართველო სააკაშვილის პირობებში: სააკაშვილის დროსაც გვახსოვს, რა ხდებოდა - მოსყიდული იყო ჩვენი ე.წ. ხელისუფლება და ამ მოსყიდვის გამო ისინი პირდაპირ დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. და არგუმენტები მაშინაც არსად იყო. ამ შემთხვევაში ვხედავთ იმავე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება, მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული. ხელწერა არის ზუსტად იგივე - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს [სასანქციო] სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტუირად რეალური შეიძლება, იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება,“- აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია და ამტკიცებს, რომ ეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ ნიშნავს.
"დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად. ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი [გიორგი ზურაბაშვილი]. თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიფსთეითი, არამედ ხაზი განისაზღვრება ობიექტური რეალობის და ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.
აბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა ღვინის 7 კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში - ირაკლი კობახიძე
